2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები მეცნიერების სფეროდან

2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები მეცნიერების სფეროდან

2022 წელი მეცნიერების სფეროს სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. მათ შორის რამდენიმე – განსაკუთრებით საყურადღებო და საკაცობრიო მნიშვნელობისაა. წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში მეცნიერების სფეროში მომხდარ მთავარ მოვლენებს გავიხსენებთ.

ისტორიაში პირველად, ექიმებმა ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ქირურგებთან ერთად ადამიანს ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. ქსენოტრანსპლანტაციის პროცედურა 57 წლის დევიდ ბენეტს ჩაუტარდა. მას გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ბიოტექნოლოგიურ კომპანია Revivicor-ში მომუშავე მეცნიერებმა ცხოველის გენეტიკა ისე შეცვალეს, რომ მას არ ჰქონოდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება. მართალია, პაციენტი ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ეს, შესაძლოა, ქსენოტრანსპლანტაციის შემდეგ ღორის ვირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია.

ფოტო: Shutterstock
მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან ქალი პირველად განკურნეს

ლეიკემიით დაავადებული პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახდა პირველი ქალი და მესამე ადამიანი, რომელიც მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან განკურნეს. როგორც ცნობილია, სპეციალისტებმა ამისთვის ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდს მიმართეს. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი მეთოდი შესაძლოა, ყოველწლიურად ათეულობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც აივ-ინფექციის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ფოტო: medlineplus.gov
მეცნიერებმა ადამიანის გენომი სრულად გაშიფრეს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე დაახლოებით ასი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა ადამიანის გენომის სრულად გაშიფვრა შეძლო. აღსანიშნავია, მანამდე ადამიანის გენომის მხოლოდ 92% იყო გაშიფრული, რომელიც ქრომოსომის ევქრომატულ რეგიონებს მოიცავს. გენომის დარჩენილი 8%, რომელიც დნმ-ის დაახლოებით 200 მილიონი ფუძის წყვილისგან შედგება და ქრომოსომის ბოლოებსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე, ჰეტეროქრომატულ რეგიონებს აერთიანებს, დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული რჩებოდა. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული მიღწევა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ინდივიდებზე მორგებული მკურნალობის მეთოდი შეიმუშაონ.

ფოტო: sitn.hms.harvard.edu
ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს

ჰავაიზე განლაგებული Event Horizon Telescope-ის (EHT) დახმარებით, ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე, Sagittarius A*-ის სახელწოდებით ცნობილი შავი ხვრელის პირველი გამოსახულება მოიპოვეს. სპეციალისტების გამოთვლით, დაფიქსირებული ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 27 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მეცნიერების თქმით, Sagittarius A*-ის მასა ჩვენი მზისას 4.3-მილიონჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი ჯერ კიდევ 1974 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ასტრონომებმა მისი ფოტოს დაფიქსირება მხოლოდ 2022 წელს შეძლეს.

ფოტო: ESO/José Francisco Salgado
კლინიკური კვლევისას კოლორექტული კიბოსგან ყველა პაციენტი განიკურნა

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კიბოს სამკურნალო და კვლევითი დაწესებულების, MSKCC-ის მიერ ჩატარებული მცირე მასშტაბის კვლევისას იმუნოთერაპიულმა მედიკამენტმა კოლორექტული, იმავე ნაწლავის კიბოთი დაავადებული თორმეტივე ცდისპირი განკურნა. მეცნიერებმა კვლევა „დოსტარლიმაბის“ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტით ჩაატარეს, რომელსაც უკვე იყენებენ ენდომეტრიუმის კიბოს სამკურნალოდ. თუმცა პრეპარატის ეფექტიანობა ნაწლავის სიმსივნის წინააღმდეგ მანამდე არასოდეს განუსაზღვრავთ. აღმოჩნდა, რომ „დოსტარლიმაბით“ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ცდისპირებში სიმსივნის კვალი გაქრა.

ფოტო: thomsonmedical.com
CERN-ის მეცნიერებმა სამი ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მეცნიერებმა დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) დახმარებით დღემდე ჩვენთვის უცნობი სამი სუბატომური ნაწილაკი აღმოაჩინეს. CERN-ის მეცნიერებს ახალი აღმოჩენა კვარკების მიერ რთული ნაწილაკების ფორმირების პროცესის გაანალიზებასა და ახსნაში დაეხმარება. კვარკები ელემენტარული ნაწილაკებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ორ ან სამ კვარკად ერთიანდებიან და წარმოქმნიან ადრონებს – პროტონებსა და ნეიტრონებს. იშვიათად, კვარკები უფრო დიდ კომბინაციებს აყალიბებენ.

