რუსეთი ეკონომიკური ფუტლარია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ინვესტორი, ვინც თვლის, რომ ამ წელს რუსული დათვი ცოფიან ხარად გადაიქცევა.
ამქვეყნად ცოტა სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ინვესტორებს ისე ჰგვრის ძრწოლას, როგორც ამას დედა რუსეთი ახერხებს.
გვერდზე რომც გადავდოთ კაპიტალის ბაზარზე მისი რეპუტაციის რამდენიმე საზიზღარი ლაქა – 1998 წელს ვალის გადაუხდელობით დაწყებული, პრეზიდენტ პუტინის მიერ 2003 წელს Yukos Oil-ის ექსპროპრიაციითა და 2005 წელს ჰეჯ-ფონდის ვარსკვლავი მენეჯერის, Hermitage Capital-ის ბილ ბრაუდერის დეპორტაციით დამთავრებული – $30-ზე იაფი ნავთობი, 16%-იანი ინფლაცია და ეკონომიკური სანქციები რუსეთს ხელშეუხებელ ტერიტორიად აქცევს უმეტესი ინვესტორებისთვის.
თუ ვინმე “იყიდე, როცა ქუჩაში სისხლი იღვრება”-სტრატეგიას მისდევს, ეს 44 წლის დევიდ ჰერნია, 12 წლის წინათ Specialized Research & Investment Group (Spring)-ის დამფუძნებელი – $500-მილიონიანი აქტივების განმკარგავი კომპანიისა, რომელიც მოსკოვშია დაარსებული და რომლის 25 ადამიანისგან შემდგარი საშტატო პერსონალი ლონდონსა და ტოკიოს შორისაა მიმოფანტული. ჰერნი რუსეთში 1994 წლიდან ცხოვრობს. ის ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალრიცხოვან ამერიკელ და ბრიტანელ კოვბოი-ინვესტორთაგან, ვინც სრულწლოვანი ცივი ომის დასრულებისას გახდა და დაშლილ საბჭოთა კავშირში შესაძლებლობები დაინახა.
2014 წლის 49%-იანი ვარდნის შემდეგ, 2015-ში, MSCI Russia Index-ის მონაცემებით, რუსულ საფონდო ბირჟაზე 10%-იანი ზრდა აღინიშნება მაშინ, როცა MSCI Emerging Markets-ის ინდექსმა 14%-ით იკლო, ხოლო S&P500-ი 1%-იან მოგებას აჩვენებს. ჰერნის ფლაგმანს, Specialized Russian Growth Limited Fund-ს 20.9%-იანი ზრდა აქვს.
და მაინც, გაუთავებელი ცუდი ახალი ამბების პირობებში, ინვესტორთათვის რუსეთის მიყიდვა შეუძლებელია. “არც კი ვირჯებით”, – ამბობს მოსკოვის Crown Plaza Hotel-ის კაფეში მოკალათებული, კოსტიუმში გამოწყობილი ჰერნი. მისი ნდობით აღჭურვილი ქალი პარასკევა – ინვესტორთან ურთიერთობის მენეჯერი იანა სტაროვოიტოვა – თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და ჟასმინის ჩაის ისხამს. ოქტომბრის დასაწყისია, გარეთ კი ტემპერატურა 1 გრადუსსაც ვერ აღწევს. გასულ კვირას თოვდა.
Spring-ი, რომლის ოფისები კრემლიდან 15 წუთის სავალზეა განლაგებული, სულ ხუთ ფონდს ფლობს. მათგან ორი ახალია, მათ შორის – რუსული უძრავი ქონების კერძო სააქციო ფონდი და 19 თვის გლობალური მაკროფონდი, სახელად RAN Disaster Protection Limited Fund-ი, რომელიც MSCI World-თან უარყოფითად კორელირებს. ჰერნი ამჟამად Russian Growth-ის ფონდის მართვაზეა ორიენტირებული – კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული ჰეჯ-ფონდისა, რომელიც ღიაა, სულ მცირე, $250,000-იანი ინვესტიციების მოსურნეთათვის. მისი სტრატეგია, ერთი მხრივ, მთლიანი პერსპექტივის გააზრებაში – ჯორჯ სოროსისებრ გლობალურ მაკრომიდგომაში – მდგომარეობს, მეორე მხრივ კი რუსეთის მესაკუთრეობრივი ბაზრის შესასწავლად, ე.წ. ადგილობრივ რიგით ჯარისკაცებს ეყრდნობა და თავის პირად კონტაქტებს რუსული ბიზნესის აღმასრულებელ შტოებში.
