რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ის მოგებამ 2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, Gazprom-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, სანქციებიდან გამომდინარე გაზის წარმოების 4%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
Gazprom-ის განცხადებით, კომპანიის წმინდა მოგება 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდული 2.09 ტრილიონი რუბლი ($29 მილიარდი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული რუსული ნავთობკომპანიის მოგებამ 2020 წელს მხოლოდ 135 მილიარდ რუბლს ($1.9 მილიარდი) მიაღწია. Gazprom-ის ინფორმაციით, 2020 წლის 6,3 ტრილიონი რუბლიდან, გასულ წელს 10,2 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა კომპანიის გაყიდვებიც.
კრემლის მიერ კონტროლირებადი ენერგოკომპანია 2022 წელს გასული წლის რეკორდული მოგების გაუმჯობესებას გეგმავდა. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა დააზარალა და Gazprom-ის მოლოდინებიც უარესობისკენ შეცვალა.
Gazprom-მა გასულ კვირას, პოლონეთისა და ბულგარეთის მიერ რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის შემდგომ, ქვეყნებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. კომპანიის განცხადებით, რუსეთში სანქციების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური გაურკვევლობა მისი ოპერაციების თანამიმდევრულობაზე გავლენას არ ახდენს.
დატოვე კომენტარი