გადავადებებისა და ხარჯებში მილიარდობით დოლარის გადაჭარბების შემდგომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ბირთვული რეაქტორი ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ Southern Co-ს პროექტი, 2016 წლის შემდეგ, აშშ-ის კომერციული მნიშვნელობის პირველი ახალი ბირთვული რეაქტორია.
კომპანიის განცხადებით, სტარტაპის გამოცდა ჯორჯიაში, Southern Co-ს Vogtle-ის ელექტროსადგურის Unit 3-ში გაგრძელდება. სწორედ აქ დაიწყება ელექტროენერგიის წარმოება, ხოლო მაის-ივნისიდან კი რეაქტორი უკვე კომერციულ ექსპლუატაციაშიც შევა. გასულ თვეში კომპანიას Vogtle-ის ექსპლუატაციის თარიღის გადაწევისთვის $201 მილიონის გადახდა დაეკისრა. ცნობისთვის, აშშ-ის ბოლო კომერციული მნიშვნელობის რეაქტორი, Tennessee Valley Authority-ის Watts Bar 2 შვიდი წლის წინ ამოქმედდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ბაიდენის ადმინისტრაცია, ბირთვული ელექტროსადგურების მუშაობის გასახანგრძლივებლად, $1.2-მილიარდიანი დაფინანსების შეთავაზებით გამოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმით, პირველად დაფინანსება მუშაობის აღსადგენად უახლოეს წარსულში დახურულ ელექტროსადგურებსაც შეეხება.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბირთვულ ენერგიას ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგიის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მიიჩნევს, რომლის შენარჩუნება და განვითარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ 2035 წლისთვის ქვეყანას 100%-ით სუფთა ელექტროენერგიის მიზნის მიღწევა სურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად ჯამში 92 ბირთვული რეაქტორია.
დატოვე კომენტარი