1.ჯორჯ სოროსი
ჯამური ქონება: 22 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N7 400 უმდიდრეს ამერიკელს შორის
ასაკი: 81 წელი
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
საცხოვრებელი იადგილი: კატონა, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: ზუსტ მეცნიერებათა ბაკალავრი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა
საოჯახო სტატუსი: განქორწინებული
შვილები: ხუთი
ჯორჯ სოროსმა ამა წლის ივლისში განაცხადა, რომ თავის ჰეჯ-ფონდს ოჯახის მომსახურე საფინანსო კომპანიად (Family Office) აქცევს. თუმცა ეს მის წონასა და გავლენას ნამდვილად არ შეამცირებს.
სოროსის ყველაზე ხმაურიანი გარიგება დღესაც უნიკალურად ითვლება. უნგრელი ემიგრანტების ამერიკელმა შთამომავალმა 1992 წელს ერთ დღეში დაამხო ინგლისური გირვანქა სტერლინგი და 1 მილიარდი დოლარი მოიგო. შედეგად, დიდ ბრიტანეთში (ისევე როგორც აზიის რამდენიმე სახელმწიფოში) პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.
1979 წლიდან მოყოლებული 8 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტებზე. შარშან 100 მილიონი დოლარი გადასცა Human Right Watch -ს, 150 მილიონი დოლარი კი ბოშების უფლებების დასაცავად მიმართა.
საქართველოში ჯორჯ სოროსი უპირატესად საზოგადოებრივი აქტივობით არის ცნობილი, თუმცა ჰქონდა ბიზნესში ჩართვის მცდელობაც. შოროს Investment Capital -მა 2000-იანი წლების დასაწყისში `თი-ბი-სი ბანკის” აქციათა 25% შეიძინა, მაგრამ მალევე გაყიდა.
ამის შემდეგ სოროსი საქართველოში მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. `ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” ჯორჯ სოროსის დაფუძნებლი `ღია საზოგადოების ქსელის” ნაწილია და ყოველწლიურად
3 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, მედიის, ჯანდაცვისა და აკადემიური პროექტების დასაფინანსებლად.
2. მიკელე ფერერო
ჯამური ქონება: 18 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N32 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N1 იტალიის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 86 წელი
სიმდიდრის წყარო: შოკოლადის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: მონტე-კარლო, მონაკო
მოქალაქეობა: იტალია
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
მიკელე ფერერო ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და თან ყველაზე მეტი საიდუმლოებით მოცული მაგნატია. შოკოლადის იმპერიის მესაჭემ შარშან კინაღამ კიდევ უფრო გაიფართოვა სამფლობელოები, როცა ბრიტანული Cadburry -ს შეძენა დაგეგმა, მაგრამ მოგვიანებით გარიგება აღარ შედგა.
თუმცა ამას მისი სიმდიდრე და გავლენა ოდნავადაც არ შეურყევია.იტალიის უმდიდრესი ადამიანი პრაქტიკულად ერთპიროვნულად აკონტროლებს კომპანია Ferrero -ს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ და პოპულარულ Nutella -ს შოკოლადის კარაქს, Raffaello -ს კანფეტებს, Tic Tac -ის ტკბილ აბებს, Kinder -ის სათამაშოებიან კვერცხებს და კიდევ არაერთი სახის ნუგბარს უშვებს.
2009 წელს Ferrero-ს გლობალურმა გაყიდვებმა 8,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთელ მსოფლიოში მის 18 ქარხანაში 21 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და საწარმოო ხაზის გაფართოებაზე ზრუნავს. შედეგად, შარშან კომპანიამ ახალი დესერტი Gran Soleil წამოადგინა, რომელიც ნაყინის მოყვარულებში ჰიტად იქცა.
პროცესებს მიკელე ფერერო უპირატესად მონტე-კარლოდან ხელმძღვანელობს, რომელიც მისი ძირითადი საცხოვრებელია. მაგნატის შვილები კი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში – ბრიუსელში ცხოვრობენ.
საქართველოში ბიზნესი Ferrero -მ 2007 წელს დაიწყო. კერძოდ, სამეგრელოში 1 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და თხილის პლანტაციების გაშენებას შეუდგა. პირველ ეტაპზე კომპანიას 8 მილიონი დოლარი აქვს ინვესტირებული და სამომავლოდ ამდენივეს დახარჯვას დამატებითი პლანტაციების გასაშენებლად აპირებს.
თხილის პირველ მოსავალს 2013 წელს ელოდებიან. საინვესტიციო გეგმა თხილის გადამამუშავებელი ორი ქარხნის მშენებლობასაც ითვალისწინებს. შედეგად, Ferrero -ს მიერ საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ 20 მილიონ ევროს უნდა მიაღწიოს.
3. სავიტრი ჯინდალი
ჯამური ქონება: 14,4 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N56 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N5 უმდიდრესი ნდოელთა შორის
ასაკი: 61 წელი
სიმდიდრის წყარო: მეტალურგია
საცხოვრებელი ადგილი: ჰისარი, ინდოეთი
მოქალაქეობა: ინდოეთი
საოჯახო სტატუსი: ქვრივი
შვილები: ცხრა
ხელმძღვანელობს 12 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლის მქონე მეტალურგიულ-ენერგეტიკულ კონგლომერატ O.P. JindalGroup -ს, რომელიც მისმა მეუღლემ – ომ პრაკაშ ჯინდალმა დააფუძნა. სავიტრის ოთხი ვაჟი – პრიტვირაჯი, საჯანი, რათანი და ნავინი ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებას კურირებენ.
ჯინდალების ოჯახის ყველაზე დიდ აქტივი კომპანია ჟინდალ Steel & Power გახლავთ, რომელსაც უმცროსი ვაჟი, ინდოეთის პარლამენტის წევრი ნავინი უდგას სათავეში.
2008 წელს, კომპანიის დივერსიფიცირების პროცესში საოჯახო კონგლომერატი ჟინდალ Petroleum -ის ბრენდით ნავთობისა და გაზის სექტორშიც ამოქმედდა.
2008 წელს სწორედ ჟინდალ Petroleum -მა საქართველოს ოთხ ნავთობსაძიებო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მოგვიანებით ინდურმა კომპანიამ კიდევ ერთ სანავთობო ბლოკის თაობაზე გამოთქვა ინტერესი. შედეგად, 2009 წელს ნავთობის ძიება-მოპოვების და პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა და ჟინდალ Petroleum -მა 17,5 მილიონი დოლარი გადაიხადა, ნავთობსაძიებო ბლოკებზე კი, რომლებიც კახეთის, შიდა ქართლის, გურია-აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ნაწილებს მოიცავს, ოთხი წლის განმავლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს გათვლებით, იმ ბლოკებზე, სადაც ინდური კომპანია იმუშავებს, ნავთობის სავარაუდო მარაგი 200-250 მლნ ტონას შეადგენს. უფრო ოპტიმისტური პროგნოზი აქვს ჟინდალ Petroleum -ის გენერალურ დირექტორ ნავინ ჯინდალს, რომლის შეფასებით ნავთობის ოდენობამ, შესაძლოა, 1 მილიარდ ტონას მიაღწიოს.
4. ბიძინა ივანიშვილი
ჯამური ქონება: 5,5 მილიარდიდოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N185 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N24 უმდიდრეს რუსებს შორის
ასაკი: 55 წელი
სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
საცხოვრებელი ადგილი: ჭორვილა, საჩხერე, საქართველო
მოქალაქეობა: რუსეთი, საფრანგეთი
განათლება: ინჟინერ-ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ოთხი
ბიზნესიმპერიის აგება ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო, როცა ბანკი Российский Кредит დააფუძნა. მოგვიანებით მის სამრეწველო-საფინანსო ჯგუფს მეტალურგიული აქტივებიც მიემატა, რამაც ივანიშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა.
თუმცა წლების შემდეგ ბიზნესმენმა მეტალურგიული და სამთომომპოვებელი დივიზიონი გაყიდა და უპირატესად რუსეთის საფონდო ბაზარზე ინვესტირებას მიჰყო ხელი. პარალელურად აქვს ინტერესი მოსკოვის ელიტარული უძრავი ქონების ბაზარზე და ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ფლობს ასევე სააფთიაქო ქსელ Доктор Столетов‚-ს.
იმპრესიონისტების დიდი თაყვანისმცემელია. პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატით” სოტბის აუქციონზე 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეიძინა (ეს მისი კოლექციის ყველაზე ძვირფასი ეგზემპლარია).
ბოლო წლებში უპირატესად მშობლიურ ჭორვილაში მცხოვრებმა ივანიშვილმა, რუსეთისა და საქართველოს შემდეგ, 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. 2011 წელს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. არის საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსული.
როგორც თავად აცხადებს, საქართველოში ბიზნესს 90-იანი წლების შუახანებიდან აწარმოებს. მისი კუთვნილი „ქართუ ჯგუფის” ქოლგის ქვეშ მოექცა ბანკი „ქართუ”, ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ფონდი და სადაზღვევო კომპანია, რომელიც მხოლოდ საჩხერის მოსახლეობას ემსახურება; კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „თოლია”, სათხილამურო კომპლექსი „ბაკურიანი-2″, ასევე სამშენებლო (კომპანია „ატუ”), სოფლის მეურნეობის („აგრო – ვაზისა და ხეხილის სანერგე მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი”), ღვინის მწარმოებელი კომპანიები. თუმცა ბიზნესმენი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ ნელ-ნელა მათ გაყიდვას აპირებს. ივანიშვილის ქართულ გეგმებში ირიცხება მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი.
„ქართუ ჯგუფის” გაანგარიშებით, 2005 – 2010 წლებში ივანიშვილმა ფონდ „ქართუს”,„ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდისა” და ასოციაცია „ატუს” მეშვეობით ქველმოქმედებაზე 1,2 მილიარდამდე ლარი დახარჯა.
2011 წლის ნოემბრის ბოლოს 1,3 მილიონ ლარად შეიძინა კახი კალაძის კუთვნილი „პროგრესბანკის” აქციების 8,67%.
5. მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტი
ჯამური ქონება: 4 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N268 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N1 თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 67 წელი
სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაციები
საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
განათლება: მეცნიერების ბაკალავრი, დოვერის კოლეჯი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ერთი
თურქეთის უმდიდრესი ადამიანი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია Turkcell -ს ხელმძღვანელობს – ერთადერთ თურქულ კომპანიას, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. Turkcell -ის კაპიტალიზაცია ამჟამად 12 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
თუმცა კარამეჰმეტს საქმე ყოველთვის ასე კარგად არ მისდიოდა. 2003 წელს Forbes-ის მილიარდერთა სიიდან გამოვარდა კიდეც იმ ასტრონომიული ვალის გამო, რომელიც მის ორ ბანკს – PamukBank -სა და Yapi Kredi Bank -ს – დაუგროვდა. პრობლემა იმით მოგვარდა, რომ კარამეჰმეტმა
Yapi Kredi Bank -ის დათმობა გადაწყვიტა, 2006 წლის დამლევს ბანკი თურქეთის მსხვილ საოჯახო კონგლომერატ
Koc Group -ს მიჰყიდა და მილიარდერთა სიასაც დაუბრუნდა.
მას მერე კარამეჰმეტი მილიარდერთა ნუსხაში ყოველწლიურად არის წარმოდგენილი, თურქეთის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს არ თმობს და წლიდან წლამდე ზრდის თავის ქონებას.
საქართველოში Turkcell-ის აქტივობა თითქმის 15-წლიან პერიოდს ითვლის. შვილობილი Fintur Holdings B.V.-ის მეშვეობით თურქულმა კომპანიამ მობილური კავშირგაბმულობის ქართულ ოპერატორ `ჯეოსელში” ათეულობით მილიონი დოლარი დააბანდა.როგორც Turkcell-ის ოფიციალური დოკუმენტები გვამცნობს, Fintur Holdings B.V..-ის გავლენა `ჯეოსელზე” პრაქტიკულად ერთპიროვნულია – ჰოლდინგი არაპირდაპირი სქემით ქართული მობილური ოპერატორის აქციათა 97,5%-ს ფლობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2010 წლის შედეგებით `ჯეოსელი” ქართული მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ლიდერი კომპანიაა როგორც აბონენტთა რიცხოვნობით (მის წილად აბონენტთა 44,3% მოდის), ასევე წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების (245 მილიონი ლარი) მიხედვით.
6. ალექსანდრ მაშკევიჩი
ჯამური ქონება: 3,7 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N297 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N6 უმდიდრეს ისრაელის მოქალაქეთა შორის
ასაკი: 57 წელი
სიმდიდრის წყარო: მოპოვებითი მრეწველობა, მეტალურგია
საცხოვრებელი ადგილი: ალმათი, ყაზახეთი
მოქალაქეობა: ისრაელი
განათლება: ფილოლოგი, ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან – პატოხ შოდიევთან და ალიჟან იბრაჰიმოვთან (ორივე ასევე Forbes -ის მილიარდერთა სიაშია) ერთად ააშენა სამთო-მეტალურგიული იმპერია Eurasian Natural Resources Corp -ი. ერთ დროს მხოლოდ ყახაზეთის საზღვრებში ჩაკეტილი ეს კორპორაცია დღეს უკვე მსოფლიო ბაზრის გლობალური მოთამაშეა და მარტო აფრიკაში – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკით დაწყებული და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკით დამთავრებული – არაერთ აქტივს ფლობს.
ყირგიზეთში დაბადებულმა მაშკევიჩმა თავდაპირველად ფილოლოგობა აირჩია და პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის თეორიასა და ისტორიაში ხარისხიც დაიცვა, თუმცა მოგვიანებით მეცნიერებას დაემშვიდობა, მოსკოვში გადაბარგდა და სავაჭრო ოპერაციებით დაკავდა. ადრიანად მიიღო ისრაელის მოქალაქეობა და ებრაული თემის აქტიური წევრი გახდა. სადღეისოდ ებრაელთა ევრაზიული კონგრესის პრეზიდენტია.
სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობით უკავშირდება მაშკევიჩის აქტივობები საქართველოს. 2009 წელს უპირატესად მის მიერ გაღებული სოლიდური დაფინანსებით აღდგა თბილისის აშქენაზი ებრაელების სინაგოგა „ბეით რახილი” (ეს სახელი მას სწორედ მაშკევიჩის დედის ხსოვნის პატივსაცემად ეწოდა). ახლად აღდგენილ სინაგოგაში ებრაელთა წმინდა წიგნის – თორის გრაგნილიც პირველმა სწორედ მაშკევიჩმა შეიტანა.
საზოგადოებრივისგან განსხვავებით, ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა მაშკევიჩის ბიზნესსაქმიანობა საქართველოში. 2004 წელს მისმა კომპანიამ სცადა ტენდერით მოეპოვებინა ზესტაფონის „ფეროს”, „ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხეჰესების კასკადის ერთიანი საპრივატიზებო პაკეტი, მაგრამ უშედეგოდ.
7. დონალდ ტრამპი
ჯამური ქონება: 2,9 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N420 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N128 უმდიდრეს ამერიკელთა შორის
ასაკი: 65 წელი
სიმდიდრის წყარო: ტელევიზია, უძრავი ქონება
საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა: აშშ
განათლება: ეკონომიკის ბაკალავრი, პენსილვანიის უნივერსიტეტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ხუთი
წლეულს ტრამპმა გვარიანად დააწყვიტა ნერვები ამერიკელებს, როცა ხან თავის შესაძლო მონაწილეობას ანონსირებდა აშშ-ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხანაც – უკან იხევდა.
თუმცა პრეზიდენტობანას თამაშმა მალე ჩაიარა და ტრამპმა ისევ ბიზნესს მიხედა. აპრილში The Trump Organization -მა ვირჯინიაში 900 აკრი მიწის ნაკვეთი და Kluge Estates Winery & Vineyard -ი იყიდა. ამავე დროს, ატლანტიკ-სიტის Trump Entertainment Resorts -ში შემავალი Steel Pier -ის ცნობილი ბურჯი და Trump Marina Hotel Casino ვალების დასაფარავად გაყიდა.
პარალელურად ტრამპი პოპულარიზებას უწევს გოლფს GolfChannel -ზე და MTV -ზე იწყებს ახალი რეალიტიშოუს Ladette to Lady -ის წარმოებას. მისი სახელი დატანილია სასმელებზე, ჰალსტუხებსა და ლეიბებზეც კი. ტრადიციულად, ტრამპი შეუვალია მოსაზრებაში, რომ ჟურნალი Forbes სათანადოდ არ აფასებს მისი გონის ღირებულებას.
საქართველოში ტრამპის მოღვაწეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაყიდოს ადამიანმა სარფიანად თავისი სახელი. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ორი Trump Tower -ის მშენებლობას ითვალისწინებს: Trump Tower თბილისი დედაქალაქში ვარდების რევოლუციის მოედანზე აშენდება, Trump Riviera – ბათუმში.
ტრამპი საქართველოში თავისი სახელის ლიცენზირებას, ხოლო მისი კომპანია საქართველოში Trump Tower -ების მენეჯმენტს განახორციელებს, თუმცა ამ ეტაპზე ის პროექტებში საკუთარი თანხის ჩადებას არ აპირებს. The Trump Organization -ის პარტნიორი საქართველოში Silk Road Group -ია, რომელთან ერთადაც მოხდება პროექტისთვის თანხების მოძიება.მშენებლობის დაწყება კი 2013 წლიდან იგეგმება.
8. იგორ კოლომოისკი
ჯამური ქონება: 2,5 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N459 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N3 უმდიდრეს უკრაინელთა შორის
ასაკი: 49 წელი
სიმდიდრის წყარო: საბანკო საქმე, ინვესტიციები
საცხოვრებელი ადგილი: დნეპროპეტროვსკი, უკრაინა
მოქალაქეობა: უკრაინა
განათლება: ინჟინერ-მშენებელი, დნეპროპეტროვსკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
შარშან კოლომოისკიმ საკუთარი პორტფელის დივერსიფიცირება მოახდინა მედიასა და ნავთობ-გაზის სექტორში და ლონდონის ბირჟის ლისტინგში აღრიცხულ JKX Oil & Gas -ში საკუთარი აქციების პაკეტი 25%-სმიუახლოვა.
