10 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო პროგრამა

10 ყველაზე ძვირად ღირებული სახელმწიფო პროგრამა

2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიარდ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. აღნიშნული თანხა სხვადასხვა პროგრამაზე ნაწილდება, რომელთა შესრულებაზე სახელმწიფო დაწესებულებები არიან პასუხისმგებელი, ძირითადად – სამინისტროები. პროგრამების მიხედვით ფულის დახარჯვა სწორი მიდგომაა, რადგან თითოეულ პროგრამას თავისი მიზნები აქვს და ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვით სწორედ ეს მიზნები უნდა იქნას მიღწეული. სხვა საკითხია, საქართველოს რეალობაში რამდენად სწორად იგეგმება პროგრამები და რამდენად ეფექტიანად ვაღწევთ მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაწესებულებები ფულს პროგრამების მიხედვით ხარჯავენ, ხშირ შემთხვევაში, ეფექტიანობის ნაცვლად, მთავარი მიზანი გამოყოფილი დაფინანსების სრულად ათვისება, ანუ გეგმის 100%-ით შესრულებაა. ეს არაჯანსაღი და მოძველებული მიდგომაა.

გაგაცნობთ ათ პროგრამას 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლებზეც წელს ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება. ათივე პროგრამაზე ჯამში თითქმის ბიუჯეტის ნახევარი – 8.8 მილიარდი ლარია გამოყოფილი.


10. მეწარმეობის განვითარების პროგრამა – 302 მლნ ლარი

მეწარმეობის განვითარების პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამაა, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. მის ადმინისტრირებაში 50 ადამიანია ჩართული. პროგრამის თანხა ძირითადად ორ ქვეპროგრამაზე ნაწილდება – 1. მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე (34 მლნ ლარი) და 2. კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებზე (265 მლნ ლარი).

კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ღონისძიებები მოიცავს: კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას (165 მლნ ლარი), საკრედიტო საგარანტიო სქემას (50 მლნ ლარი), სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას (35 მლნ ლარი) და მიკრო- და მცირე მეწარმეებისთვის მცირე გრანტების გაცემას (15 მლნ ლარი).

2020 წელს მეწარმეობის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად 477 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


9. თავდაცვის მართვის პროგრამა – 340 მლნ ლარი

თავდაცვის მართვის პროგრამა თავდაცვის სამინისტროს პროგრამაა, რომელიც ქართული ჯარის შენახვას და ძირითადი მიზნების შესრულებას მოიცავს. მასში 37,893 ადამიანია ჩართული.

2020 წელს თავდაცვის მართვის პროგრამისთვის 327 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

 


8. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა- რეაბილიტაციის პროგრამა – 349 მლნ ლარი

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამაა. მის განხორციელებაში ასევე ჩართული არიან სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი 349 მლნ ლარიდან 163 მლნ ლარი დონორების დაფინანსებაზე მოდის. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობაა.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 206 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


7. კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვის პროგრამა – 400 მლნ ლარი

კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის მართვის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაა. მის განხორციელებაში ასევე ჩართული არიან სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“. პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი 400 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარი დონორების დაფინანსებაზე მოდის. პროგრამის მთავარი მიზანი COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფაა.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 239 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


6. საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამა – 585 მლნ ლარი

საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამაა და მის განხორციელებაში სამინისტროს სხვადასხვა ორგანოდან 20,936 თანამშრომელია ჩართული. პროგრამის მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენცია, დანაშაულზე სწრაფი რეაგირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მართლწესრიგი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენაა. ასევე, მისი მიზანი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება და უცხო ქვეყნებში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით რეადმისიის შესახებ შეთანხმებების აღსრულებაა.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 575 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


5. მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა – 800 მლნ ლარი

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაა, მისი განმახორციელებელი კი სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოა“. პროგრამის მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისადმი ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მოიცავს გეგმურ და გადაუდებელ ამბულატორიულ, სტაციონარულ და ქირურგიულ მომსახურების, ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპიის, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსებას; ასევე, ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფების (სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები და სხვა) ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

2020 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 802 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა რეალურად 964 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებას გამოყოფილი წლიური დაფინანსება არასდროს ყოფნის და წლის განმავლობაში მისი ბიუჯეტი იზრდება.


4. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების პროგრამა – 816 მლნ ლარი

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაა, მისი განმახორციელებელი კი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოა“. პროგრამის მთავარი მიზანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების (დაახლოებით 525,000 ბენეფიციარი) და მიზნობრივი ჯგუფების (დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირები, შშმ პირები, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სხვა) სოციალური დახმარებაა.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 793 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


3. სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამა – 1,030 მლნ ლარი

სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაა. მის განხორციელებაში სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან და სხვადასხვა სსიპ-დან 111 ადამიანია ჩართული. პროგრამიდან ფული ძირითადად სასკოლო განათლებაზე იხარჯება, რადგან სკოლამდელი განათლება მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება. პროგრამის მთავარი მიზანი ზოგადი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაა. ყველაზე მეტი თანხა – 894 მლნ ლარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვისაა გამოყოფილი, სკოლებზე ვაუჩერული სისტემით ნაწილდება. 43 მლნ ლარია გამოყოფილი „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ქვეპროგრამაზე, 26.3 მლნ ლარი – მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაზე, 19 მლნ ლარი – უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაზე, 16 მლნ ლარი – ზოგადი განათლების რეფორმაზე, 13.5 მლნ ლარი – საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე და ა.შ.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 907 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


2. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა – 1,532 მლნ ლარი

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროგრამაა, მისი განმახორციელებელი კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია. პროგრამისთვის გამოყოფილი 1,532 მლნ ლარიდან 700 მლნ ლარამდე დონორების დაფინანსებაზე მოდის. მისი მიზანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალებისა და საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობაა. პროგრამა ორ მსხვილ ქვეპროგრამას მოიცავს: 1. საავტომობილო გზების მშენებლობასა და მოვლა-შენახვას და 2. ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას. გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვისთვის 671 მლნ ლარია გამოყოფილი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის კი 853 მლნ ლარი. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა – 280 მლნ ლარი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობისთვისაა გამოყოფილი.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 1,198 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


1. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამა – 2,600 მლნ ლარი

საქართველოს ბიუჯეტიდან ყველაზე მსხვილი თანხა – 2.6 მილიარდი ლარი პენსიის გაცემაზე იხარჯება. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაა, მისი განმახორციელებელი კი სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოა“. პროგრამის მთავარი მიზანი საპენსიო ასაკის პირების (ქალები – 60 წლიდან, კაცები – 65 წლიდან) პენსიითა და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის მუშაკების, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატებისა და სხვა) პირების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაა. 2021 წლიდან 70 წლამდე პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზარდა და 240 ლარს გაუტოლდა, 70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია კი 25 ლარით გაიზარდა და 275 ლარს გაუტოლდა. საქართველოში 800 ათასამდე პენსიონერი და სპეციფიკურ კატეგორიებში შემავალი 22 ათასამდე კომპენსაციის მიმღები პირია.

2020 წელს აღნიშნული პროგრამისთვის 2,230 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.


 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *