საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წელს საქართველოში საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, აღნიშნული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავალმა 9.039 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი ნაწილი – 71.1%, საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებზე მოდიოდა, 13.2% – საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15.7% – სხვა ტიპის შემოსავლებზე ნაწილდებოდა.
საქსტატის ანგარიშით, 2022 წლის ბოლოსთვის, საფინანსო მომსახურებით დაკავებული საწარმოების სალაროში, ნაღდი ფულის სახით, 3.048 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. ამავე პერიოდისთვის, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების საბალანსო ღირებულებამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საფინანსო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში, გასულ წელს საშუალოდ დასაქმებული 41.8 ათასი კაციდან, 60%-ს ქალები წარმოადგენდნენ.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიებმა პრემიის სახით 826.8 მილიონი ლარი გამოიმუშავეს. აქედან 40% სამედიცინო დაზღვევაზე, 13.7% – ქონების, ხოლო 8.9% სიცოცხლის დაზღვევაზე გადანაწილდა. სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასა და უბედური შემთხვევების დაზღვევაზე კი, შესაბამისად, 7.4% და 1.7% მოდიოდა.
რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების ზარალს, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელს 475.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც ყველაზე მეტი 57.7% – სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე ნაწილდებოდა.