საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების ფარგლებში 2021 წლის აგვისტოში მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევა საკმაოდ ვრცელია და ისეთ დისციპლინებს მოიცავს, როგორიც მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის, საგადასახადო ბალანსის, საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების, საქონლის ექსპორტისა და იმპორტის და ფულადი გზავნილების მონაცემებია.
2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ჯამში საქონლის ექსპორტისა და იმპორტის წლიურმა ცვლილებამ 173.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წილი ნავთობს უკავია, რომლის იმპორტის ცვლილებაც 40.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. კონკრეტულად იმპორტის ჯამური წლიური ცვლილება კი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.1%-ით განისაზღვრა.
საინტერესო მოცემულობაა ექსპორტის მონაცემებშიც. საქონლის ექსპორტის წლიურმა ცვლილებამ 15.7% შეადგინა. ხოლო ამ ცვლილებაში ყველაზე დიდი წვლილი რუსეთს მიუძღვის. მისი წილი მთლიან ცვლილებაში 6.2%-ით განისაზღვრა. 2.8% შეადგინა აზერბაიჯანის წილმა, ხოლო 2.2% თურქეთის წილმა მთლიან ცვლილებაში.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ექსპორტის ცვლილებაზე ყველაზე დიდი გავლენა ფეროშენადნობთა ექსპორტმა იქონია. ჯამურად მთლიანი ცვლილება 45.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, საიდანაც 21.7 მილიონი აშშ დოლარი სწორედ აღნიშნული პროდუქტის ექსპორტზე მოდის. საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტსაც, რომელიც 5.2 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.
დატოვე კომენტარი