რამდენიმე დღის წინ, საავიაციო ინდუსტრიის პლატფორმა AirlineRankings.com-მა ყველაზე უსაფრთხო ავიაგადამყვანების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. სიაში მსხვილ, ცნობილ ავიახაზებთან ერთად, ნაკლებად ცნობილი, ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც მოხვდნენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გასული წელი ავიაინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა. კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელს საჰაერო მიმოსვლა სრული ტემპებით აღდგა. თითქმის ორწლიანი შეჩერების შემდეგ, ავიახაზების უმთავრესი გამოწვევა პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების ჩვეულ ფორმაში დაბრუნება და საოპერაციო სერვისების განხორციელება გახლდათ. უსაფრთხოების კუთხით ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცა.
შესაბამისად, რეიტინგის შედგენისას AirlineRankings.com-მა რამდენიმე ცვლადი გაითვალისწინა. მათ შორის იყო ეკიპაჟის საშუალო ასაკი, ინციდენტების რაოდენობა, ფატალური შემთხვევები, სამთავრობო და კერძო აუდიტების შედეგები და უსაფრთხოების კუთხით ინდუსტრიის წამყვანი ინიციატივები.
2023 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაგადამყვანად ავსტრალიური Qantas-ი დასახელდა. მან გასული წლის ლიდერი, Air New Zealand-ი ჩაანაცვლა. Qantas-ი წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია 2014, 2015, 2016, 2017, 2019, 2020 და 2021 წლებშიც გახდა.
საინტერესოა, რომ ოცეულში რამდენიმე ამერიკული ავიაკომპანიაც შევიდა: Alaska Airlines-ი, Hawaiian Airlines-ი, United Airlines-ი, American Airlines-ი და Delta Air Lines-ი.
20 ყველაზე უსაფრთხო ავიაგადამყვანის რეიტინგს უცვლელად გთავაზობთ:
- Qantas
- Air New Zealand
- Etihad Airways
- Qatar Airways
- Singapore Airlines
- TAP Air Portugal
- Emirates
- Alaska Airlines
- EVA Air
- Virgin Australia/Atlantic
- Cathay Pacific Airways
- Hawaiian Airlines
- SAS
- United Airlines
- Lufthansa/Swiss Group
- Finnair
- British Airways
- KLM
- American Airlines
- Delta Air Lines