მედიაგამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის დაწესებული საიმპორტო აკრძალვის გამო, ქვეყანა გეგმავს, პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს სასამართლოში უჩივლოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Politico უკრაინის სავაჭრო წარმომადგენლის, ტარას კაჩკას განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტარას კაჩკა საკითხის შესახებ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ მაისში ევროკავშირის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს საშუალება მისცა, უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის მარცვლების ადგილობრივ ბაზრებზე გაყიდვა აეკრძალათ. თუმცა, პარალელურად, ამ ტვირთების სხვა ტერიტორიებზე ექსპორტისთვის ტრანზიტი დაეშვათ.
გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ აღნიშნული აკრძალვის გაგრძელების გადაწყვეტილება არ მიიღო, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა საკუთარი შეზღუდვები და აკრძალვები გამოაცხადეს. ევროკავშირის წევრი ამ სამი ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ადგილობრივი ეკონომიკებისა და ადგილობრივი ფერმერების დაცვაა.
უკრაინის სავაჭრო წარმომადგენლის, ტარას კაჩკას განცხადებით, ეს ქმედებები არალეგალურია და ამის დამტკიცება მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ უკრაინა მათ წინააღმდეგ სამართლებრივ ქმედებებს იწყებს. გარდა ამისა, ტარას კაჩკამ იმაზე მიანიშნა, რომ უკრაინას პოლონეთისთვის საპასუხო ზომების დაწესების შესაძლებლობაც აქვს.
ოფიციალური კიევის განმარტებით, უკრაინული მარცვლეულისათვის აკრძალვების დაწესების საკითხზე საერთაშორისო არბიტრაჟის ჩართვა განიხილება. ცნობისთვის, ევროკავშირმა მაისში დაწესებული აკრძალვა გასულ კვირას მას შემდეგ გააუქმა, რაც უკრაინამ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების პასუხისმგებლობა აიღო.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ესპანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ესპანეთი უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას აკრძალვების თვითნებურად დაწესებასთან დაკავშირებით, უსამართლოდ მიიჩნევს. საფრანგეთი კი ამ გადაწყვეტილებაში ევროპული სოლიდარობის საფრთხის ქვეშ დაყენების რისკებს ხედავს.