2014-2018 წლებში სსიპ-მა − “აწარმოე საქართველოში” ქირის სახით 1,442,259 ლარი გადაიხადა, მათ შორის, 2018 წლის საიჯარო ქირამ 495,376 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მეირ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. კერძოდ, ანგარიშიდან ვკითხულობთ, რომ 2014 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით “აწარმოე საქართველოს” სს “ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისაგან” იჯარით აღებული აქვს არასაცხოვრებელი შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა N5/16-18-ში.
ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ფართი განისაზღვრა 198 კვ.მ-ით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა – 3,564 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები, რაც ითვალისწინებდა საიჯარო ფართის ან/და იჯარის ყოველთვიური ქირის ზრდას. 2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართი შეადგენდა 921.59 კვ.მ-ს ხოლო საიჯარო ქირა − 16,378 აშშ დოლარს.
“ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯეფექტიანობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯება ზემოაღნიშნული თანხები”, – განმარტავენ აუდიტში.
დატოვე კომენტარი