საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის მაჩვენებლების 2022 წლის ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 17.3% შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 3.4%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1%-ით გაიზარდა და 51.9%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება დასაქმების დონეს – მაჩვენებელი 2022 წელს წინა წელთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 42.9% შეადგინა. საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში.
2021 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული დაქირავებულთა წილი დასაქმების საერთო რაოდენობაში და 67.9%-ს შეადგენს. შესაბამისად, 2022 წელს 32.1%-ით განისაზღვრა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში.
უმუშევრობის დონე 3.9%-ით შემცირდა ქალაქის ტიპის დასახლებებში, ხოლო 2.5%-ით – სოფლის ტიპის დასახლებებში. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დიდი პროპორციით მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შემცირდა. სანაცვლოდ, ერთადერთი რეგიონი, სადაც უმუშევრობის დონე გაიზარდა – კახეთია. 2022 წელს კახეთში უმუშევრობის ზრდამ 2021 წელთან შედარებით 0.3% შეადგინა.
უმუშევრობის დონის საკმაოდ არათანაბარი განაწილებაა სქესის მიხედვით პარადიგმაში. კაცების უმუშევრობის დონე 2022 წელს 19.3%-ით განისაზღვრა, ქალებისა კი – 14.6%-ით.