გლობალური პანდემიით გამოწვეული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის მესამე კვარტალში თურქეთის მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ნახტომისებური, 181.8%-იანი ზრდა აჩვენა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე წლის მხოლოდ ივლის-სექტემბერში, ტურიზმის სექტორმა ქვეყანას $11.4 მილიარდის შემოსავალი მოუტანა, აღნიშნულ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის სამსახური (თურქსტატი) აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა $4 მილიარდი შეადგინა, რაც განპირობებული იყო კოვიდ-19-ის შედეგად, საერთაშორისო ტურიზმის სრული კოლაფსით.
რაც შეეხება ტურისტების რიცხვს, ივლის-სექტემბერში თურქეთის რესპუბლიკამ 13.6 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 142.4%-იანი ზრდაა, 2020 წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით.
ვიზიტორების ჯამურ რიცხვში, 11.5 მილიონი, 84% უცხოელი ვიზიტორი იყო, ხოლო 2.2 მილიონი, ანუ 16% – საზღვარგარეთ მყოფი თურქეთის მოქალაქე.
რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეთა ვიზიტებს საზღვარგარეთ, საანგარიშო პერიოდში ეს რიცხვი 329.6%-ით გაიზარდა, წინა წლის ივლის-სექტემბერთან შედარებით, და 873 027 მოქალაქე შეადგინა. თითოეულ მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ გაღებულმა საშუალო ხარჯმა კი $669 შეადგინა.
დატოვე კომენტარი