საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 572.0 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 57,2%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5% რეინვესტიციაზე მოვიდა.
საქსტატის განმარტებით, 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლაა, რის შედეგადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 283.0 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: გაერთიანებული სამეფო (303 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდები (200.7 მლნ. აშშ დოლარი) და ამერიკის შეერთებული შტატები (98.4 მლნ. აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 88.1% შეადგინა.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას ეკონომიკის სექტორების მიხედვით: ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში და 404.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობა, 98.8 მლნ. აშშ დოლარით, შემდეგ კი უძრავი ქონება 90.3 მლნ აშშ დოლარი. 2020 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, ორი უმსხვილესი სექტორის წილმა 88.0% შეადგინა. ინვესტიციები ყველაზე მეტად სასტუმროებსა და რესტორნებში შემცირდა – 249.5 მლნ. აშშ დოლარით.
დატოვე კომენტარი