გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 206.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 13.7%-ით ანუ 25 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებზე.
საინტერესოა, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% სწორედ იმ 20 უმსხვილეს პარტნიორზე მოდის, საიდანაც ამგვარი გზავნილების მოცულობამ ოქტომბრის თვეში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს იგივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ მეტი, 94.8% იყო.
ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 39.91 ანუ თითქმის 40% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 60% – სხვა ქვეყნებზე. ევროკავშირის ქვეყნებში კი ამ მხრივ ყველაზე დიდი მარჟა 15.99%-ით, ბუნებრივია, იტალიას უჭირავს. მას მოსდევს საბერძნეთი 9.28%-იანი წილით, ხოლო მესამე ყველაზე მსხვილი წილი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გერმანიას უკავია 5.26%-ით.
რაც შეეხება დანარჩენ სამყაროს, ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები უკვე მრავალი წელია, რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. 2021 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციიდან შემოსული გზავნილების წილმა 17.54% შეადგინა. მას მოსდევს აშშ 11.47%-იანი წილით, ხოლო ამ მხრივ მესამე ადგილზე ისრაელი იმყოფება 7.39%-ით.
საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.3 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 27%-ით მეტია.
დატოვე კომენტარი