ოლიმპიადებზე მოასპარეზე სპორტსმენთა უმრავლესობა ხშირად მხოლოდ საკუთარ ფინანსებზე არის დამოკიდებული. არათუ სახელმწიფოების, არამედ სპონსორების ფინანსებიც კი მათი მთელი წლის ვარჯიშის, ეკიპირების, სამედიცინო და მოგზაურობის ხარჯებს იშვიათად თუ ფარავს. თუმცა, თუკი იღბლიანი ხარ და შენს სპორტულ წარმატებასთან ერთად, „სწორ“ ადგილასაც დაიბადე, მაშინ შესაძლოა, ოქროს მედლის აღებისათვის კარგი ბონუსიც გადაგიხადონ.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 15 სხვადასხვა სპორტის სახეობაში პოტენციური 327 მედლის მოპოვებისათვის საკუთარ სპორტსმენებს ძალიან ბევრი სახელმწიფო დააჯილდოებს. ამერიკული Forbes-ი პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე 91 მონაწილე სახელმწიფოს ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რამდენი მათგანი აპირებს წარმატებული მოასპარეზეებისათვის დამატებითი ბონუსების გადახდას. აღმოჩნდა, რომ, არც მეტი არც ნაკლები, 32 სახელმწიფოს დადასტურებულად აქვს დაწესებული წამახალისებელი პრიზები საკუთარი ოლიმპიელებისათვის. თუმცა ზოგისათვის ეს პრიზი ექვსნიშნა ფულადი ბონუსია, ზოგისთვისაც კი ბევრად ნაკლები.
Forbes Georgia იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომლებიც ოქროსმედალოსან ოლიმპიელებს საკმაოდ ხელგაშლილად დააჯილდოებენ. ერთ-ერთი ასეთი გულუხვი სახელმწიფო თურქეთი გამოდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელს 380 000 აშშ დოლარს გადაუხდის. 642 000 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი აქვს დაწესებული ჰონგ-კონგსაც, რომელიც ჩინეთისაგან დამოუკიდებლად ასპარეზობს. მაგრამ ეს პრიზები მეტწილად თეორიული უფროა, რადგანაც მათ წარმომადგენლებს ოქროს მედლის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ.
ოლიმპიადის ერთ-ერთი დომინანტი წარმომადგენელი, შეერთებული შტატები საკუთარ სპორტსმენებს ოქროს მედლის მოპოვებისათვის 37 500 აშშ დოლარით, ვერცხლის მედლისათვის 22 500 აშშ დოლარით, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის 15 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს. თუმცა საგულისხმოა, რომ ამერიკელ სპორტსმენებს გარდა ამისა უამრავი ბენეფიტი აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევის სახით, რომლის ხარჯებსაც შეერთებული შტატების ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტები ფარავს.
238 000 აშშ დოლარით დააჯილდოებს ოქროსმედალოსანს მალაიზია, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მეორე ზამთრის ოლიმპიადაა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, თუკი სპორტსმენები ოქროს მედალს დაეუფლებიან, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურ 1 200-დოლარიან დახმარებას მიიღებენ.
201 000 აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი იტალიას ტრიუმფატორებისათვის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის საკმაოდ კარგ ასპარეზობას ყველა ოლიმპიადაზე, ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება. მაგალითად, გასულ ოლიმპიადაზე იტალიამ ბონუსების სახით საერთო ჯამში 9 მილიონი აშშ დოლარი დაარიგა. საინტერესოა, რა შედეგებს მიაღწევენ იტალიელი ოლიმპიელები მიმდინარე ოლიმპიადაზე.
დაახლოებით 160 000 აშშ დოლარით დააჯილდოებენ საკუთარ წარმატებულ სპორტსმენებს კვიპროსში, უნგრეთსა და ლატვიაში. ბულგარეთსა და ლიეტუვას კი 143 000 აშშ დოლარი აქვთ გამოყოფილი.
მალაიზიის მსგავსად, მხოლოდ მეორე ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობს კოსოვოს გუნდიც, რომლის ოქროსმედალოსანი 123 000 აშშ დოლარის ბონუსს მიიღებს. საინტერესოა, რომ ოლიმპიური რეკორდის მოხსნისათვის კოსოვოელი ოლიმპიელი დამატებით 112 000 აშშ დოლარს მიიღებს. 110 000 აშშ დოლარს კი ესტონელი და ჩეხი სპორტსმენები მიიღებენ წარმატებული გამოსვლისათვის. როგორც ხედავთ, გულუხვ სახელმწიფოებს შორის ევროპული ქვეყნები ლიდერობენ.