საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წელს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საწარმოებში გამოყენების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 84.2%-ს ჰქონდა. გარდა ამისა, საწარმოთა 75.3% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად კავშირის ისეთ საშუალებებს იყენებდა, როგორებიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი, საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი და სხვა.
საინტერესოა ისიც, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოში დასაქმებულთა 28.8% საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს იყენებდა. აღნიშნული მოწყობილობები კი საწარმოს მიზნებისათვის მუდმივ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფდა. იმ საწარმოთა წილი, რომლებიც საქმიანობისათვის ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს იყენებდნენ 13.4%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ანგარიშში ყურადღება საწარმოთა ვებ-გვერდების შესაძლებლობებსა და საშუალებებზეცაა გამახვილებული. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოთა 70%-ს საკუთარ ვებსაიტზე განთავსებული აქვს საქონლისა და მომსახურების აღწერა და ინფორმაცია ფასების შესახებ.
მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ისიც, რომ საწარმოთა 31.1% სოციალური მედიების ისეთ სახეებს იყენებენ, როგორებიცაა Facebook-ი, LinkedIn-ი და სხვა. თუმცა, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოების 67.9% სოციალური მედიის საშუალებებს საერთოდ არ იყენებდა.
დატოვე კომენტარი