უოლტ დისნეის კომპანია გამორჩეულად წარმატებული კომპანიაა ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სექტორში – გასართობ ინდუსტრიაში.
“დისნეის” კომპანიისთვის ყოველი წელი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მისთვის დროის ცვლილება წარმატების ზრდას ნიშნავს. მართალია, საკმაოდ ტკბილად ჟღერს, თუმცა, ცხადია, ეს თავისთავად არ ხდება: კომპანია თავის “ბიზნესლანდშაფტს” რეგულარულად ავითარებს და ამის კარგი მაგალითი სწორედ მიმდინარე, 2019 წელია.
“21-ე საუკუნის ფოქსის” “დისნეისთან” გაერთიანება
მცირეა შანსი, რომ მიკი მაუსი შურისმაძიებელთა ჯგუფს შეუერთდეს, თუმცა “დისნეისა” და “21-ე საუკუნის ფოქსის” გაერთიანება რას აღარ გვაფიქრებინებს…
2019 წლის 20 მარტს უოლტ დისნეის კომპანიამ “21-ე საუკუნის ფოქსის” ყველა მედიასაკუთრება 71.3 მილიარდ დოლარად შეისყიდა და ამით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა იმ ძლევამოსილ სამყაროში, რომელსაც გასართობი ინდუსტრია ჰქვია. ახლა “დისნეი”, რომელსაც უკვე დიდი ხანია “პიქსარი”, “მარველი” და “ვარსკვლავური ომები” (“ლუკასფილმი”) ეკუთვნის, “ფოქსის” მფლობელობაში მყოფი “დედპულისა” და “მარველის” პერსონაჟების: X-ადამიანებისა და ფანტასტიკური ოთხეულის მფლობელიც გახდება, რაც მარველის ოჯახს საბოლოოდ გაერთიანების საშუალებას მისცემს. ამასთან, “დისნეი” ახლა უკვე “ფოქსის” ისეთ სატელევიზიო ქსელებს ფლობს, როგორიცაა FX Networks-ი და National Geographic Partners-ი. კომპანიამ აგრეთვე მიიღო “ფოქსის” 30%-იანი სამფლობელო წილი სტრიმინგ-სერვის “ჰულუზე”, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას ჯამში “ჰულუს” 60% ეკუთვნის (“ჰულუს” მფლობელობაში 30%-იანი წილი “დისნეის” “ფოქსის” შესყიდვამდეც ჰქონდა).
“დისნეი პლუსი”
“21-ე საუკუნის ფოქსის” ყოფილი კუთვნილებების ხელში ჩაგდების შედეგად, მიმდინარე წელს “დისნეი” წარმოუდგენლად გამდიდრდა პერსონაჟებითა და მათი ისტორიებით. აღსანიშნავია, რომ ეს ხელს შეუწყობს კომპანიის სტრიმინგ-სერვის “დისნეი პლუსის” წარმატებას, რომელიც 2019 წლის ბოლოს (ნოემბრიდან) გავა ბაზარზე. ”დისნეი პლუსი” მაყურებელს საშუალებას მისცემს, დაუბრკოლებლად იხილოს “დისნეის” კუთვნილი ბრენდების (“ვარსკვლავური ომები”, “მარველი”, “პიქსარი” და “დისნეის” საკუთარი სტუდია) მიერ გამოშვებული ბლოკბასტერები, მაგალითად “შურისმაძიებლები: თამაშის დასასრულის” სტრიმინგი 11 დეკემბრიდან დაიწყება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “დისნეის” სტრიმინ-სერვისი ზემოხსენებული ბრენდების სერიალებსაც გააშუქებს. “დისნეი პლუსი” ისეთი წამყვანი სტრიმინგ-კომპანიებისთვის გეგმავს კონკურენციის გაწევას, როგორიცაა “ნეტფლიქსი”, HBO Now და ”ეფლ TV პლუსი”.
დატოვე კომენტარი