Forbes–მა მილიარდერების რეიტინგი განაახლა. 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგის სათავეში წელსაც, ისევე როგორც 2019–ში Amazon –ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მიუხედავად $40 მილიარდიანი განქორწინებისა, ბეზოსი კვლავ ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.
ბეზოსი Forbes–ის რეიტინგის სათავეში უკვე ზედიზედ მესამე წელია არის. გასულ წელს მისი ქონება $18 მილიარდით შემცირდა და $113 მილიარდი გახდა, ამის მიზეზი ნაწილობრივ, სწორედ მისი და მისი მეუღლის მაკენზი ბეზოსის გაყრა გახდა. სწორედ ამ გაყრის შემდეგ მაკენზი ბეზოსიც კი მოხვდა მდიდარი ადამიანების სიაში. მან განქორწინების შედეგად $38 მილიარდი მიიღო. ამასთან, გაყრის შეთანხმების მიხედვით, მაკენზი ბეზოსს Amazon–ის აქციების 25%–იც ერგო. ის Forbes–ის რეიტინგში 22–ე ადგილზეა.
2020 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამაც, რამაც გლობალურ ბაზარზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პანიკა შექმნა. მარტის პირველ ნახევარში 226–მა ადამიანმა დაკარგა მილიარდერის სტატუსი, შედეგად ახლა მხოლოდ 58–ით ნაკლები მილიარდერია დედამიწაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში კი მსოფლიოში Forbes–ის მიხედვით 2,095 მილიარდერია.
ამ მილიარდერებიდან 51% უფრო “ღარიბია“ გასულ წელთან შედარებით. საერთო ჯამში კი მათი ქონება $8 ტრილიონს უდრის, რაც 2019 წელთან შედარებით $700 მილიარდით ნაკლებია.
რეიტინგში მეორე ადგილას არის Microsoft –ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც $98 მილიარდის ოდენობის ქონებას ფლობს. მესამე ადგილი კი LVMH –ის ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა ბერნარ არნომ დაიკავა, რომელმაც $76 მილიარდის ოდენობის ქონებით უორენ ბაფეტს გადაასწრო. თავის მხრივ ბაფეტმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მისი ქონება ახლა $67.5 მილიარდია.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ქალს, წელს ეს “ტიტული“ კვლავ Walmart–ის მფლობელმა ელის უოლტონმა დაიკავა. ის მეცხრე ადგილზეა საერთო რეიტინგში და$54.4 მილიარდს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის რეიტინგისგან განსხვავებით, წელს მაკენზი ბეზოსის გარდა მილიარდერების სიაში 177 ახალი სახე მოხვდა. მათ შორის არის Zoom–ის დამფუძნებელი ერიკ იუანი. ის რეიტინგში 293–ეა და მისი ქონება უკვე $5,5 მილიარდს შეადგენს. მისი კომპანიის აქციების ფასმა რეკორდულად მოიმატა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ვიდეოკონფერენციების მასობრივი გამოყენება დაიწყეს დისტანციური მუშაობისა და სწავლის მიზნით.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ახალი მილიარდერია Mark Anthony Brands–ის ხელმძღვანელი ენტონი ფონ მენდლი. მისმა კომპანიამ შექმნა White Claw, რომელიც ძალიან პოპულარული ალკოჰოლური სასმელი გახდა. ენტონის ქონება Forbes–ის გამოთვლებით $3,3 მილიარდს უდრის, ის რეიტინგში 590–ე ადგილზეა.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარი 20 ადამიანის რეიტინგს, ასე გამოიყურება:
- ჯეფ ბეზოსი – $113 მილიარდი
- ბილ გეითსი – $98 მილიარდი
- ბერნარ არნო – $76 მილიარდი
- უორენ ბაფეტი – $67,5 მილიარდი
- ლარი ელისონი – $59 მილიარდი
- ამანსიო ორტეგა – $55,1 მილიარდი
- მარკ ცუკერბერგი – $54,7 მილიარდი
- ჯიმ უოლტონი – $54,6 მილიარდი
- ელის უოლტონი – $54,4 მილიარდი
- რობ უოლტონი – $54,1 მილიარდი
- სტივ ბალმერი – $52,7 მილიარდი
- კარლოს სლიმი – $52,1 მილიარდი
- ლარი პეიჯი – $50,9 მილიარდი
- სერგეი ბრინი – $49,1 მილიარდი
- ფრანსუა ბეტანკურ–მაიერსი – $48,9 მილიარდი
- მაიკლ ბლუმბერგი – $48 მილიარდი
- ჯეკ მა – $38,8 მილიარდი
- ჩარლზ კოხი – $38,2 მილიარდი
- ჯულია კოხი – $38,2 მილიარდი
- მა ხუატენი – $38,1 მილიარდი.
დატოვე კომენტარი