კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ თითქმის ყველა ინდუსტრიაზე უარყოფითი გავლენა იქონია და არც კინოინდუსტრიაა გამონაკლისი. მარტის ბოლოდან კინოთეატრების უმეტესობა ჩაბნელებულია, რის გამოც დიდმა კინოსტუდიებმა მაღალბიუჯეტიანი ფილმების გადაღებები გადადეს.
თუ მანამდე მაღალშემოსავლიანი მსახიობების უმეტესობა კინოვარსკვლავი იყო, ახალი თეატრალური გამოშვებების ნაკლებობამ სიტუაცია შეცვალა და მაღალშემოსავლიანი მსახიობი ქალების ათეულში სხვადასხვა ტელესერიალის სახეები ლიდერობენ.
საერთო ჯამში 2020 წლის ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მსახიობმა ქალმა თორმეტი თვის განმავლობაში $254 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20%–ით ჩამორჩება. საინტერესოა, რომ ორი მსახიობის – ანჯელინა ჯოლისა და ემილი ბლანტის გარდა, ათეულის ყველა წარმომადგენელმა შემოსავალი სატელევიზიო სტრიმინგიდან მიიღეს. ფილმებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლის მოცულობა 2020 წელს $58 მილიონს გაუტოლდა. შედარებისთვის, ეს რიცხვი 2019 წელს $136.5 მილიონის ტოლი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი ცდილობს, გენდერული ანაზღაურება ერთმანეთის შესაბამისი იყოს, ჯერ კიდევ მკვეთრი განსხვავებაა მსახიობი ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებებს შორის — 2020 წლის ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა მსახიობმა მამაკაცმა 12 თვეში $545.5 მილიონი, თითქმის ორჯერ მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მსახიობმა ქალებმა.
2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი ქალების ათეული ასე გამოიყურება:
- სოფია ვერგარა – $43 მილიონი
- ანჯელინა ჯოლი – $35.5 მილიონი
- გალ გადოტი – $31.5 მილიონი
- მელისა მაკარტი – $25 მილიონი
- მერილ სტრიპი – $24 მილიონი
- ემილი ბლანტი – $22.5 მილიონი
- ნიკოლ კიდმანი – $22 მილიონი
- ელენ პომპეო – $19 მილიონი
- ელიზაბეტ მოსი – $16 მილიონი
- ვაიოლა დევისი – $15.5 მილიონი
ვერგარამ დაასრულა ABC–ის თანამედროვე ოჯახის გადაღებები, რომლის თითოეულ ეპიზოდშიც მისი ანაზღაურება $500,000 იყო. ანჯელინა ჯოლიმ შემოსავლის უდიდესი ნაწილი მარველის The Eternals–ში მთავარი როლის შესრულებისათვის მიიღო, რომლის ბიუჯეტი $200 მილიონია. Netflix–ის Wonder Woman 1984–ში მონაწილეობისათვის გადოტმა $20 მილიონი მიიღო. 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად ABC–ი გრეის ანატომიის ერთ–ერთი მთავარი როლის შემსრულებელს ელენ პომპეოს თითოეულ ეპიზოდში დაახლოებით $550,000 უხდის. ათეულში მოხვდა The Handmaid’s Tale–ის მთავარი როლის შემსრულებელი ელიზაბეტ მოსი. The Handmaid’s Tale–ის გადაღება სულ რაღაც $7 მილიონი დაჯდა და ფილმმა $135 მილიონის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვაიოლა დევისი მაღალანაზღაურებადი მსახიობების ჩამონათვალში პირველად მოხვდა.
დატოვე კომენტარი