2021 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აშშ-ის სათამაშო ასოციაციის მონაცემებით, ქვეყნის კაზინოებისა და სათამაშო მობილური აპლიკაციების შემოსავალი 2019 წლის წლიური რეკორდის შემდგომ 21%-ით გაიზარდა და $53 მილიარდი შეადგინა.
აზარტული თამაშების ცენტრი ამერიკაში კვლავ Las Vegas Strip-ია. აშშ-ის სათამაშო ასოციაციის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს თამაშებიდან ქალაქის შემოსავალმა $7 მილიარდს მიაღწია. მეორე ადგილზეა Atlantic City $2.6-მილიარდიანი მოგებით, რომელსაც Chicagoland-ის ტერიტორია $2 მილიარდით მოჰყვება. ქვეყნის 34 სათამაშო იურისდიქციიდან, 2021 წლის შემოსავლით, რეკორდი 23-მა მათგანმა დაამყარა.
მიუხედავად მობილური თამაშების პოპულარობის ზრდისა, სათამაშო ბიზნესში დომინანტი კვლავ სამორინეებია. შემოსავლების მატებაც სწორედ სამორინე ობიექტებმა განაპირობა და არა მობილურის აზარტულმა თამაშებმა და iGaming-მა. სლოტების, მაგიდისა და ფიზიკური ტოტალიზატორის შემოსავალმა მთლიანი შემოსავლის 85%, შესაბამისად, $45 მილიარდზე მეტი შეადგინა. მხოლოდ სლოტების შემოსავალი კი 2019 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, როდესაც მაგიდის თამაშებმა მხოლოდ 1.1%-იანი ზრდა დააფიქსირა.
სათამაშო ასოციაციის მონაცემებით, 2020 წლის შემდგომ 165%-ითაა გაზრდილი შემოსავალი სპორტულ ფსონებზეც და რეკორდული $57.22-მილიარდიანი ფსონით, შემოსავალი $4.29-ს მილიარდს აღემატება. ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია Igaming-ის შემოსავალმა და 2020 წელთან შედარებით 139%-იანი მატების შემდგომ, $3.71 მილიარდი გამოიმუშავა.
დატოვე კომენტარი