მოწყვეტილი მეტეორის მსგავსად მწვერვალზე აღმოჩენა ძალიან ლამაზი ამბავია, მაგრამ რეალობას არ შეესაბამება. დაბრკოლებებისა და წარუმატებლობის გადალახვა მიღწეული წარმატების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ასეთი გამოცდილებებიდან მიღებულ ცოდნას ეფუძნება ჩვენი ცხოვრებისეული გაკვეთილები. ძალიან გამიმართლა, როდესაც ერთ-ერთ წვეულებაზე ჯილიან ზოი სეგალს შევხვდი. მან თავისი წიგნი Getting There: A Book of Mentors.-ი (წარმატების მიღწევა: მენტორთა წიგნი) მაჩუქა. მე ერთგვარად შევაჯამე ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებიც სეგალის მიერ გამოკითხულმა საქმიანმა ქალბატონებმა მიიღეს წარმატების მწვერვალამდე მიმავალ გზაზე.
1. მარცხი ნუ შეგაშინებთ
“თუ თქვენ არასოდეს განგიცდიათ მარცხი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საკმარისად არ ცდილობდით”, – ამბობს ყოფილი სუპერმოდელი კეიტი აირლენდი, რომელიც ნამდვილი ბიზნესმაგნატი გახდა. მარცხი ჩვენი საუკეთესო გაკვეთილია. მაგრამ მარცხის პერსპექტივა მრავალ ჩვენგანს
აფერხებს და არ აძლევს საშუალებას, წავიდეს იმ რისკზე, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს. წარუმატებლობაში არაფერია სასირცხვილო. თუკი მარცხი განიცადეთ, მოახდინეთ სწრაფი რეაგირება, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ და მცდელობა გააგრძელეთ.
2. იმისათვის, რომ სხვებისაგან გამორჩეული იყოთ, გარისკეთ და გააკეთეთ რაიმე ახალი და განსხვავებული
რეიჩელ ზოიმ თავისი კარიერა ჟურნალ YM-ში მოდის თანაშემწედ მუშაობით დაიწყო და ისეთი მეგავარსკვლავების პირადი სტილისტი გახდა, როგორებიც არიან კამერონ დიასი, კეიტ ჰადსონი, კირა ნაიტლი და სხვანი. უჩვეულო, მოულოდნელი და ზოგჯერ საკამათო იერი, რომელსაც რეიჩელი თავისი კლიენტებისათვის ქმნიდა, ძალიან გამართლებული რისკი აღმოჩნდა. თავისი გამბედაობის წყალობით რეიჩელმა სულ უფრო მეტი კლიენტი მიიზიდა. რეიჩელის მიერ შექმნილი იერი ყოველთვის როდი ამართლებდა, მაგრამ მისი კლიენტები მზად იყვნენ, გაერისკათ.
ცნობილ ადამიანებს სულ უფრო ხშირად უღებენ ფარულ ფოტოებს მათი ნებართვის გარეშე და შემდეგ ამ ფოტოებს ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებენ. როდესაც ეს პრაქტიკა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ზოის ბიზნესი გაფართოვდა. მან თავის კლიენტებს შესთავაზა მათ ყოველდღიურ ჩაცმულობაზე ზრუნვა. ზოიმ გამოუშვა მზა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სამკაულების საკუთარი ხაზი. მან ასევე გამოაქვეყნა ორი წიგნი, გახდა საკუთარი სატელევიზიო შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი, დააარსა ციფრული მედიაკომპანია და მოდური ონლაინგვერდი სახელწოდებით Zoe Report-ი.
3. თქვენს გონებაში ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რისი მიღწევაც გსურთ
კომპანია SPANX-ის დამაარსებელი სარა ბლეიკლი საკუთარი წარმატების ძალიან ძლიერ და ამავდროულად მარტივ საშუალებად ვიზუალიზაციას მიიჩნევს. სარა სატელეფონო მარკეტინგის კომპანიაში მუშაობდა და ფაქსის აპარატებს ყიდდა. მან გონებაში წარმოიდგინა, რომ ყიდდა ისეთ რამეს, რაც თავად შექმნა და რაც მისთვის რეალურად საინტერესო იყო. მისი ვიზუალური წარმოდგენა სავსე იყო კონკრეტიკით. იგი ამ ყველაფერს საკუთარ დღიურშიც კი იწერდა.