თავის პარტნიორ და მეგობარ გენადი ბოგოლიუბოვთან ერთად აკონტროლებს საბანკო-სამრეწველო კონგლომერატ Privat Group -ს. აღმასვლა 1990-იანი წლების დასაწყისში ერთი მილიონი დოლარის კაპიტალის მქონე PrivatBank -ის დაფუძნებით დაიწყო და უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს იმპერიად ქცევით გრძელდება.
თუმცა ხანდახან Privat Group -ის თავზე შავი ღრუბლები იყრიან ხოლმე თავს. მაგალითად, უკრაინის ნავთობ-გაზის მაკონტროლებელ კომპანია Ukrnafta -ში წილის ფლობა კოლომოისკი-ბოგოლიუბოვის ტანდემს დიდი ბრძოლის ფასად უჯდება, ვინაიდან სახელმწიფო მუდამ ცდილობს კომპანიაზე კონტროლი აღიდგინოს. ამის თავიდან ასაცილებლად კომპანიონები აქტიურ საზოგადოებრივ და ლობირების კამპანიებს ეწევიან. მაგალითად, კოლომოისკი ებრაული თემების ევროპული საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს, რაც პოლიტოლოგებმა საკმაოდ წარმატებულ ბიზნეს სვლად შეაფასეს.
საქართველოში Privat Group -ის მფლობელობაში შვილობილი „პრივატბანკია”, რომელიც, თავისმხრივ, სადაზღვევოკომპანია „ტაოს”ერთადერთი დამფუძნებელია.
უკვე ნახსენები JKX Oil & Gas -ის მიმდინარე პროექტების ნუსხაში საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ამერიკულ ნავთობ კომპანია Anadarko -სთან ერთად მიმდინარე პროექტიც ირიცხება, რომელიც ნავთობის ძიება-მოპოვებას გულისხმობს.
უკრაინული წყაროები უკვე კარგა ხანია, Privat Group -ს იმ სამრეწველო ჯაჭვის მფლობელად მიიჩნევენ, რომელიცზესტაფონის „ფეროს”, “ჭიათურმანგანუმსა” და ვარციხეჰესების კასკადს აერთიანებს და საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს-ფეროშენადნობებს აწარმოებს.
დაბოლოს, „პრივატბანკმა” 2011-2012 წლების სეზონზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის-თბილისის „დინამოს” სპონსორობა ივალდებულა. მხარეები სასპონსორო პაკეტის მოცულობას არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონტრაქტის ოდენობა შვიდნიშნა ციფრით იზომება და რეკორდულია ქართული ფეხბურთის დაფინანსების ისტორიაში.
9. გენადი ბოგოლიუბოვი
ჯამური ქონება: 2,5 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N459 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N3 უმდიდრეს უკრაინელთა შორის
ასაკი: 49 წელი
სიმდიდრის წყარო: საბანკო საქმე, ინვესტიციები
საცხოვრებელი ადგილი: დნეპროპეტროვსკი, უკრაინა
მოქალაქეობა: უკრაინა
განათლება: ინჟინერ-მშენებელი, დნეპროპეტროვსკის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
ბოგოლიუბოვის კუთვნილი კომპანიის – Palmary Enterprises -ის აქტივებში ავსტრალიაში მარგანეცის მომპოვებელი საწარმოც ირიცხება. სწორედ ამ კომპანიას, ConsolidatedMinerals -სა და ავსტრალიურ OM Holdings -ს (ითვლება მაღალი ხარისხის მარგანეცის მომპოვებელ უკანასკნელ დამოუკიდებელ კომპანიად მსოფლიოში) შორის შერწყმაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შემოდგომაზე ჩაიშალა. ბოგოლიუბოვს კვლავ დარჩა OM Holdings -ის მინორიტარული პაკეტი (11%), თუმცა შერწყმის ამ ეტაპზე განუხორციელებელ გეგმას მომავალში უპირებს რეალიზებას.
თავისი თანასწორუფლებიანი პარტნიორისა და მეგობრის – იგორ კოლომოისკის მსგავსად, აქტიურია საზოგადოებრივ ასპარეზზე. მის მიერ ერთპიროვნულად დაფუძნებული და მართული ბოგოლიუბოვის ფონდი ფოკუსირებულია ებრაული განათლებისა და რელიგიის პოპულარიზებაზე.
რაც შეეხება საქართველოში საქმიანობას, ისევე როგორც ყველა სხვა ძირითად ბიზნესში, ბოგოლიუბოვი აქაც იგორ კოლომოისკის თანასწორუფლებიანი პარტნიორია. იმავე ქართულ `პრივატბანკში”, რომელიც კომპანიონების ქართული აქტივების ცენტრალური ინსტიტუტია, ბოგოლიუბოვი და კოლომოისკი 50-50%-ს ფლობენ.
