2020 წლის მარტში, საქსტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მშპ წ/წ 2.7%-ით შემცირდა, რაც სექტორების უმეტესობაში კლებით იყო განპირობებული. ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის და კომუნიკაციის სექტორებში. 2020 წლის I კვარტლის მდგომარეობით, მშპ-ის რეალური ზრდა დადებითია და წ/წ 1.5%-ს შეადგენს. ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ მიმოხილვა “თიბისი კაპიტალმა“ მოამზადა, რომელშიც წერია:
2020 წლის 29 აპრილს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პპ-ით, 8.5%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკის მოლოდინით, მიწოდების ფაქტორების აღმავალი ზეწოლა ფასებზე დროებითია, ხოლო შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა, ნავთობის ფასის მკვეთრ კლებასთან ერთად, ფასებზე მოგვიანებით აისახება. უახლესი პროგნოზებით, 2020 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 2021 წლის I ნახევარში 3% ნიშნულამდე შემცირდება. კომიტეტის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა გაგრძელდება, რისი შემდეგი ნაბიჯებიც ინფლაციის მოლოდინების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის მარტში წ/წ 11.9%*-ით გაიზარდა და 28.9 მლრდ ლარს გაუტოლდა. ლარის დეპოზიტებმა 9.7 მლრდ (+10.3% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების მოცულობამ 19.1 მლრდ ლარის ექვივალენტი (+12.8%*2წ/წ) შეადგინა. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 33.7%-ს გაუტოლდა. ამავდროულად, ეროვნულ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები თ/თ 0.7 პპ-ით, ხოლო უცხოურ ვალუტებში – თ/თ 0.03 პპ-ით გაიზარდა.
2020 წლის მარტში, საბანკო სესხები წ/წ 17.1%*-ით გაიზარდა და 35 მლრდ ლარს მიაღწია. ლარში გაცემული სესხების ჯამური თანხა 14.4 მლრდ ლარს (+24.3% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა 20.6 მლრდ ლარის ექვივალენტს (+11.6%* წ/წ) გაუტოლდა. მარტის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა. განაკვეთმა ლარის სესხებზე თ/თ 0.2 პპ-ით (16.10%- მდე) იკლო, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი თ/თ 0.31 პპ-ით (6.45%-მდე) მოიმატა.
წინა თვესთან შედარებით, შენელდა კორპორატიული (+28.7%* წ/წ) და MSME დაკრედიტება (+16.8%* წ/წ), თუმცა საერთო ჯამში სიძლიერეს ინარჩუნებს. მუდმივი ვალუტის ბაზისით, სამომხმარებლო სესხები წ/წ 8.5%-ით, იპოთეკური სესხები წ/წ 14.0%-ით, ხოლო არაიპოთეკური სესხები წ/წ 1.9%-ით გაიზარდა.
რეპორტში მოცემული განაცხადები, ინფორმაცია და აზრები წარმოადგენს ავტორების – თიბისი კაპიტალის კვლევები გუნდის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის აზრებს და არ წარმოადგენს თიბისი კაპიტალის, თიბისი ჯგუფის ოფიციალურ ხედვას, მოსაზრებას ან პოზიციას. რეპორტში მოცემული ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებს ემსახურება და მოპოვებულია საჯარო წყაროებიდან, რომლებიც მიჩნეულია სანდოდ, თუმცაღა ინფორმაციის სისრულე და სიზუსტე არ არის გარანტირებული.
დატოვე კომენტარი