ერთ დღეს სარამ თავისი კოლგოტები გადაჭრა და ტანზე მომდგარი თეთრი შარვლის ქვეშ ჩაიცვა. დაინახა თუ არა, როგორ კოხტად გამოიყურებოდა მისი უკანალი ამ გადაჭრილი კოლგოტის წყალობით, იგი უმალ მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ბიზნესიდეა იყო, რომელსაც იგი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
4. გაუზიარეთ თქვენი იდეები იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენი დახმარება შეუძლიათ და მოერიდეთ სკეპტიკოსებს, რომლებიც მხოლოდ პესიმისტურ რჩევებს მოგცემენ
მეგობრებსა და ოჯახის წევრებს თქვენ უყვარხართ და არ სურთ თქვენი წარუმატებლობა, მაგრამ თუ ისინი ვერ ჩასწვდენ თქვენი იდეის არსს, მათ უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე დახმარება, განსაკუთრებით – დასაწყისში, როდესაც თქვენ თავადაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ გაქვთ თქვენი იდეა. სარა ბლეიკლიმ ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ შეინახა თავისი იდეა, სხეულისათვის ფორმის მიმცემი თეთრეული ეწარმოებინა.
როდესაც თავისი იდეა ოჯახის წევრებს გაანდო, პასუხად შემდეგნაირი კომენტარები მიიღო: “ძვირფასო, ეს რომ კარგი იდეა იყოს, მას ხომ მსხვილი კომპანიები უკვე განახორციელებდნენ?” ან “მან წარმატებაც რომ მოგიტანოს, მსხვილი მწარმოებლები მაშინვე ჩაგძირავენ”. მიუხედავად ამ პესიმისტური კომენტარებისა, სარამ ამ საქმის შესწავლას, სახელწოდების დაპატენტებასა და შეფუთვის შექმნას ერთი წელი მოანდომა. გარშემომყოფების ეჭვებმა სარას თავდაჯერებულობას ვერაფერი დააკლო – მან თავისი საქმე ბოლომდე მიიყვანა.
5. არასოდეს მიიღოთ “არა” როგორც პასუხი
წარმატების მისაღწევად სარა ბლეიკლის პროტოტიპის შექმნა სჭირდებოდა. სარა რამდენიმე ქარხანას დაუკავშირდა და აღუწერა მათ, რის წარმოებაც სურდა. მისი იდეა სასაცილოდ არ ეყოთ. არც ამას შეუჩერებია სარა. იგი ჩაჯდა თავის მანქანაში და თავად ეწვია სხვადასხვა ქარხანას, სადაც მას მანამდე უარი უთხრეს. სარა უკვე ფიქრობდა, რომ ეს მოგზაურობაც წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ მას რამდენიმე კვირაში დაუკავშირდნენ. ერთ-ერთი ქარხნის მფლობელი მისმა სამმა ქალიშვილმა დაარწმუნა, რომ გადაჭრილი კოლგოტების იდეა ყურადღებას იმსახურებდა.
როგორ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა, როდესაც პასუხად ამდენ “არას” ვიღებთ? “მე შემხვედრია 99 კრიტიკულად განწყობილი ადამიანი და თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისი იყო, ერთი ადამიანისაგან მიმეღო პოზიტიური შეფასება რომ ჩემს მცდელობას ვაგრძელებდი”, – ამბობს Teach for America-ს დამაარსებელი ვენდი კოპი.
6. ფიზიკური თავდაჯერებულობა ემოციურ თავდაჯერებულობას განაპირობებს
ახალგაზრდობისას ფიტნესის ექსპერტს – ჯილიან მაიკლს სიმსუქნის გამო დასცინოდნენ. დედამ იგი საბრძოლო ხელოვნების წრეში ჩაწერა. ჯილიანმა საბრძოლო ხელოვნების სერიოზულად აღქმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მასწავლებელი გაგდებით დაემუქრა. მეორე ხარისხის ლურჯი ქამრის მოსაპოვებლად ხელით ორი ხის დაფა დაამტვრია და სკოლაშიც თავდაჯერებული გაემართა. ამის შემდეგ აღარავის უცდია მისი დაცინვა.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ, ვინც აუდიტორიის წინაშე წარდგომისას ნერვიულობს, მანამდე ე.წ. “სუპერქალის” პოზის მიღებას ურჩევენ.
