2021 წელს Ford-ის აქციები ავტოინდუსტრიაში ყველაზე მზარდი იყო

2021 წელს Ford-ის აქციები ავტოინდუსტრიაში ყველაზე მზარდი იყო

გასულ წელს ავტოინდუსტრიაში კონკურენცია ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს გაუტოლდა. ინდუსტრიულ რბოლაში ტრადიციულ მწარმოებლებთან ერთად ბაზარზე ახლად გამოჩენილი კომპანიებიც ჩაერთვნენ. თავის მხრივ, ახალგაზრდა ავტომწარმოებლები კიდევ უფრო დაიხვეწნენ და შეჯიბრი კიდევ უფრო სახალისო გახადეს. თუმცა 2021 წლის ყველაზე მზარდი ავტომწარმოებლის სტატუსი Ford-მა არავის დაუთმო.

მისი აქციების ფასები გასული წლის განმავლობაში დაახლოებით 140%-ით გაიზარდა, რაც უდიდესი მაჩვენებელია. მან დაჯაბნა თავისი პირდაპირი კონკურენტი Tesla, ამერიკული GM, Lucid Motors-ი, ახლად გამოჩენილი ელექტრომობილების სტარტაპები და ყველა, ვინც საფონდო ბირჟის გზაზე შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla 2021 წელს პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, მისი აქციების ფასები შარშან თითქმის 50%-ით გაიზარდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა Ford-ისათვის ტიტულის ჩამოსართმევად.

ბევრი ამ წარმატებას კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ჯიმ ფარლის მიაწერს, რომელიც ამ პოზიციაზე 2020 წლის ოქტომბერში დაინიშნა და კომპანიის პოლიტიკა ძირეულად შეცვალა. მან პანდემიისა და ჩიპების დეფიციტის ფონზე Ford-ს შეუდარებელი ზრდა მოუტანა.

ამერიკული Ford-ის ამგვარი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ახალი სრულად ელექტრონული პიკაპის, F-150-ისა და ელექტრონული  მუსტანგის, Mach-E-ის წარდგენაც იყო. ჯიმ ფარლის მიერ კომპანიის სადავეების გადაბარების დღიდან კომპანიის აქციათა ფასები 200%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ Ford-ის საბაზრო კაპიტალის ღირებულება ამჟამად 95 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს დაახლოებით 40%-იანი ზრდა ჰქონდათ კონკურენტებს, Lucid-ს, Volkswagen-სა და General Motors-ს. თითქმის 20%-ით გაიზარდა იაპონური Toyota-ს აქციათა ფასები, Ferrari-მ კი 12.8%-იანი ზრდა აჩვენა. საინტერესოა, თუ რომელ ავტომწარმოებელს ექნება ყველაზე დიდი ზრდა 2022 წელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *