(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)
29 წელზე მეტია, რაც მე ამ ჟურნალისთვის ვწერ,ამ ნომრის გამოსვლის შემდეგ კი გავუსწრებ ლუსიენ ო. ჰუპერს და გავხდები რიგით მესამე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე „ექსპერტი“-მიმომხილველი FORBES-ის 96-წლიან ისტორიაში. ლუსიენი ალბათ ყველაზე პოპულარული იყო იმის გამო, რასაც სტივ ფორბსი მის „საუბრის მანერას“ უწოდებს და მიუხედავად იმისა, რომ ის 25 წლის წინ გარდაიცვალა, ინვესტირების მისეული გაკვეთილები კვლავაც აქტუალურია.
ლუსიენში ყოველთვის იგრძნობოდა მენის შტატის მკვიდრი ფერმერი ბიჭის ფესვები. ჰარვარდის არასრული განათლების მქონემ, მან თავისი კარიერა 1919 წელს, Boston Commercial-ში, ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და საბოლოოდ სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, პარალელურად კი უძღვებოდა რუბრიკას ფართო მოხმარების საქონლის შესახებ. მალე მან დაიწყო საფონდო ბირჟასთან დაკავშირებული კომენტარების წერა მრავალრიცხოვანი საბროკერო ფირმებისათვის, რომლებიც ამჟამად დავიწყებასაა მიცემული (გახსოვთ E.A. Pierce?) და გახდა ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური მონაცემების ანალიზის ლიდერი.
ლუსიენი FORBES-ში ჰელენ სლეიდის მეშვეობით მოხვდა. თუ ბენ გრემი ფასიანი ქაღალდების ანალიზის მამაა, მაშინ ჰელენი ნამდვილად მისი დედაა. ფაქტობრივად, ბენი ჰელენის საუკეთესო მოსწავლე იყო. ნომერი ორი? ლუსიენი. როდესაც ჰელენმა 1945 წელს The Analysts Journal (ანალიზის ჟურნალი) გამოცემა დაიწყო (დღეს ეს არის Financial Analysts Journal – ფინანსური ანალიტიკოსების ჟურნალი და სამეცნიერო წრის ბიბლია), მის პირველსავე ნომერში გაიმართა დებატები ბენსა და ლუსიენს შორის (ლუსიენი, როგორც მას საერთოდ სჩვეოდა, ყოველთვის აცხადებდა, რომ დამარცხდა. არავინ დამარცხებულა. ყველა მოგებული დარჩა).
ჰელენი თვეში ერთხელ აწყობდა ლეგენდარულ „საბაზრო ინფორმატორთა ოთხშაბათის საღამოებს“: დაახლოებით 40-50 ფინანსისტი ერთმანეთს ბაზრის საკითხებზე საკუთარ იდეებს უზიარებდა. ნიუ-იორკში ყოფნისას მას ჩემი ინტროვერტი მამაც კი დაესწრო, 1949 წლის ივლისის ერთ საღამოს კი ასევე მოიქცა 29 წლის მალკოლმ ფორბსი, რომელსაც ადამიანების შერჩევის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ის მიხვდა, რომ ლუსიენმა იცოდა თავისი საქმე, აკეთებდა შესაბამის დასკვნებს და წარმატებით ართმევდა თავს ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც „უფრო ჭკვიანი ადამიანები, როგორც წესი, მარცხდებოდნენ“, – როგორც თავად ლუსიენი ამბობდა.
1949 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა ლუსიენის პირველი შესანიშნავი სტატია, რომელშიც ის დასაბუთებულად ამტკიცებდა, რომ სამწლიანი დათვის ბაზარი დამთავრებული იყო. აქციების ფასმა მკვეთრი ზრდა 1956 წლამდე დაიწყო. ის ურჩევდა ადამიანებს ხარისხიან მზარდ აქციებს, რაც იმ დროს ასევე მართებული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ის შეცდომებსაც უშვებდა – მას გამორჩა 1974 წლის ვარდნა და ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა მომდევნო ხარის ბაზრის დროს, რამაც მას 1979 წლის 1 იანვარს თავისი რუბრიკის დახურვისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში მისი პროგნოზები უფრო ხშირად მართლდებოდა.
