$1 = 1.75-დან $1 = 2.88-მდე – რას ამბობდნენ და რით ხსნიდნენ მთავრობის წევრები ლარის გაუფასურებას

$1 = 1.75-დან $1 = 2.88-მდე – რას ამბობდნენ და რით ხსნიდნენ მთავრობის წევრები ლარის გაუფასურებას

ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ლარის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და ერთი დოლარის ღირებულება 1.75 ლარი გახდა, მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობდა, რომ “კურსის გაუფასურება არ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი”. 

ლარის კურსმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება 2014 წელს დაიწყო. მას შემდეგ ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით, 1 ლარით და 15/20 თეთრით გაძვირდა. ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა გასულ თვეს და ერთი დოლარის ღირებულება 2.88 თეთრი გახდა. Forbes გთავაზობთ, 2014 წლიდან დღემდე მოყოლებული, მთავრობის წევრების, მინისტრებისა და მათი მოადგილეების განცხადებებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

2014 წელი, თებერვალი / 1$=1,75

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა, ყველა ეკონომიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორი მეტყველებს იმას, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება არ იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი.”

2014 წელი, დეკემბერი / 1$=1,84

გიორგი კვირიკაშვილი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

“მოვუწოდებ ყველას, რომ არ იყოს პანიკა, იმიტომ რომ პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს და არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის”.

2014 წელი, დეკემბერი / 1$=1,89

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“ლარის კურსი დასტაბილურდა და ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს.”

2015 წელი, იანვარი / 1$=1.99

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“დოლარის მიმართ პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ამ თვალსაზრისით, ლარი ინარჩუნებს გარკვეულწილად პოზიციებს.”

2015 წელი, იანვარი / 1$=2.01

ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი

“მოგონილი თემაა ესეც, არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ლარი აჩვენებს იმას, რომ ცოცხალი ორგანიზმია და ჯანმრთელი ორგანიზმია.”

 

2015 წელი , თებერვალი / 1$=2.23

ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერ-მინისტრი

“მთელი მთავრობა მობილიზებულია, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან და მიმაჩნია,რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ის ისტერიკა. განსაკუთრებით ეს მედია საშუალებებს გეხებათ.”

2015 წელი, მარტი / 1$=2.23

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ვერ მივიღეთ. შიდა ძვრები, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა “შოკუნიები”. ეს პატარა ასე ვთქვათ “შოკუნიები” არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო.”

2015 წელი, აპრილი / 1$=2.28

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“ამასთან დაკავშირებით, მუშაობს ეროვნული ბანკი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია, გვაქვს კომუნიკაცია.”

2015 წელი, აპრილი /1$=2.32

გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

“ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს.”

2015 წელი, მაისი/ 1$=2.36

გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

“აუცილებლად მოხდება დასტაბილურება. მე როგორც ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ამით შეწუხებული ვარ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დარმწუნებული ვართ იმაში, რომ საშუალოვადიან პერსპექტიკვაში ეს იქნება აუცილებლად პოზიტიური ტენდეცია.” 

2015 წელი, აგვისტო/ 1$=2.41

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

“სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციური ფსიქოლოგიური ფაქტორი.”

2015 წელი, აგვისტო /1$=2.41

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“ეს არის დროებითი მოვლენა და ადგილი აქვს გარკვეულ სპექკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და აცილებლად კურსი დასტაბილურდება”.

2015 წელი, სექტემბერი/1$=2.44

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი

“როგორც ეროვნულ ბანკის, ასევე ფინანსთა სამინსიტროს პროგნოზებით, ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში”.

2016 წელი, იანვარი/ 1$=2.46

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტი

“დამატებით დაწოლას არ მოველით ლარზე, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.”

2016 წელი, იანვარი /1$=2.46

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

“აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა”.

2016 წელი, სექტემბერი/ 1$=2.33

დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოძრავი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური.”

2016 წელი, ოქტომბერი/1$=2.35

ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრი

“მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი.”

2016 წელი, ნოემბერი/1$=2.48

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესითაა პრინციპში განპირობებული”.

2016 წელი, დეკემბერი/1$=2.61

გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე

“არ დაიჯეროთ ყველაფერი კარგად იქნება”

2016 წელი, 16 დეკემბერი/ 1$=2.66

კახი კალაძე

“ლარის კურსის ვარდნა არ არის გამოწვეული საქართველოში, შიგნით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.”

2017 წელი, ნოემბერი / 1$=2.62

გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი

“განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ჩვენს კურსზე.”

2018 წელი, აპრილი / 1$=2.39

დიმიტრი ქუმსიშვილი

“მაკროეკნომიკურ ფუნდამენტში გვაქვს გაუმჯობესება. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი. ტურიზმი არის ერთ-ერთ მიზეზი. მაკროეკონომიკურ ფუნდამენტში იგივე პერიოდთან შედარებით ჩვენ გვაქვს 200 მილიონი დოლარით ნაკლები ზეწოლა ჩვენს ვალუტაზე.”

2018 წლი ივნისი/1$=2.45

დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი

“არსებობს ჩამოყალიბებული გეგმა სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მიჰყვება, მათ შორის გარკვეული საკანონმდებლო პაკეტი უკვე არის დღეს პარლამენტში.”

2018 წელი, ივნისი / 1$=2.45

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

“მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც კურსს დააფიქსირებდა, მოსახლეობას შეიძლება იმ მომენტში გაუადვილდებოდა ყოფა, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს, ვერ მივიღებდით ეკონომიკურ პოლიტიკას.”

2019 წელი, ივნისი / 1$=2.77

ივანე მაჭავარიანი, ფინანსთა მინისტრი

“ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი პარამეტრები, მოკლევადიანი რყევები რაღაც პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ იარსებებს.”

2019 წელი, 2 ივლისი / 1$=2.8225

ირაკლი კოვზანაძე , პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე

“არცერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი ჩვენი გაუარესებული არ გახლავთ. მაგრამ მოგეხსნებათ არსებობს გარკვეული მოლოდინები.”

2019 წელი, 3 ივლისი/ 1$=2.8237

ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი:

“მოლოდინები არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლეც მოკლევადიან პერსპექტივაში მოქმედებს ლარის კურსზე, თქვენ თავად ბრძანეთ რომ ერთი კვირის წინ იყო სხვა, შემდეგ ეხლა გამყარდა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *