“ლიბერთი ბანკის” განცხადებით, 150,000-მდე პენსიონერს სესხზე პროცენტი შეუმცირდება. ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.
15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით სარგებლობენ.
კერძოდ, “ლიბერთის” გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით არ უსარგებლია.
“ამ ცვლილების შედეგად 150,000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს”, – წერია ბანკის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები დადგინდა. სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს.
ფორმულა ასეთია: ექვსთვიან TIBR ინდექსს დამატებული 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც დღის განმავლობაში ბანკებს შორის გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელია და ხშირად ემთხვევა რეფინანსირების განაკვეთს.
უნდა ითქვას ისიც, რომ პროცენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს, ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.