უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, შესაძლოა, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიება აამოქმედოს, რომლის ფარგლებშიც, ორშაბათიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება შეჩერდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა გააკეთა.
გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების მკაცრი წესების დაბრუნებას დაუჭირეს მხარი. ცნობისთვის, შენგენის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა, უპასპორტო ზონის 26-ვე ქვეყანაში შესვლის უფლებას უზრუნველყოფს.
„შეთანხმების შეჩერება ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები, ევროკავშირში, მათ შორის ტურისტული და დასასვენებელი მიზნებით მოგზაურობისასაც ვერ ისარგებლებენ პრივილეგირებული უფლებებით“, – განაცხადა იოჰანსონმა და დასძინა, რომ კვირის ბოლომდე, ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ ახალ ზომებს, რათა ორშაბათისთვის რუსეთის მოქალაქეთათვის, გამკაცრებული სავიზო რეჟიმი ძალაში შევიდეს.
გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერების შემთხვევაში, რუს ტურისტებს ვიზების მისაღებად უფრო დიდხანს მოუწევთ მოცდა. გარდა ამისა, გაუძვირდებათ ვიზის საფასურიც, არსებული 35 ევროდან, 80 ევრომდე. იოჰანსონის ინფორმაციით, შეიზღუდება ევროკავშირში მრავალჯერადი შესვლისთვის მოქმედი ვიზებიც.
შეგახსენებთ, ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო შეთანხმება ძალაში 2007 წელს შევიდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, ევროკავშირის ქვეყნებმა სავიზო რეჟიმი შეაჩერეს რუსი ბიზნესმენებისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის.
დატოვე კომენტარი