ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს, მოსახლეობამ ვაჭრობის ყველაზე უსაფრთხო გზას მიმართა და ონლაინ გადაინაცვლა. Adobe Analytics-ის კვლევის მიხედვით, წლევანდელ “შავ პარასკევს” ონლაინ გაყიდვები 22%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია.
Adobe-ის მიხედვით, რომელიც აშშ-ის ტოპ 100 სავაჭრო კომპანიიდან 80 კომპანიის ტრანზაქციებს ითვლის, ხუთშაბათის დღესასწაულის შემდეგ, მომხმარებლებმა ონლაინ $9 მილიარდი დახარჯეს, რაც გასულ წელთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
ამგვარად, წლევანდელმა “შავმა პარასკევმა” ეს დღესასწაული აშშ-ის ისტორიაში მეორე ყველაზე შემოსავლიან სავაჭრო დღედ აქცია, გასული წლის “კიბერორშაბათის” შემდეგ, რომელიც “შავ პარასკევს” მოჰყვება ხოლმე. როგორც მოსალოდნელია, წლევანდელი “კიბერორშაბათის” შემოსავალი $10.8-დან $12.7 მილიარდამდე იქნება.
საინტერესოა ისიც, რომ “შავ პარასკევს”, მომხმარებლები წუთში $6.3 მილიონს ხარჯავდნენ, თითოეული დაახლოებით $27.50-ს. ასევე, ტენდენციების მიხედვით გამოიკვეთა, რომ სმარტფონების გაყიდვები 25.3%-ით გაიზარდა და $3.6 მილიარდს გაუტოლდა. ამასთან, სმარტფონების გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების 40% შეადგინა.
გარდა ამისა, უფრო მეტი ადამიანი წელს საკვები პროდუქტების შესასყიდადაც ონლაინ პლატფორმას იყენებს. “შავ პარასკევს” საკვები პროდუქტების ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის რიგითი დღეების მონაცემებთან შედარებით, 397%-ით გაიზარდა.
“შავი პარასკევის” წლევანდელ ტოპ გაყიდვად პროდუქციაში შედის: ლეგოს ნაკრები, Apple AirPods, Apple Watches, Amazon Echo მოწყობილობები და Samsung-ის ტელევიზორები.
დატოვე კომენტარი