10. დინუ პატრიჩუ
ჯამური ქონება: 2,2 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N540 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N1 რუმინეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 61 წელი
სიმდიდრის წყარო: ნავთობგადამუშავება
საცხოვრებელი ადგილი: ბუქარესტი, რუმინეთი
მოქალაქეობა: რუმინეთი
განათლება: არქიტექტორი, ბუქარესტის არქიტექტურის ინსტიტუტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ორი
მას შემდეგ, რაც Rompetrol -ს 2008 წელს ახალი პატრონი გამოუჩინა ყაზახური KazMunaiGaz -ის სახით, რუმინული ნავთობკომპანიის გაყიდვიდან მიღებული ფული პატრიჩუმ ენერგეტიკაში, უძრავ ქონებასა და საცალო ვაჭრობის სექტორში საკუთარი პოზიციების გასაფართოებლად მიმართა.
მისი კუთვნილი კომპანია Marexin -ის გეგმებში შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოსაძიებლად
1 მილიარდი დოლარის დახარჯვა შედის. Mic.ro -ს სახელით ცნობილი გასტრონომების ქსელი უკვე მთელ რუმინეთს ფარავს, თუმცა პოზიციების გასამყარებლად პატრიჩუმ აგვისტოში Minimax -ის ჰიპერმარკეტების ქსელიც იყიდა.გარდა ამისა, შარშან გაზაფხულზე ტოტალიზატორი Bet-Caffe -ც აამოქმედა.
ბიზნესის პარალელურად, პატრიჩუ სხვა მიმართულებებითაც აქტიურია. 2007 წელს დაფუძნებული მისი ფონდი სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთათვის სტიპენდიებს გასცემს, აგრეთვე დაწესებული აქვს ჯილდო ინოვაციური სწავლებისთვის.
ასევე პატრიჩუს კუთვნილი Adevarul Holding–ის სახით კი რუმინეთს უმსხვილესი საგამომცემლო სახლი აქვს, რომელიც, სხვა საერთაშორისო გამოცემებთან ერთად, ForbesRomania -ს უშვებს.
რაც შეეხება პატრიჩუს ქართულ აქტივებს, აქ უპირველესი „ლიბერთი ბანკია”. საქართველოს ექსპრემიერ ლადო გურგენიძესთან პარტნიორობით დაფუძნებული Liberty Capital LLC -ის მეშვეობით პატრიჩუმ „საქართველოს სახალხო ბანკზე” კონტროლი დაამყარა, მოგვიანებით კი ბანკს სახელიც გადაერქვა და ქართული საბანკო სისტემის ლიდერად ქცევის ამბიციის შესახებ ახალი განაცხადი გაკეთდა.
რაც შეეხება პატრიჩუს მეორე მსხვილ პროექტს, ის ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსის, `ბათუმის კარიბჭის”, მშენებლობას უკავშირდება. რუმინეთის უმდიდრესი ადამიანი აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტში 200 მილიონი დოლარის დაბანდებას აპირებს.
11. კამილ იაზიჯი
ჯამური ქონება: 1,8 მილიარდდოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N692 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N12 თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 82 წელი
სიმდიდრის წყარო: სასმელის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ოთხი
იაზიჯი ფლობს Anadolu Group -ს, რომელიც ლუდისა და დაბალალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და დისტრიბუციით არის ცნობილი. სწორედ ამ წარმატებული ბიზნესჯგუფის კუთვნილებაა თურქეთში (და არა მარტო იქ) ცნობილი და პოპულარული ლუდი Efes Pilsener.
უმცროს პარტნიორ და მეგობარ თუნჯაი ოზილჰანთან ერთად შექმნილი სასმელების მწარმოებელი გიგანტი გაცილებით წარმატებული გახდა, როდესაც ყოფილ საბჭოეთს მოედო. თუმცა საბჭოეთში პარტნიორების მხოლოდ ეს ბიზნესი არ გაფართოებულა.პარალელურად კომპანიონები ამ სივრცეს უხვად ამარაგებენ თურქულ ქარხნებში აწყობილი Isuzu -ს მანქანებით, ასევე აწარმოებენ Kia -სა და Lada -ს იმპორტს თურქეთში, უკრაინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
საქმიანობა იაზიჯიმ მამამისის კუთვნილ მცირე გასტრონომში დაიწყო. მოგვიანებით სტამბულში სამხედრო სამსახურისთვის წავიდა, მაგრამ ბიზნესის საწარმოებლად შერჩა და, როგორც შედეგი მიუთითებს, არ შემცდარა.
