გასული წლის განმავლობაში ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით კომპანიებმა 400 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს. აღნიშნული მაჩვენებელი კი დაახლოებით 18%-ით აღემატება 2020 წლის მონაცემებს. მთლიანობაში 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.
მხოლოდ ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი კი გასულ წელს 250 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ბუნებრივია, რომ მატება არა მხოლოდ შემოსავლებში, არამედ რაოდენობაშიც არის. საკმაოდ ნიშანდობლივი მატება იყო ქართული ბრენდის ექსპორტშიც. გასულ წელს მისი მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 42.2 მილიონი 0.5-ლიტრიანი ბოთლი შეადგინა.
ყველაზე დიდი ზრდა შარშან ქართულმა ჭაჭამ აჩვენა. 2021 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1 მილიონი 0.5-ლიტრიანი ბოთლი ჭაჭა გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 145%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 2.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საინტერესოა, რომ 2021 წლის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრის ყველაზე დიდი წილი, 57% კვლავ რუსეთს უკავია. თუმცა ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წლიდან წლამდე იკლებს. სანაცვლოდ კი სულ უფრო დიდი რაოდენობით ექსპორტი ხორციელდება ევროპულ, ამერიკულ და აზიურ სახელმწიფოებში. მაგალითად, შარშან 1047%-ით გაიზარდა ექსპორტი ნორვეგიაში, 227%-ით კი ჩეხეთში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულმა ქართულმა ღვინომ 1 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
დატოვე კომენტარი