საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების უკეთ წარმოსაჩენად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით 2015 წლის 18 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „Batumi 2015” ჩატარდება.
ფორუმს 150-ზე მეტი რეგიონში არსებული წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელი პირი და წარმომადგენელი დაესწრება. კომპანიები უმეტესად ენერგეტიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორებიდან არიან წარმოდგენილნი.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გახსნიან.
მონაწილეებს სხვადასხვა პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორებისა და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას ასევე მიწავდიან საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
ფორუმი ასევე ითვალისწინებს პანელურ დისკუსიას თემაზე „ბიზნესის კეთება საქართველოში – წვდომა ფინანსებზე“ , რომლის მონაწილეებიც იქნებიან EBRD-ს რეგიონალური ოფისის, საპარტნიორო ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაგეგმილია დამსწრე საზოგადოებისათვის საქართველოში ინვესტირების წარმატებული მაგალითების გაცნობა და ორმხრივი სესიები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკონსულტაციო კომპანიებთან.
დატოვე კომენტარი