საქართველოში იაზიჯის კომპანიის საქმიანობა ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ლუდსახარშს უკავშირდება. სააქციო საზოგადოება „ლომისი” ჯერ კიდევ 1991 წელს ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში ამავე სახელწოდების ლუდს აწარმოებდა. 2005 წელს კომპანიამ ლუდსახარში `ნატახტარი” გახსნა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ქართული ბაზრის ლიდერად იქცა.
„ნატახტარი” Anadolu Group -ის თვალთახედვის არეში მალევე მოხვდა. 2008 წელს თურქულმა კომპანიამ ქართული ლუდსახარშის აქციათა 100% შეისყიდა და ამჟამად ბაზარზე „ეფეს საქართველოს” სახელით ოპერირებს.
ამჟამად „ეფეს საქართველო” ექვსი სახეობის ლუდსა და შვიდი დასახელების ლიმონათს ყიდის და, თავად კომპანიის გათვლებით, ბაზრის 60%-მდე აკონტროლებს. პარალელურად, კომპანია „ნატახტარი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის სპონსორია.
12. სერგეი სარქისოვი
ჯამური ქონება: 1,5 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N833 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N64 რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 52 წელი
სიმდიდრის წყარო: დაზღვევა, უძრავი ქონება
საცხოვრებელი ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა: რუსეთი
განათლება: ეკონომისტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: ხუთი
სერგეი სარქისოვმა საქმიანობა უმსხვილეს საბჭოთა სადაზღვევო კომპანია Ингосстрах-ში დაიწყო, 1991 წელს კი საკუთარი სადაზღვევო კომპანია Ресо- Гарантия დააფუძნა. დღეს მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
2007 წელს Ресо- Гарантия -ს აქციათა 37% ფრანგულ სადაზღვევო გიგანტ AXA-ს რუსული ბაზრისთვის რეკორდულ ფასად – 1,2 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.
თუმცა თავის ძმასთან – ნიკოლაი სარქისოვთან ერთად კვლავაც კომპანიის უმსხვილეს თანამფლობელად (ძმებს აქციების 27-27% აქვთ) და ინვესტორად რჩება. ცნობილია იმითაც, რომ ავტორბოლის დიდი მოყვარულია.
საქართველოში სარქისოვის აქტივობა ჯერჯერობით მინიმალურია. მისი ოჯახის კუთვნილმა კომპანია „დილა – 2010″-მა ამ დროისთვის ვაკის ე.წ. „ლეჩკომბინატი” იყიდა. აუქციონზე თავდაპირველად – 4,3 მილიონ დოლარად შეფასებულ შენობაში ინვესტორმა საბოლოოდ 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. იმავდროულად, შემდგომი ხუთი
წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული თანხების ინვესტირებაც ივალდებულა. პარალელურად კომპანია `დილა – 2010″ უძრავი ქონების ქართულ ბაზარზეც განაგრძობს ოპერირებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ის ამ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა.
ამავე დროს, როგორც „დილა – 2010″-ში აცხადებენ, კომპანიის დამფუძნებელმა შესაძლოა ქართულ სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებაც დაიწყოს, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.
13. თუნჯაი ოზილჰანი
ჯამური ქონება: 1,4 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N879 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N14 თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 63 წელი
სიმდიდრის წყარო: სასმელის წარმოება
საცხოვრებელი ადგილი: სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა: თურქეთი
განათლება: MBA/ლონგ-აილენდის უნივერსიტეტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: სამი
ლუდის ხარშვის დიდოსტატი, რომელმაც თურქეთსა და მის სამეზობლოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის მარკა – Efes Pilsener შესძინა. 38 წლის განმავლობაში.თავის უფროს პარტნიორ კამილ იაზიჯისთან ერთად აკონტროლებს Anadoly Group -ის ძლევამოსილ კონგლომერატს.
იაზიჯის მსგავსად, ჩართულია ავტობიზნესში (Isuzu -ს ექსპორტი თურქული ქარხნებიდან მეზობელ ქვეყნებში, Lada -სა და Kia -ს იმპორტი რუსეთიდან და კორეიდან – უკრაინასა და შუა აზიაში, და ა.შ.). პარტნიორთან ერთად მონაწილეობდა Johns HopkinsMedical School -ის ჰოსპიტლის მშენებლობაში, რომელიც 2005 წელს გაიხსნა.
ყოფილი კალათბურთელია და არასოდეს ტოვებს Efes Pilsen -ის საკალათბურთო გუნდის მატჩებს. ასევე არის კალმების უნიკალური კოლექციის მფლობელი, რომელიც უკვე 3 ათასზე მეტ ერთეულს ითვლის.
