საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით, 2022 წელს, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 238.5 ლარით გაიზარდა. შედეგად, საქსტატის მონაცემებით, წლიურად 18.3%-იანი მატების შემდეგ, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1,543 ლარს გაუტოლდა.
წინა წელთან შედარებით, 2022 წელს, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში ფიქსირდება. ერთი წლის ინტერვალით, ყველაზე მაღალი, 49.4%-იანი ზრდის მაჩვენებელი მივიღეთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, სადაც დასაქმებულთა ხელფასები, შესაბამისად, 3,033.4 ლარამდე გაიზარდა. შემდგომ მოდის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, 2,730 ლარით და წინა წელთან შედარებით, 15.3%-იანი მატებით, მესამე ადგილზე კი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია – 10.1%-იანი ზრდა, 2,285 ლარი.
რაც შეეხება ხელფასებს გენდერული გადანაწილების მიხედვით, 2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, ქალების საშუალო თვიური ხელფასი მხოლოდ 1,247.7 ლარით განისაზღვრა, როდესაც მამაკაცების შემთხვევაში 1,827 ლარს უდრიდა. წინა წელთან შედარებით, ქალების საშუალო ხელფასის ზრდამ 18.2% (192.2 ლარი), კაცების კი, 18.8% (289.1 ლარი) შეადგინა. კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.
გარდა ამისა, 2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ, არასახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან შედარებით, 389.5 ლარით ნაკლები შეადგინა. წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში – 18.9%-ითაა გაზრდილი.
რეგიონების მიხედვით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, დედაქალაქი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს თბილისში საშუალო თვიური ხელფასი 1,807.6 ლარს უტოლდება, მცხეთა-მთიანეთში კი – 1,324.9 ლარს. საშუალო თვიური ხელფასი 1,000-ლარიან ნიშნულს სულ სამ რეგიონში ჩამოსცდა, ესენია: შიდა ქართლი (990.1ლ), გურია (880.9ლ) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (823.7ლ).