ჟურნალ Forbes-ის პირველი გამოცემის ყდაზე სიამაყით იყო დაანონსებული უნიკალური რუბრიკა: “ქალები ბიზნესში”, რომელიც რეგულარულად დაიბეჭდებოდა ჟურნალში მერიენ რ. გლენის რედაქტორობით. ეს ქალი გახლდათ ამერიკის ბანკირთა ასოციაციის წევრი და იმ ორ მანდილოსანთაგან ერთ-ერთი, რომელთა ავტორობითაც რუბრიკის სტატიები იბეჭდებოდა.
დაარსების ადრეული წლებიდანვე ჟურნალი გასაოცარი პროგრესულობით გამოირჩეოდა. Forbes-ის ხელმძღვანელობას სამუშაოდ აჰყავდა ქალი ჟურნალისტები, რომლებიც ბიზნესლიდერი ქალების შესახებ სტატიებს ამზადებდნენ და ეს ჯერ კიდევ მანამ ხდებოდა, ვიდრე ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიანიჭებდნენ.
ჟურნალის გვერდებზე იმ პერიოდში დაბეჭდილი ბევრი რამ დღესაც ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით – სამუშაო ადგილზე სექსიზმის არსებობა. აღსანიშნავი შორსმჭვრეტელობით გამოირჩეოდა ჟურნალის 1918 წლის გამოცემა, რომელშიც მიმოხილული იყო წიგნი სახელწოდებით “ამბიციური ქალები ბიზნესში”. ავტორი გადაკვრით მიანიშნებს მამაკაცებს, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი ისინიც წაიკითხავდნენ მის წიგნს.
ერთი წლის შემდეგ ჟურნალში დაიბეჭდა ინტერვიუ მშრომელ ქალთა ეროვნული ლიგის (მასში 915,000 ქალი იყო გაერთიანებული) თანადამფუძნებელთან – ვირჯინია პოტერთან. “ძველი ცრურწმენები სწრაფად ეძლევა მივიწყებას”, – ამბობდა ვირჯინია იმ ქალების შესახებ, ვინც 1919 წელს მშრომელთა რიგებს შეუერთდა.
“ქალები გააგრძელებენ წინსვლას და არა მხოლოდ საკუთარი საქმიანობით მოიხვეჭენ სახელს, არამედ უდიდეს წვლილს შეიტანენ თავიანთი ნამდვილი თუ შეძენილი სამშობლოს განვითარებაში”.
რა თქმა უნდა, ჟურნალის ყველა ნომერი ყვითელ ვარდებსა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებისათვის მებრძოლ ქალებს როდი ეთმობოდა. (“განა შეუძლიათ ქალებს დაპირების შესრულება?” – წერია 1917 წლის გამოცემის საბრალდებო სათაურში.)
1943 წლისათვის ქალები ჟურნალის ყდაზე გამოჩნდნენ – ჯინსის კომბინეზონებსა და თავსაბურავებში გამოწყობილი ქალები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ქალთა გამოწვევებზე საუბრობდნენ”.
გადიოდა წლები და მიუხედავად იმისა, რომ ქალები პერიოდულად ხვდებოდნენ ჟურნალის ფურცლებზე (მაგალითად, 1971 წელს გამოქვეყნებული სტატია “ქალთა ფემინისტური მოძრაობა როგორც მოდის არბიტრი”), 1990 წლის ოქტომბრამდე საქმიან ქალებს Forbes-ის ყდა აღარ დაუმშვენებიათ, ვიდრე მის ყდაზე ბრჭყვიალა ქვებით მორთულ ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი მადონა არ გამოჩნდა. “ამერიკის უჭკვიანესი ბიზნესქალი?” – ასეთ კითხვას სვამდა სტატიის სათაურში ავტორი.
(როგორც ჩანს, იმ პერიოდში ჟურნალს ვერ წარმოედგინა, რომ ეს ინდუსტრია ასე სწრაფად განვითარდებოდა – სამი წლით ადრე Forbes-მა გამოაქვეყნა “კორპორაციული ამერიკის ყველაზე გავლენიანი 797 მამაკაცისა და სამი ქალბატონის სია”).
დირექტორთა საბჭოს რიგებში ქალთა აღზევების პარალელურად გენდერული ბალანსი Forbes-ის ფურცლებზეც მალევე გაუმჯობესდა. 2004 წელს ჟურნალმა გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგი, სადაც პირველი ადგილი ეკავა პრეზიდენტის მრჩეველს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში კონდოლიზა რაისს.
გასული ათწლეულის განმავლობაში ჟურნალის ყდაზე არაერთი ბიზნესლიდერი და მეწარმე ქალი ვიხილეთ, მათ შორის General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა, კოსმეტიკური კომპანია Honest Company-ის დამფუძნებელი ჯესიკა ალბა და გართობის ინდუსტრიის მაგნატი ოპრა უინფრი.
2015 წლიდან ჟურნალი Forbes-ი ამერიკის უმდიდრეს “სელფ-მეიდ” ქალთა რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ყოველ წელს ხვდებიან ახალ-ახალი გასაოცრად მდიდარი ქალები, რომელთაც აურაცხელი სიმდიდრის მოხვეჭა შეძლეს, რაც უდავად ძალიან გაახარებდა მერიენ რ. გლენს.
დატოვე კომენტარი