“წელს რუსულ ფონდში იაპონური ფული შემოგვივიდა, – ამბობს ჰერნი და მენიუს ათვალიერებს, რომ რაიმე მარტივი კერძი შეარჩიოს, ვიდრე შეხვედრაზე წავა. – მაგრამ ყველამ, ვისაც კუჭი ნერვიულად უკაწკაწებდა, 2009 წელს რუსეთიდან გასვლა დაიწყო”.
“გამოცდილ რუს ინვესტორებს ერთი ხუმრობა აქვთ, – აგრძელებს ის, – რომლის თანახმადაც, თუ შესყიდვა ეკონომიკური ციკლის ყველაზე დაბალ დონეზე განახორციელე, მეორე დონე უფასოდ გერგება. რუსეთში ჩემი 20-წლიანი ინვესტიციის გამოცდილება მაჩვენებს, რომ ეს ბაზარი ციკლურია. ყოველ კრიზისს ბაზრის ბუმი მოსდევს. ასე არასათანადოდ შეფასებული ბაზრის პირობებში, ’თუ’ კითხვად არ დგას, კითხვა არის – ’როდის’”.
ჰერნი ერთადერთი არაა, ვინც რუსეთის ეკონომიკურ გამოჯანმრთელებაზე დებს ფსონს.
სტივენ ლენდისი – სწრაფად მზარდი ბაზრების საობლიგაციო ფონდის მენეჯერი, რომელიც $165-მილიარდიანი ფილადელფიური Delaware Investments-ისთვის მუშაობს – წინდახედულ ინტერესს იჩენს. “იმ გამოწვევების მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, რომელთა წინაშეც რუსეთი მდგარა, საქმეს კარგად ართმევენ თავს, – ამბობს მოსკოვში, ინვესტორთა კონფერენციაზე ჩასული ლენდისი. – ბოლო წლის განმავლობაში რუსული აქტივების ფასი მკვეთრად მერყეობდა, ასეთი მერყევი სიტუაცია კი სურვილს გიჩენს, ამ ბაზარში ჩაერთო”.
“რუსულ სააქციო კაპიტალში მკვეთრად ჭარბი წონა გვაქვს”, – ამატებს ჯერარდო ზამორანო Brandes-იდან – სან-დიეგოში დაფუძნებული $26-მილიარდიანი საინვესტიციო ფირმიდან. მისი Brandes Markets Value Fund-ის კაპიტალის დაახლოებით 10% რუსეთშია დაბანდებული მაშინ, როცა MSCI-ს სულ 4%-ს ერგო.
Brandes-ისა და Delaware-ის მსგავსად, ჰერნი ამაყობს თავისი მიდგომით ინვესტიციის მიმართ. თუმცა, Brandes-ისა და Delaware-ისგან განსხვავებით, ჰერნს შავი სამუშაოს შესრულება უწევს – რუსულ ზამთარში თოვლს მიაპობს ხოლმე, რათა კომპანიებში მივიდეს და ისეთ ადამიანებს დაელაპარაკოს, როგორიც, მაგალითად, ჰერმან გრეფია – რუსეთის ფინანსური გიგანტის, Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორი, წამყვანი ჰოლდინგისა, რომლის მოგება წლის დასაწყისიდან დღემდე 57%-ით გაიზარდა.
ჰერნის მსგავს ექსპატებს, რუსეთში გადასაბარგებლად, როგორც წესი, ორიდან ერთი რამ აცდუნებთ: ან კომუნიზმით გატაცება, ან კი რუსული ლიტერატურის სიყვარული. ჰერნის შემთხვევა “ძმებ კარამაზოვებს” უკავშირდება. ჰარვარდის ფილოსოფიის სტუდენტი, ჰერნი, რუსეთში პირველად 1992 წელს ჩავიდა. იქ თავისი მომავალი ცოლი, სვეტლანა გაიცნო და როცა 1994 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა, კემბრიჯი დატოვა და მოსკოვში გადასახლდა. ელცინის ეპოქაში დასავლელები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც ჰარვარდის ხარისხი ჰქონდათ და მანჰეტენ-ბიჩში (კალიფორნია) იყვნენ გაზრდილები. რუსებისთვის, რომლებიც კაპიტალისტური ეშმაკობების დაუფლებას იწყებდნენ, ბრიტანეთში დაბადებული ჰერნი ძველი და ახალი ინგლისის იდეალურ ნაზავს წარმოადგენდა, კალიფორნიული მიმზიდველობის არომატით. “ეს ბიჭი ალბათ ყველაფრის აზრზეა”, – ასე აღიქვამდნენ მას.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჰერნის პირველი სამუშაო Boston Consulting Group-ში იყო – ელექტროენერგიის კერძო აქციების გარიგებებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკს. ერთი წლის თავზე, საერთაშორისო აქციების გაყიდვის კუთხით, Credit Suisse First Boston-ში საინვესტიციო კარიერა დაიწყო. მომდევნო 15 წელი კი კორპორაციული რუსეთის საფუძვლიან გაცნობაში გაატარა. 2000 წელს ქვეყნის ყველაზე მსხვილი ენერგოკომპანიის, RAO UES-ის, საბჭოს წევრად აირჩიეს და კომპანიის პრივატიზების სტრატეგიის მართვა მიანდვეს. გარდა ამისა, მას ათზე მეტი კომპანიის საბჭოში უმუშავია, მათ შორის Aeroflot-სა და Tsum-ში – წითელი მოედნიდან რამდენიმე კვარტალში მდებარე ძვირფას შოპინგ-ცენტრში. როცა ჩათვალა, რომ რუსულ ბიზნესის გაეგებოდა, 2003 წელს თანამდებობა დატოვა და უკვე თავისი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებას შეუდგა, რომელიც არასათანადოდ შეფასებული აქტივების ყიდვასა და მათ უფრო მაღალ ფასად გაყიდვაში მდგომარეობდა, რასაც დღემდე მისდევს და რომელიც იმ უცხოელებისთვისაა, ვისაც რაღაც სხვა უნდა, ვიდრე Gazprom-ი და Rosneft-ი.
მართალია, ჰერნი ამბობს, რომ რუსული ბაზრის განჭვრეტა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ამწუთას მის საყვარელ ფონდებს შორისაა ავტომწარმოებელი Sollers-ი, რომელიც მსხვილ კომპანიებთან (როგორიცაა, მაგალითად, Mazda და Ford-ი) თანამშრომლობით, წელიწადში სადღაც 550,000 მანქანას აწარმოებს.
ჰერნის კიდევ ერთი რჩეული LSR Group-ია – რუსეთის უძრავი ქონების უმსხვილესი დეველოპერი, რომლის მოგება, წლის დასაწყისიდან დღემდე, 43%-ით გაიზარდა, 9%-იანი აქციის შემოსავლიანობით. ჰერნს აქვს წილი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ Bashneft-შიც. წლის დასაწყისიდან დღემდე, ამ კომპანიის აქციების ფასი 42%-ით გაიზარდა და 7.5%-იანი შემოსავლიანობა აქვს.
“მომწონს იმიტომ, რომ ის ერთადერთი რუსული ნავთობკომპანიაა მზარდი კაპიტალდაბანდებისთვის”, – ამბობს ჰერნი. შედარებისთვის: წლევანდელი მონაცემებით, Rosneft-ი ჯერჯერობით 12%-იან ზრდას უჩვენებს, Lukoil-ი – 1.8%-იან კლებას, Gazprom Neft-ი კი 7%-იან კლებას.
ჰერნი ამბობს, რომ რუსული რუბლის სისუსტე დადებითად აისახა მისი ფონდის 18 კომპანიაზე. “რუსეთის მთავრობა შეეგუა სუსტ რუბლს და ბევრს არაფერს გააკეთებს მის გასამყარებლად”, – ამბობს ის.
ეს კარგი ამბავია რუსი ექსპორტიორებისთვის. “საწარმოო ხარჯები რუბლშია, შემოსავლები ექსპორტიდან – დოლარში, რაც რუსულ კომპანიებს უფრო მოგებიან პოზიციაში აყენებს, ვიდრე მათ გლობალურ კოლეგებს”.
ჰერნის მზარდმა ფონდმა საქმიანობა რაკეტის სისწრაფით დაიწყო: პირველი ორი წლის განმავლობაში 108%-იანი ზრდა ჰქონდა. შემდეგ, როცა 2011-ის შუა პერიოდში რუსეთის ბაზარმა სწრაფი დაღმასვლა დაიწყო, მას გარკვეული მოგების დათმობა მოუწია. დასაწყისიდან – 2009 წლიდან – ჰერნის ფონდი დოლარში 23%-ითაა დაცემული, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენითაც MSCI Russian Index-ი. და მაშინ, როცა ჰერნი ინვესტორებისთვის ჰეჯ-ფონდის სტანდარულ გადასახადად ფიქსირებულ ორ და მოგების ოც პროცენტს აწესებს, ის მათგან ე.წ. წამახალისებელ ჰონორარს არ იღებს, თუ ბენჩმარკს არ გადააჭარბა.
ინვესტორებს, რომელთაც მოსწონთ რუსეთის ეკონომიკურ გამოჯანმრთელებაზე დაფუძნებული ჰერნისეული საფონდო სტილი, მაგრამ მის მინიმუმებსა თუ ჰონორარებს ვერ სწვდებიან, ისეთი უფრო დაბალხარჯიანი, ბირჟაზე ბრუნვადი ფონდებით შეუძლიათ, ისარგებლონ, როგორიცაა Van Eck Global’s Market Vectors Russia. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს ფონდები, დიდი ალბათობით, თვალს ადევნებენ ნავთობის ფასებს, რადგანაც ნავთობის რუსულ ფონდებში მათ ჭარბი წონა აქვთ.
ჰერნი არ ელოდება, რომ ნავთობი რუსეთის ეკონომიკას გადაარჩენს. მას არასათანადო წონა აქვს ნავთობსა და გაზში და ჭარბი წონა – ისეთ მძლავრ საცალო ვაჭრობაში, როგორიც გასტრონომიული და საყოფაცხოვრებო საქონლის რუსული ქსელი, Magnit-ია. თუ ევროპა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს გაუუქმებს – სცენარი, რომელიც, ჰერნის აზრით, უფრო რეალურია იმის ფონზე, რომ აგრესია უკრაინაში იკლებს, ხოლო სირიაში რუსეთის საჰაერო ომი სულ უფრო დადებითად ფასდება – ეს მის პორტფოლიოს კიდევ უფრო მძლავრად დამუხტავს.
“ევროპულ ინსტიტუციებს რუსეთში ინვესტირება სურთ, მაგრამ ჯერჯერობით ეკრძალებათ. ვიცით, ვინც არიან, რადგან ვსაუბრობთ მათთან”, – ამბობს ის.
“აქ ოთხი შვილი გავზარდე. ჩვენ ერთ-ერთი პირველი უცხოელი მენეჯერები ვართ, რომლებიც კვლავაც შემოვრჩით. არასდროს ვიძლევით იმის პირობას, რასაც ვერ შევასრულებთ. მე ვიცი, რომ რუსული ბაზარი გაცილებით ღირებული გახდება, ვიდრე დღეს არის”.
დატოვე კომენტარი