ბრიტანელი ბიზნესმენი და თავგადასავლების მაძიებელი ჰამიშ ჰარდინგი იმ მგზავრებს შორისაა, რომლებიც ორშაბათს, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ტურისტულ წყალქვეშა ნავზე იმყოფებიან. წყალქვეშა ნავით, „ტიტანიკის“ ნამსხვრევების დასათვალიერებლად, სულ ხუთი ადამიანი გადაადგილდებოდა.
როგორც ჰარდინგის მიერ საკუთარ Instagram-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდანაც ირკვევა, ბიზნესმენი OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე სპეციალისტის რანგში იმყოფებოდა. ჰარდინგის განცხადებითვე, რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული მგზავრობა მიმდინარე წელს „ტიტანიკის“ კატასტროფის ადგილზე, შესაძლოა, ერთადერთ პილოტირებული ჩაყვინთვა გამხდარიყო.
ჰარდინგი ბრიტანული თვითმფრინავების ყიდვა-გაყიდვის კომპანია Action Aviation-ის თავმჯდომარეა. ბიზნესმენი, პილოტი და თავგადასავლების მოყვარული ჰარდინგი გინესის სულ მცირე ოთხ რეკორდს ფლობს, მათ შორის ორივე პოლუსის გადაკვეთით, დედამიწის გარშემო თვითმფრინავით ყველაზე სწრაფი შემოვლისა და ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილში, ყველაზე ხანგრძლივი სოლო-ჩაყვინთვისთვის.
2021 წლის მარტში ჰარდინგი Challenger Deep-ში მონაწილეობისთვის ამერიკელ ბიზნესმენსა და მასავით თავგადასავლების მაძიებელ ვიქტორ ვესკოვოს შეუერთდა. ჰარდინგმა და ვესკოვომ, ოკეანის ფსკერის ყველაზე ღრმა წერტილამდე მიღწევით, ორი რეკორდი დაამყარეს. გარდა ამისა, ბრიტანელი გასული წლის ივნისში, ბეზოსის Blue Origin-ის ეკიპაჟის წევრებს შორისაც იყო, რომლებიც NS-21 მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ.
დაუზუსტებელია, თუ რა ქონებას ფლობს ავიაციის ბრიტანელი მაგნატი. ზოგიერთი ბრიტანული გამოცემა, მათ შორის Telegraph-ი, ჰარდინგს მილიარდერად მოიხსენიებს, თუმცა მისი სახელი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში არ ფიგურირებს.
OceanGate Expeditions-ის აღმოსაჩენად და მგზავრთა უვნებლად დასაბრუნებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, წყალქვეშა ნავს, ჩაძირვის მომენტში, 96 საათის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებს კანადისა და აშშ-ის სანაპირო დაცვა ხელმძღვანელობს.