FORBES-ში მუშაობისას მან შემოიტანა ისეთი კლასიკური ფრაზები, როგორიცაა „ინვესტორები მეტ ფულს შოულობენ ერთ ადგილზე ჯდომით, ვიდრე ფეხით სიარულით“ ფასდავარდნილ აქციებს ის უწოდებდა „ყოფილ მეგობრებს და ყოფილ შესაძლებლობებს“. გრძელვადიან და მოკლევადიან საბირჟო ოპერაციებს შორის განსხვავებას ის ადარებდა განსხვავებას „ერთი საღამოთი მიპატიჟებასა“ და „სახლში დედასთან მიყვანას“ შორის (ის ორივე ტიპის ოპერაციებს ახორციელებდა, მაგრამ ამბობდა, რომ უმეტესობა „მეტ ფულს ‘დედის’ ტიპის წყალობით შოულობს“).
მისი მთავარი რეკომენდაცია იყო, ამოგერჩიათ მისი ფავორიტი ვარიანტებიდან – და შემდეგ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გემუშავებინათ არჩეულები. ლუსიენის პატივსაცემად შემოგთავაზებთ მის მიერ შერჩეულ ხუთ ვარიანტს, რომლებიც მე ამჟამად მომწონს – და გიჩვენებთ, რამდენად გამდიდრდებოდით, თითოეულ მათგანში (დაუბეგრავ ანგარიშზე) $1000 რომ ჩაგედოთ მაშინ, როდესაც მან პირველად გაუწია მათ რეკომენდაცია და ხელახლა დაგებანდებინათ ყველა დივიდენდი:
1974 წლის 15 დეკემბერს მან რეკომენდაცია გაუწია ROYAL DUTCH SHELL-ს (RDS.B, 71). მაშინდელი $1000 ახლა $452 000-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, 18 ნოემბერს, მე მას კვლავ გავუწიე რეკომენდაცია.
ჩემი პირველი დიდი წარმატება ცხოვრებაში, 1975 წელს, იყო საღებავების, მინისა და ქიმიკატების მწარმოებელი PPG INDUSTRIES (PPG, 183). ვფიქრობ, ის კვლავაც პოტენციური ჰიტია. ლუსიენის 1976 წლის 1 ოქტომბრის რჩევის გათვალისწინება მაშინდელ $1000-ს დღეს $172 000-ზე მეტად აქცევდა.
მამაჩემის ერთ-ერთი ადრეული დიდი წარმატება, 1953 წელს, იყო Motorola, ამჟამად MOTOROLA SOLUTIONS (MSI, 65). ლუსიენმა ის პირველმა, 1950 წლის 1 თებერვალს შენიშნა – და მაშინდელი $1000 ახლა $735 000-ს აღემატება.
PROCTER & GAMBLE-მა (PG, 85) უნდა აჯობოს ამ ხარის ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებს. ლუსიენის 1950 წლის ბოლოს ფავორიტი დღეს $1,1 მილიონზე მეტს მოიტანდა.
საუკეთესო არჩევანი? KANSAS CITY SOUTHERN (KSU, 122) – ჩვენი საუკეთესო სარკინიგზო კომპანია. ლუსიენმა აირჩია ის თავის პირველსავე სტატიაში და ბევრჯერ მას შემდეგაც. 1949 წლის 15 აგვისტოს $1000, რეინვესტირებული, ახლა $42 მილიონს შეადგენს – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, რომლის განმეორებაც ღირს. მაშინაც და ახლაც, თქვენ ამას პირველად FORBES-ში წაიკითხავთ.
დატოვე კომენტარი