ინდოეთთან კოსმოსურ რბოლაში პოზიციების გასამყარებლად, რუსეთი, 1976 წლის შემდეგ პირველად, მთვარეზე ლენდერს გაგზავნის. მიზანი ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსის შესწავლაა, სადაც პოტენციურად წყლის მოპოვებაა შესაძლებელი.
რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკომოსი“ ხომალდს მოსკოვიდან 5,550 კილომეტრის დაშორებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომიდან გაუშვებს. წინასწარი ინფორმაციით, მისი გაშვება 23 აგვისტოსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მთვარის უსწორმასწორო რელიეფი მასზე კოსმოსური აპარატების დაშვებას მნიშვნელოვნად ართულებს. აქედან გამომდინარე ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე ლენდერის დასმა დიდი გამოწვევა იქნება.
მთვარის სამხრეთ პოლუსი მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ გამოუკვლევ არეალს წარმოადგენს. მათი მტკიცებით, აქ დიდი რაოდენობით ყინულია, რომელიც მომავალში შესაძლოა საწვავის ან ჟანგბადის მისაღებად გამოიყენონ. გარდა ამისა, ყინული შესაძლოა სასმელი წყლის წყაროდაც გამოდგეს.
„როსკომოსის“ ინფორმაციით, მათი ხომალდი Luna-25 მთვარემდე მისვლას 5 დღეს მოანდომებს. ის მთვარის ორბიტაზე 7 დღეს დაყოფს და ამის შემდეგ დაიწყებს ლენდერის დასმას სამიდან ერთ-ერთ პოტენციურ ლოკაციაზე. ამ ვადების გათვალისწინებით, რუსებს მთვარეზე დაშვება ინდოელებზე ადრე შეეძლებათ. თუმცა ამისათვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს.
„როსკოსმოსის“ განცხადებით, ორი მისია ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, რადგან მათ დაშვების განსხვავებული ლოკაციები აქვთ. „არ არსებობს ერთმანეთისთვის ხელის შეშლის ან შეჯახების საფრთხე. მთვარეზე ადგილი ყველასთვისაა,“ – ნათქვამია „როსკოსმოსის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინდური ლენდერი, რომელიც ქვეყანამ მთვარეზე ცოტა ხნის წინ გაგზავნა, იქ ექსპერიმენტებს 2 კვირის განმავლობაში ჩაატარებს. რუსული Luna-25 კი ციურ სხეულზე ერთ წელიწადს დაყოფს. სპეციალური სამეცნიერო აღჭურვილობის დახმარებით ლენდერი, შემდგომი შესწავლისთვის, მთვარის ზედაპირიდან 15 სანტიმეტრის სიღრმეზე ნიმუშებს მოაგროვებს.