TBC Capital-მა ტურიზმის სექტორის შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისათვის 2022 წელსაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს. თუმცა ვირუსის ახალი შტამი და ტალღები საკითხის ირგვლივ ბევრ კითხვას ბადებს. ქვეყანაში 2021 წელს შიდა ტურიზმის წილი საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყანა ამ მხრივ მეტწილად მსოფლიო ტრენდს მიჰყვება და მნიშვნელოვნად ზრდის შიდა ტურიზმზე დამოკიდებულებას მოკლევადიან პერსპექტივაში.
შიდა ტურიზმის ანალიზის შედეგად მიღებული მიგნებები მიუთითებენ, რომ ადგილობრივი ტურიზმის მოთხოვნაზე ძლიერ გავლენას შედარებით კარგად განვითარებული დასასვენებელი ინფრასტრუქტურა და მცირე მანძილის გავლა ახდენს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა კახეთი, რომელიც დედაქალაქთან სიახლოვის გამო შიდა ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად იქცა. თუმცა, კვლევის მიხედვით, რეგიონს უფრო მეტი აქვს სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოებლად.
კვლევის მიხედვით, 2021 წელს თბილისს გარეთ არსებული სასტუმროების დაკავების მაჩვენებლის 70% სწორედ ადგილობრივ ტურიზმზე მოდიოდა. 2021 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურიზმის მაჩვენებელი 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 27.3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ადგილობრივი ტურისტების მიერ სასტუმროებში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობაც. 2021 წლის მეორე კვარტალში ამ რიცხვმა საშუალოდ 1.78 შეადგინა.
რასაკვირველია, ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე ნაწილობრივ გავლენა საერთაშორისო ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის სირთულეებმაც მოახდინა. თუმცა, ალბათ, მეტწილად ეს ყველაფერი კოვიდრეგულაციების თანახმად სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გამოყენების დამსახურებაა.
დატოვე კომენტარი