საქართველოში, პარტნიორ იაზიჯისთან ერთად, ლუდსახარშ „ნატახტარს” ფლობს. ასევე მას მიაწერენ იმ დამსახურებას, რომ „ნატახტარი” შეუფერხებლად ასპონსორებს ქართულ სპორტს.
14. ტიმურ კულიბაევი
ჯამური ქონება: 1,3 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N938 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N3 ყაზახეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 45 წელი
სიმდიდრის წყარო: საბანკო საქმე
საცხოვრებელი ადგილი: ალმათი, ყაზახეთი
მოქალაქეობა: ყაზახეთი
განათლება: ეკონომისტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: სამი
ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის სიძე. ფლობს ყაზახეთში აქტივების სიდიდით მეორე ბანკის – Halyk Bank -ის საკონტროლო პაკეტს. ამავე დროს არის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის – Samruk-Kazyna -ს გამგეობის თავმჯდომარე. პარალელურად ხელმძღვანელობს ფონდის `შვილობილების” – ენერგოკომპანიების: KazMunaiGaz -ის, KazAtomProm -ის, Samruk Energo -ს, Kegoc -ის, ასევე რკინიგზის ნაციონალური ოპერატორის Kazakhstan TemirZholy -ის – დირექტორთა საბჭოებს.
არის მსოფლიოს ნავთობის საბჭოს (World Petroleum Council) ყაზახეთის ეროვნული კომიტეტისა და ეროვნული ეკონომიკური პალატის თავმჯდომარე, ყაზახეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი.
2011 წლიდან არის Газпром-ის დირექტორთა საბჭოს წევრიც.
WikiLeaks -იდან ამოტივტივებული დიპლომატიური მიმოწერა კულიბაევს ყაზახური ეკონომიკის მთავარ მოქმედ პირად ასახელებს. შვეიცარიის ხელისუფლება ფულის სავარაუდო გათეთრების ეჭვით მის საქმეს იძიებს, თუმცა თავად კულიბაევი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
აქტივებში კულიბაევის თანაბარმოწილე მისი მეუღლე დინარა კულიბაევაა. სწორედ თანაბარი წილებით (34-34%) ფლობს კულიბაევების ოჯახი ქართულ „ჰალიკ ბანკ საქართველოს”, რომელმაც ქართულ ბაზარზე ოპერირება 2008 წლიდან დაიწყო.
არსებობის მოკლე პერიოდისა და ქართულ საბანკო ბაზარზე მოკრძალებული წვლილის მიუხედავად, „ჰალიკ ბანკი საქართველო” ცდილობს, აქტიური იყოს როგორც საქმიანობის ძირითად სეგმენტში, ასევე საზოგადოებრივ და საქველმოქმედო პროექტებშიც.
15. დინარა კულიბაევა
ჯამური ქონება: 1,3 მილიარდი დოლარი
Forbes -ის სარეიტინგო პოზიცია: N938 მსოფლიოს მილიარდერთა სიაში, N3 ყაზახეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის
ასაკი: 44 წელი
სიმდიდრის წყარო: საბანკო საქმე
საცხოვრებელი ადგილი: ალმათი, ყაზახეთი
მოქალაქეობა: ყაზახეთი
განათლება: პედაგოგი/თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (ГИТИС), მოსკოვი
საოჯახო სტატუსი: დაოჯახებული
შვილები: სამი
ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულტან ნაზარბაევის მეორე შვილი. მისთვის ნაკლებად დამახასიათებელია საჯარო აქტიურობა, საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდება და ხშირად ჟურნალისტებს ფოტოს გადაღების უფლებასაც არ აძლევს.
ბიზნესაქტივობებთან ერთად, დინარა კულიბაევა საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურია: კერძოდ, ხელმძღვანელობს მამის – ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის სახელობის საგანმანათლებლო ფონდს, რომელიც ბევრ წარჩინებულ სტუდენტს უკვალავს გზას.
ამავე დროს არის ყაზახურ-ბრიტანული ტექნიკური უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ყაზახეთის მხრიდან უნივერსიტეტის პატრონაჟს პრეზიდენტი ნაზარბაევი ახორციელებს, ბრიტანული მხრიდან კი ეს პატივი გაერთიანებული სამეფოს ამჟამად უკვე ექსპრემიერ ტონი ბლერს ერგო.
მეუღლესთან – ტიმურ კულიბაევთან ერთად ფლობს წილს Halyk Bank -ში, რომელიც უკვე სამი წელია, საქარ-თველოში შვილობილი ბანკით არის წარმოდგენილი. სწორედ Halyk Bank -ის აქციებია ის პირველი აქტივი, რომელსაც Forbes -ის რეიტინგებში კულიბაევების ოჯახის ქონების აღწერისას ახსენებენ.
დატოვე კომენტარი