საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9%-ით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7%-ით შემცირდა და 12.3% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7%-ით შემცირდა და 20.6 %-ს გაუტოლდა.
2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4% შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 15.3% (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 10.5% (-1.4 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8%-ით და 15.3%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1%-ით და 15.8%-ს შეადგენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და 0.34-ს შეადგენს.