პირველი თაობის გაუხსნელი iPhone-ი, რომელიც 2007 წელსაა გამოშვებული, აუქციონზე ორიგინალ გასაყიდ ფასზე 100-ჯერ ძვირად, $63,356-ად გაიყიდა. აუქციონის ხელმძღვანელ LCG Auctions-ის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი ბრენდის ყველაზე ძვირად გაყიდული მობილური ტელეფონია. ცნობისთვის, დაახლოებით 15 წლის წინ, აღნიშნული iPhone-ის ღირებულება $599-ს შეადგენდა.
გაჯეტი იმ დროისთვის მხოლოდ 4GB-იანი ან 8GB-იანი მეხსიერებით, 2-მეგაპიქსელიანი კამერითა და 3.5-ინჩიანი ეკრანით იყო ხელმისაწვდომი. აუქციონზე გაყიდული მოდელი კარენ გრინს ეკუთვნოდა, კოსმეტიკურ ტატუ-არტისტს ნიუ-ჯერსიდან. გრინს მობილური საჩუქრად გადასცეს, თუმცა Verizon-თან კონტრაქტის გამო, რომელიც iPhone-ზე ხელმისაწვდომი არ იყო, მფლობელს მობილური არასდროს გაუხსნია.
გრინი მობილური ტელეფონის გაყიდვაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ოქტომბერში, LCG Auctions-ისგან, კიდევ ერთი, 2007 წელს გამოშვებული პირველი თაობის iPhone-ის $40,000-ად გაყიდვის შესახებ შეიტყო. გრინს კი ფული თავისი კოსმეტიკური ტატუ-სტუდიისთვის სჭირდებოდა.
აუქციონი ორ თებერვალს გაიხსნა და 19 თებერვალს დაიხურა. სააუქციონო სახლის განცხადებით, გრინი „დიდი ისტორიის მქონე უნიკალური ნივთის“ მფლობელი გახლდათ. iPhone-ზე ვაჭრობა $2,500-დან დაიწყო, სავარაუდო გასაყიდ ფასად კი, $50,000 განიხილებოდა. თუმცა, მობილურმა ტელეფონმა ამ მოლოდინსაც გადააჭარბა და საბოლოოდ, $13,000-ით მეტად, $63,356-ად გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ Apple-მა პირველი iPhone-ი 2007 წლის იანვარში, სტივ ჯობსის ხელმძღვანელობით წარადგინა. იმ დროს, თავად ჯობსმა, Macworld-ის კონფერენციაზე, iPhone-ს „რევოლუციური“ უწოდა.
დატოვე კომენტარი