ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 10-წლიანი გეგმის პერსპექტივაში 500-მდე სტარტაპის დაფინანსება იგეგმება. ამის შესახებ მან „ციფრული ტრანსფორმაციის“ საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული სტარტაპები უკვე „სილიკონ-ველიზე“ არიან წარმოდგენილი და საკმაოდ კონკურენტულებადაც მიიჩნევიან.
„გაგრძელდება ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს როგორც 100 000-იანი, ისე 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომლითაც 150-მდე სტარტაპმა ისარგებლა და ისინი ძალიან კონკურენტულები არიან ანუ პრაქტიკულად გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, „ციფრული ტრანსფორმაცია“, რომლის კონსორციუმის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი, ითვალისწინებს როგორც 1000-მდე დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაციას, ისე „აწარმოე საქართველოს“ პროექტში არსებულ ახალ პროგრამას, რომელიც ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში წახალისებას გულისხმობს და ასევე, GITA-ს საგრანტო პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებული სტარტაპების მიერ მოზიდული ქართული და უცხოური ინვესტიციები ჯამში 150 მილიონ ლარს აღემატება.
ცნობისთვის, 2014 წლიდან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, 300-მდე სტარტაპისთვის გაცემული ჯამური თანხა 9 028 664 ლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი