მოგზაურთათვის დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ,,უფსკრული“ იზრდება, ნათქვამია ლონდონში დაფუძნებული საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის 2022 წლის პირველ მოხსენებაში.
The Henley-ის გლობალური პასპორტის ინდექსი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება. საკონსულტაციო ფირმა ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის რეიტინგს რეგულარულად, 2006 წლიდან აქვეყნებს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ COVID-19-ის გამო შემოღებულმა შეზღუდვებმა და მთავრობების მიერ სამოგზაურო ბარიერების დაწესებამ ინდექსის 16-წლიან ისტორიაში მობილობის ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია. თუმცა ინდექსის შესადარისობის გამო დროებით დაწესებული შეზღუდვები უგულებელყოფილია.
სიის სათავეში იაპონია და სინგაპური მოექცნენ, რომელთა მოქალაქეებსაც თეორიულად მსოფლიოს 192 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ეს 166 მიმართულებით მეტია, ვიდრე ავღანეთის მოქალაქეებისათვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. 199 ქვეყანას შორის ავღანეთის პასპორტი „სიძლიერით“ რეიტინგის ბოლოშია. მის მოქალაქეებს მსოფლიოს მხოლოდ 26 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჩვეულებისამებრ ევროკავშირის ქვეყნები დომინირებენ. სიის სათავეში მოექცნენ გერმანია, ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი, ავსტრია, დანია, ირლანდია და პორტუგალია.
საინტერესოა, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც 2014 წლამდე სიის სათავეში იყვნენ, წელს მეექვსე პოზიციას დასჯერდნენ.
ბოლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გასული წლის ბოლოს Omicron-ის ვარიანტის გამოჩენამ კიდევ უფრო ცხადყო საერთაშორისო მობილურობის მზარდი განსხვავება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, რაც მიუთითებს იმ მკაცრ შეზღუდვებზე, რომლებიც შემოღებულ იქნა ძირითადად აფრიკის ქვეყნების მიმართ. ეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაახასიათა, როგორც ,,მოგზაურობის აპარტეიდი“.
თუ პანდემიის ეფექტს უგულებელვყოფთ, აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის თავისუფლების საერთო დონე 2006 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, თუ 2006 წელს უვიზოდ საშუალოდ 57 ქვეყანაში შეგვეძლო მოგზაურობა, ეს რიცხვი დღეს 107-ს უტოლდება.
კრისტიან ჰ. კელინის, Henley & Partners-ის თავმჯდომარისა და პასპორტის ინდექსის კონცეფციის შემქმნელის განცხადებით, მიგრაციის არხების გახსნა გადამწყვეტი იქნება პოსტპანდემიური აღდგენისთვის. ,,პასპორტები და ვიზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც გავლენას ახდენს სოციალურ უთანასწორობაზე მთელ მსოფლიოში, რადგან ისინი განსაზღვრავენ გლობალური მობილობის შესაძლებლობებს”.
ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- 1-2: იაპონია და სინგაპური( 192 მიმართულება)
- 3-4: გერმანია და სამხრეთი კორეა (190 მიმართულება)
- 5-8: ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი (189 მიმართულება)
- 9-10: ავსტრია და დანია (188 მიმართულება)
რაც შეეხება ყველაზე ,,სუსტ“ პასპორტებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:
- ავღანეთი (26 მიმართულება)
- ირანი (28 მიმართულება)
- სირია (29 მიმართულება)
- პაკისტანი (31 მიმართულება)
- იემენი (33 მიმართულება)
- სომალი (34 მიმართულება)
- ნეპალი და პალესტინა (37 მიმართულება)
- ჩრდილოეთი კორეა ( 39 მიმართულება)
საინტერესოა, რომ The Henley–ის გლობალური პასპორტის ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის 34-ე პოზიციაზეა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტი სწორედ საქართველოს აქვს. 2022 წლის მონაცემებით, ქართული პასპორტით მსოფლიოს 60 ქვეყანაში უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა, 41 ქვეყანაში – ვიზის გამოყენებით, ხოლო 95 ქვეყანაში COVID-19-ის რეგულაციების გამო აკრძალვები მოქმედებს.
დატოვე კომენტარი