12 წლის მხატვარმა, ნილა ჰეისმა საკუთარი ნამუშევრები NFT-კოლექციად აქცია და მისი გაყიდვით 1.6 მილიონი აშშ დოლარი იშოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა Business Insider-ი ავრცელებს.
როგორც ციფრული მხატვრობის მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა ხელოვანის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, ნილამ ხატვა ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. ცხრა წლის ჰეისის შემოქმედების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა წარმოშობის ქალების პორტრეტებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მათ ნილა უჩვეულოდ გრძელი კისრებით ხატავდა. ნამუშევრების ავტორის განცხადებით, მის შთაგონების წყაროს ბრონტოზავრი წარმოადგენდა. ამ უკანასკნელის ნიშან-თვისებების ქალებისთვის მინიჭებით, მხატვარს მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა სიძლიერის ხაზგასმა სურდა.
12 წლის მხატვარმა საკუთარი ნამუშევრების NFT-ების სახით გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელოვნების ჩვეულებრივ სავაჭრო პლატფორმებზე შესვლისას დაბრკოლებებს წააწყდა. თავდაპირველად ნილამ ხატვა სმარტფონში დაიწყო, შემდეგ კი ამისთვის iPad-ი გამოიყენა. მან სურათები JPEG-ფორმატში შეინახა, მოგვიანებით კი NFT-ების სავაჭრო პლატფორმა OpenSea-ზე ატვირთა.
ნილა ჰეისმა თავისი პირველი NFT-კოლექცია 75 ნამუშევრით შექმნა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მეორე კოლექციაში 3,333 ქალის პორტრეტი გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ ციფრული ნახატები რამდენიმე საათში გაიყიდა. ნილას ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და შთაგონების ახალი წყაროების ძიებაა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ხელოვანი სამხრეთკორეული მუსიკალური ჟანრის, K-POP-ის თაყვანისმცემელია და მას ყველაზე მეტად აღნიშნული ქვეყნის მონახულება სურს.
დატოვე კომენტარი