TBC Capital-მა ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინებისა და ტენდენციების შესახებ ისაუბრა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენას, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დრო სჭირდება. 2021 წლის მე-2 კვარტალში, აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები ინვესტიციების სახით, წინა წლის ანალოგიური პერიოდის დონეზე დაფიქსირდა.
თუმცა საინტერესოა, რომ პირდაპირი ინვესტიციების შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვაგვარად შეიცვალა. მაგალითად, ერთი მხრივ, გაიზარდა რეინვესტირების შემოსავლები, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვნად შემცირდა სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება.
მსგავსება შეინიშნება მფლობელობის არარეზიდენტებიდან რეზიდენტებში გადმოსვლასთან დაკავშირებითაც. მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში განვითარდა იგივე მოცემულობა, რაც იყო 2020 წლის მე-4 კვარტალში, თუმცა ამჯერად ტრანზაქციის მოცულობა ბევრად ნაკლები იყო.
TBC Capital-ის მიმოხილვაში გამოთქმულია იმედი, რომ ფაქტობრივი შემოდინებებიც გაიზრდება, რაც ორი მიზეზითაა ახსნილი: პირველი მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირებული ოპტიმისტური ტენდენციაა, რომლის მიხედვითაც 116 მილიონი აშშ დოლარის ფაქტობრივი შემოდინება უკვე დაფიქსირდა. მეორე მიზეზად კი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტემპი დასახელდა, რამაც შესაძლოა, საინვესტიციო მოთხოვნა წარსულ კრიზისებთან შედარებით უფრო ხანმოკლე პერიოდში გაზარდოს. თუმცა მიმოხილვაშივე აღნიშნულია, რომ პროგნოზი სააქციო და სავალო დაფინანსების გადინების მაჩვენებლებს არ მოიცავს.
დატოვე კომენტარი