კომპანიების აქციების პირველადი განთავსების შედეგად მოზიდული თანხა, ერთი წლის ჭრილში, ამერიკულ და ევროპულ ბირჟებზე, ჯამურად, 90%-ით, ხოლო გლობალურად 71%-ითაა შემცირებული, – ამის შესახებ Financial Times-ი Dealogic-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. კლების ძირითად მიზეზებად გამოცემა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ინფლაციის მაჩვენებლის, ასევე რეფინანსირების განაკვეთების ზრდას ასახელებს.
2022 წლის პირველ ხუთ თვეში, ამერიკულ და ევროპულ საფონდო ბირჟებზე პირველად განთავსებულმა 157-მა კომპანიამ $17.9 მილიარდი მოიზიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, IPO-ს გადაწყვეტილება 628 კომპანიამ მიიღო, რომლებმაც, ჯამურად, $192 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს. გლობალურად, მოზიდული ინვესტიციების მოცულობამ $81 მილიარდი შეადგინა, რაც 71%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; შემცირებულია კომპანიების რიცხვიც – 1237-იდან 596-მდე.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის 10 საუკეთესო IPO-ს შორის მხოლოდ ორი განხორციელდა ამერიკულ და ევროპულ ბირჟებზე – იანვარში, ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია TPG-მ Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე $1 მილიარდი, ხოლო ნორვეგიულმა ნავთობმწარმოებელმა Vår Energi-მ ოსლოს საფონდო ბირჟაზე $880 მილიონი მოიზიდეს.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ზემოხსენებული ტენდენცია წლის მეორე კვარტალშიც გრძელდება. უნდა ითქვას, რომ IPO-ების მიხედვით, ამ დრომდე ყველაზე დაძაბული 2021 წლის პირველი სამი კვარტალი გამოდგა, როცა კომპანიები პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ბირჟაზე გასვლას ჩქარობდნენ. თუმცა, წელს მდგომარეობა რადიკალურადაა შეცვლილი, რადგან უკრაინაში მომდინარე ომის, საბაზრო ტურბულენტობისა და გლობალური რეცესიის რისკების ფონზე, კომპანიები საფონდო ბირჟაზე დალისტვისაგან თავს იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული დაღმავლობა განიცადა საფონდო ბირჟებზე SPAC-კომპანიებთან შერწყმით მოხვედრის შემთხვევებმა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამგვარი გარიგებების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მაგრამ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში – მინიმუმამდე დაეცა, რაც კრიზისითა და რეგულატორების მხრიდან გაზრდილი წნეხით აიხსნება.
დატოვე კომენტარი