ფოტო: Reuters
NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები გაასაჯაროვა

NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი სამეცნიერო ხარისხის ფოტოები გაასაჯაროვა. დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ პარტნიორებთან ერთად $10 მილიარდის ღირებულების აპარატი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა. მას ისეთი ვიზუალური მასალისა და ინფორმაციის მოპოვება შეუძლია, რომელიც ამ დრომდე არცერთი კოსმოსური ტელესკოპისგან არ მიგვიღია.

ფოტო: NASA
შექმნეს სენსორი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია

ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლში ალცჰაიმერის დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება მისი პირველი კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე შეუძლია. სპეციალისტების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა ტვინში ბეტა ამილოიდის არასწორ ფორმირებას ავლენს. ეს უკანასკნელი კი ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ბიომარკერია. კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადებაზე, მისი კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 17 წლით ადრე, სისხლში გლიური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია მიანიშნებდა. აქედან გამომდინარე, მათ სენსორი ისე შექმნეს, რომ მოწყობილობას სისხლში ამ უკანასკნელისა და ბეტა ამილოიდის იდენტიფიცირება შესძლებოდა.

ფოტო: alzfdn.org
NASA-მ ასტეროიდს კოსმოსური ხომალდი შეაჯახა და მისი მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა

ისტორიაში პირველად, 2022 წელს დედამიწისთვის პოტენციური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით პლანეტური თავდაცვის სისტემა გამოიცადა – მისია DART-ის ფარგლებში NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს მიზანმიმართულად შეაჯახა და მისი მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ დედამიწიდან გაშვებული ზონდი სექტემბერში ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 11 მილიონი კილომეტრის მოშორებით მოძრავ მცირე ზომის ასტეროიდს, დიმორფოსს შეეჯახა, რომელიც უფრო დიდი ზომის ასტეროიდის, დიდიმოსის მთვარედ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ დიმორფოსი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, სპეციალისტების თქმით, ის პლანეტური თავდაცვის სისტემის გამოსაცდელად საუკეთესო კანდიდატი იყო. ამ ტესტირების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში კაცობრიობა ასტეროიდებისგან მომავალ საფრთხეს თავიდან წარმატებით აირიდებს.

ფოტო: NASA/Johns Hopkins University Applied Physics Laboratory
NASA-მ მთვარისკენ მეგარაკეტა SLS-ი და კაფსულა Orion-ი გაუშვა

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მისია Artemis 1-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ი (SLS) გაუშვა. აპარატი, რომლის დახმარებითაც სააგენტომ Orion-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულა მთვარისკენ გაგზავნა, ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. Orion-ი, 2.3 მილიონი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდა და წყნარ ოკეანეში, ქვემო კალიფორნიის სანაპიროსთან პარაშუტების დახმარებით წარმატებით დაეშვა. Artemis 1 პროგრამა Artemis-ის პირველ სატესტო მისიას წარმოადგენს, რომლის მიზანიც დაახლოებით 50-წლიანი პაუზის შემდეგ ადამიანის მთვარეზე დაბრუნებამდე, NASA-ს კოსმოსური ხომალდის გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმებაა. ისტორიული მისია Artemis 3, რომელიც 2025 წლისთვის იგეგმება, სწორედ SLS-ისა და Orion-ის დახმარებით განხორციელდება.

ფოტო: Trevor Mahlmann
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბირთვული სინთეზით დახარჯულზე მეტი ენერგია მიიღეს

კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტის დროს დახარჯულზე მეტი ენერგიის მიღება შეძლეს. მათ თერმობირთვული სინთეზის პროცესში 192 მაღალენერგეტიკული ლაზერი გამოიყენეს და 2.05 მეგაჯოული ენერგიის დახარჯვის წყალობით, დაახლოებით 3 მეგაჯოული ენერგია გამოიმუშავეს. ეს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შენელების კუთხით წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, თუმცა აღნიშნული გზით მიღებული ენერგიის კომერციულ ათვისებამდე, სპეციალისტების შეფასებით, ჯერ კიდევ ათწლეულები გვაშორებს.

ფოტო: Lawrence Livermore National Laboratory
NASA-ს მარსის ლენდერმა InSight-მა ფუნქციონირება შეწყვიტა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე გაშვებულმა ლენდერმა, InSight-მა ფუნქციონირება შეწყვიტა. აპარატი NASA-სთვის უნიკალურ სამეცნიერო ინფორმაციას წითელ პლანეტაზე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში აგროვებდა და დედამიწაზე გზავნიდა. InSight-ის გათიშვის მიზეზი მზის პანელებზე დაგროვებული მარსის მტვერი გახდა, რის გამოც ბატარეების დამუხტვა ვერ მოხერხდა. ლენდერმა, რომლის მთავარი დანიშნულებაც წითელი პლანეტის სეისმურ აქტივობაზე დაკვირვება იყო, ციურ სხეულზე 1,319 მიწისძვრა დააფიქსირა.

ფოტო: NASA/JPL-CALTECH
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *