2017 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 4.5% პუნქტით გაიზარდა და 22.7% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.8% პუნქტით შემცირდა და 7.9%-ს გაუტოლდა. ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე გაიზარდა, რაც ე.წ. ლარიზაციის პროგრამამ გამოიწვია. პროგრამების ფარგლებში ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის დოლარში აღება აიკრძალა, რამაც ლარში დაკრედიტებაზე მოთხოვნა და შესაბამისად სესხის პროცენტი გაზარდა.
2017 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6 მილიარდი ლარით (39%-ით), ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 190 მლნ დოლარით (4%-ით) გაიზარდა. ლარში გაცემული სესხების ნაზრდიდან 828 მლნ ლარი სამომხმარებლო სესხებზე მოდის. 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სულ 21.9 მილიარდი ლარის (ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით) სესხია გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 58%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65.4% იყო.
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 19 მლნ ლარით (4.7%-ით) შემცირდა და 392 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.8%-ია, რაც ბოლო 2 წელიწადში მინიმალური მაჩვენებელია. 2017 წლის პირველ იანვარს აღნიშნული მაჩვენებელი 2.2% იყო.
გრაფიკი: წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე
დატოვე კომენტარი