1-ელ ოქტომბერს, „მონოჰოლში“ Konka Jazz-ის ორგანიზებით, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების – ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ არტისტებს მრავალწლიანი მეგობრობა და არაერთი კოლაბორაცია აკავშირებთ, მათი ერთობლივი კონცერტი აქამდე არასდროს ჩატარებულა. თუმცა ამჯერად, სპეციალურად 1-ელი ოქტომბრისთვის, ბექა გოჩიაშვილი და ნინო ქათამაძე საკონცერტო პროგრამას მოამზადებენ და როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ კომპოზიციებს შეასრულებენ. მათთან ერთად სცენას დაიკავებენ მუსიკოსები: ზაზა ცერცვაძე და ლევან დეისაძე.
საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ლუკა თოფურიას ტრიო შემადგენლობით: კლავიში – ლუკა თოფურია, ბასი – ხატია ქორიძე, დრამი – გიო კაპანაძე.
“ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩემი და ნინოს მუსიკის საერთო სიყვარულს ემსახურება და მჯერა რომ ძალიან საინტერესო კონცერტი გველოდება ჩვენც და მსმენელსაც. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ულიმიტო ფანტაზიის თავისუფლებაში ვენდობით ერთმანეთს რაც საბოლოოდ კრავს ყოველთვის ყველაფერს მუსიკაში. ვიქნებით ისეთ მუსიკალურ მოგზაურობაში და ზონაში, სადაც მსმენელი/მაყურებელიც შემოგვიერთდება!”, – ბექა გოჩიაშვილი.
„ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ასეთი შესანიშნავი პროექტის ნაწილი ვიყო. დარწმუნებული ვარ მსმენელიც კმაყოფილი დარჩება ჩვენი კოლაბორაციით. ბექა არაჩვეულებრივი მუსიკოსია და მისი ნიჭი მართლაც გამორჩეული და უსაზღვროა. ვფიქრობ, ერთად ვიპოვეთ სწორედ ის მუსიკალური გადაკვეთა, რაც ძალიან გვინდა ქართველს მსმენელს გავუზიაროთ“, – ნინო ქათამაძე.
Konka Jazz ღონისძიებების სერიაა, რომელსაც ჯაზ კაფე – კონკას ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. მისი მიზანია ჯაზის, როგორც მუსიკალური მიმართულების პოპულარიზაცია, ამ სფეროში მოღვაწე მუსიკოსების ხელშეწყობა და მსმენელისთვის განსხვავებული პროგრამების/კოლაბორაციების შეთავაზება.
ჯაზ კაფე კონკა 2010 წელს დაფუძნდა და ძველ თბილისში (სიონის ქ.8) მდებარეობს. კონკას მიზანია, ერთი მხრივ, ქმნიდეს სასიამოვნო გარემოს ჯაზის მოყვარულთათვის, მეორე მხრივ კი, ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებს სთავაზობს პლატფორმას მსმელებთან შეხვედრისა და საკუთარი შემოქმედების გაზიარებისთვის. კვირაში რამდენჯერმე, კონკაში იმართება ჯაზ საღამოები ქართული ბენდების მონაწილეობით და ჯემსეშენები სხვადასხვა მუსიკოსების ჩართულობით. კონკას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თბილისში ჯაზის, როგორც მუსიკალური მიმართულების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობაში.
„ჩვენი გუნდი მზად არის მრავალწლიანი გამოცდილება ახალი პროექტის Konka Jazz-ის განვითარებისთვის გამოიყენოს და მსმენელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის მუსიკალური ღონისძიებები. ასეთი პირველი მასშტაბური ინიციატივა სწორედ ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის პირველი ერთობლივი კონცერტია. დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი პროგრამა და მოსული სტუმრებისთვის შექმნილი საუკეთესო გარემო საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს“, – აღნიშნავს Konka Jazz-ის ორგანიზატორი – მირო კულულაშვილი.
ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
კონცერტის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
დატოვე კომენტარი