2020 წელი მძიმე იყო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვისაც, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Forbes Georgia-ს მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში აღნიშნავს. როგორც ნარმანია წერს, სემეკს და სხვა ორგანიზაციებს გაასმაგებული ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ მოსახლეობას ნაკლებად ეგრძნო პანდემიის ძლიერი გავლენა კომუნალურ მომსახურებებზე.
„COVID-19-ის ნეგატიური გავლენა, რა თქმა უნდა, აისახა როგორც ენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე. რეალურად, საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით, ფაქტობრივი მონაცემების მხრივ სერიოზული ჩამორჩენა გამოიკვეთა, მათ შორის – მოხმარების ნაწილში. მაგალითად, ზოგად ჭრილში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა. მონაცემები დეტალურად ასე გამოიყურება: ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით – 8.7%-ით, 2018 წელთან შედარებით კი 19.3%-ით შემცირდა, ხოლო პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით 14.9%-ით შემცირდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა. ზრდა გამოწვეულია საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებით და ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების გამოსვლით“, – წერს დავით ნარმანია.
ის ასევე მიმოიხილავს ელექტროენერგიის წარმოების მხრივ არსებულ ტენდენციებსაც. როგორც სემეკის თავმჯდომარე წერს, 2020 წელს შემცირდა ელექტროენერგიის წარმოებაც, ე.წ. სალტეზე გაცემა, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით 5.8%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით – 8.2%-ით შემცირდა. „2020 წელი, ისევე როგორც 2019 წელი, არ იყო წყალუხვი, რამაც, ქვეყნის გენერაციული სიმძლავრეების სტრუქტურიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოების დეფიციტი განაპირობა. კლება 2019 წელთან შედარებით – 7.7%, ხოლო 2018 წელთან შედარებით 17.1% იყო. კერძოდ, მარეგულირებელ ჰიდროსადგურებზე 2019 წელთან შედარებით კლება 17.4% იყო, ხოლო სეზონურ და მცირე ჰიდროელექტროსადგურებზე – 4.1%“, – აღნიშნავს სემეკის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, ბოლო წლების მონაცემებით, ზრდის დინამიკა აქვს ბაზრის გახსნის მაჩვენებელს (ბაზარზე შესყიდული ენერგიის თანაფარდობა მთლიან მოხმარებასთან): „ეს მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელი – 12.02%, 2018 წელი – 14.1%, 2019 წელი – 22.1% და 2020 წელი -19.7%. ტრენდი მზარდია, მიუხედავად 2020 წელს განვითარებული ნეგატიური მოვლენებისა“.
დატოვე კომენტარი