7. ენდეთ თქვენს ინტუიციას
ჯილიან მაიკლის ყველა წამოწყება როდი იყო წარმატებული. მან შექმნა რეალიტი-შოუ სახელწოდებით “წონის დაკლება”. მას თავად არასოდეს ხიბლავდა ის იდეა, რომ 150-დან 180 კილომდე წონის ადამიანებს მხოლოდ ექვსი კვირა ჰქონდათ წონის დასაკლებად. მიუხედავად ამისა, ჯილიანი შიშობდა, რომ თუ ამ შესაძლებლობით არ ისარგებლებდა, სხვა შანსი აღარ მიეცემოდა. სატელევიზიო შოუ წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯილიან მაიკლმა კარგი გაკვეთილი მიიღო: “ყოველთვის ენდე საკუთარ ინტუიციას”.
8. გამოსავალი ყოველთვის არსებობს
როდესაც დაბრკოლებას წააწყდებით, შეეცადეთ მის გადალახვას. ჯილიან მაიკლი გვირჩევს: “თუ თქვენი პროდუქციის გაყიდვაზე უარს მიიღებთ, თავად სცადეთ მისი გაყიდვა ინტერნეტით”. თუ არ გაქვთ საშუალება, საკუთარი სატელევიზიო შოუს საშუალებით მიაწვდინოთ თქვენი გზავნილი ხალხს, ატვირთეთ საკუთარი ვიდეო YouTube-ზე ან iTunes-ზე. ყოველთვის არსებობს სხვა საშუალება ან გზა მიზნის მისაღწევად. გააგრძელეთ სვლა თქვენი მიზნისაკენ, ვიდრე მისი მიღწევისათვის საჭირო გზას არ იპოვით.
9. მოახდინეთ თქვენი იდეისადმი ერთგულების დემონსტრირება
ვენდი კოპმა ბევრ ადამიანს მიმართა, რათა თავისი სოციალური წამოწყებისათვის დაფინანსება მიეღო, მაგრამ მას თავიდანვე მიზანში ჰყავდა ამოღებული ერთი კონკრეტული პიროვნება – როს პერო. ეს უკანასკნელი სათავეში ედგა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ტეხასის შტატის სკოლებში განათლების სისტემის გაუმჯობესებას. ვენდი კოპი კი თავად დალასიდან იყო.
როს პეროს არც მის სატელეფონო ზარებისათვის და არც წერილისათვის უპასუხია, ვიდრე ვენდი კოპმა არ აჩვენა მას კოლეჯის სტუდენტთა მზაობა, ამ პროგრამაში ჩაწერილიყვნენ. ვენდის პირველ კამპანიას 2,500 მსურველი გამოეხმაურა და ის მედიის მიერ ფართოდ იქნა გაშუქებული. საბოლოოდ როს პერო დათანხმდა მისთვის $500,000-იანი გრანტის გაცემას იმ პირობით, რომ ვენდი დანარჩენ დაფინანსებას სხვა წყაროებიდანაც მიიღებდა. ამ გრანტმა ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა. მისი წყალობით გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ენდო ვენდის წამოწყებას და დარჩენილი საჭირო თანხები გაიღო პროგრამისათვის სახელწოდებით “ასწავლე ამერიკისათვის” (Teach for America).
10. ეშმაკი დეტალებშია დამალული
ბევრს მიაჩნია, რომ წარმატება აუცილებლად გულისხმობს რაღაც გრანდიოზულ იდეას, გამოგონებას ან შესანიშნავი სამსახურის პოვნას. ტომას ედისონს ეკუთვნის ერთი არაჩვეულებრივი გამონათქვამი: “გენიალობა არის 1% შთაგონება და 99% ოფლი”. წარმატება დამოკიდებულია იმ სამუშაოზე, რომელიც დიდი იდეის ხორცშესხმას სჭირდება.
დატოვე კომენტარი