2022 წლის მთავარი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

2022 წლის მთავარი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia-მ წლის დასკვნით საავტომობილო მიმოხილვაში, 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს მოუყარა თავი საავტომობილო ინდუსტრიიდან. გაეცანით მათ:

მზის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის  ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

motortrend.com

Lightyear-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განმარტებით, ბრენდის მიერ შექმნილი პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილი დამტენ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული საერთოდ არ იქნება. ავტომობილი ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში 463 კილომეტრის გავლას შეძლებს. თუმცა მზის პანელების დახმარებით ავტომობილს ამ მანძილის 700 კილომეტრამდე გაზრდა შეეძლება. ბუნებრივია, მზის პანელებთან ერთად, Lighyear 0-ის დამუხტვა სადენის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი.

AMG ONE-მა ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა | Mercedes-მა Porsche-ს გვირგვინი წაართვა

Formula 1-ის ძრავით აღჭურვილი მრავალმილიონიანი ჰიპერქარი – Mercedes-AMG ONE მსოფლიოს ყველაზე რთული და პრესტიჟული სარბოლო ტრასის ახალი მბრძანებელია.

Mercedes

AMG ONE-ის საჭესთან გერმანელმა მარო ენგელმა ნიურბურგრინგის ნორდშლაიფის წრე 6 წუთსა და 35 წამში გაიარა, რაც თითქმის 8 წამით ნაკლებია წინა რეკორდზე, რომელიც Porsche GT2 RS-ს ეკუთვნოდა.

AMG ONE-ის ნახშირბადბოჭკოვანი სხეულის ქვეშ არათუ უბრალოდ შთამბეჭდავი, არამედ პირდაპირ Formula 1-ის 6-ცილინდრიანი გული ძგერს, რომელიც 1.6-ლიტრიანი აგრეგატით, ჰიბრიდული სისტემის დახმარებით, 11,000 ბრუნზე თითქმის 1,063 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

იაპონურმა Toyota-მ ახალი Prius-ი წარადგინა

მიუხედავად სრულად ელექტრონულ ავტომობილებში განხორციელებული მილიარდობით დოლარის მოცულობის ინვესტიციებისა, იაპონური Toyota საკუთარ საკულტო ჰიბრიდულ მოდელს, Prius-ს, მაინც თამაშში ტოვებს. ავტომწარმოებელმა Prius-ის ორი ახალი მოდელი, Prius Hybrid-ი და დამუხტვადი ჰიბრიდი Prius Prime-ი წარადგინა.

Toyota

Toyota-ს 2023 წლის პრიუსის მოდელების ამერიკული სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა შესამჩნევია, რომ ახალი Prius-ები წინამორბედებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ავტომობილების ექსტერიერი მეტად სპორტული და აეროდინამიკურია. თუმცა მთლიანობაში სილუეტი ლეგენდარულ პრიუსს მაინც მარტივად მოგვაგონებს.

Porsche-მ კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო და ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი გახდა

ლეგენდარული გერმანული ბრენდი Porsche ამჟამად ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებელი კომპანიაა. 6 ოქტომბერს Porsche-მ საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაციით Volkswagen-ს გადაუსწრო.

Bloomberg

Porsche-ს საბაზრო ღირებულება ამჟამად 81 მილიარდ დოლარს შეადგენს, Volkswagen-ის კი – 77 მილიარდ დოლარს.

საგულისხმოა, რომ Porsche თავად Volkswagen-ის შვილობილი კომპანიაა, თუმცა გერმანული კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, ინვესტორების დაინტერესებამ Porsche-ს მიმართ მკვეთრად მოიმატა, რამაც მისი კაპიტალიზაციის ზრდა გამოიწვია.

Rolls-Royce-მა პირველი ელექტრომობილი, $413-ათასიანი Spectre-ი წარმოადგინა

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა თავისი პირველი ელექტრომობილი, სახელწოდებით Spectre-ი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ საჯარო წარდგენამდე, მისი ყიდვის სურვილი სამასზე მეტმა ამერიკელმა  გამოთქვა.– ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. როგორც ირკვევა, ზოგიერთმა მსურველმა ავტომობილი Rolls-Royce-ის სათავო ოფისში ნახა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც დეპოზიტი მანქანის უნახავად დატოვა.

CarandDrive

Rolls-Royce-ის უახლესი, ორკარიანი ელექტრომობილი აღნიშნულ სექტორში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია – მისი საწყისი ფასი $413 ათასია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული თანხა თითქმის ყველა შემთხვევაში იზრდება, რადგან Rolls-Royce-ის ყველა ავტომობილი მომხმარებლის გემოვნებას და მოთხოვნებს ერგება.

EU-მ 2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირში 2035 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოების აკრძალვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ბლოკის გადაწყვეტილებას გლობალურ მობილობაზე უდიდესი გავლენა ექნება. ევროკავშირის კანონმდებლების გადაწყვეტილება ელექტრომობილების წარმოების პროცესს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

საკანონმდებლო აქტი უკვე ფორმალურად დაამტკიცეს ევროსაბჭომაც და ევროპარლამენტმაც. თუმცა მოსალოდნელია, რომ აქტში მცირე ცვლილებები მაინც შევა. მთავარ მოთხოვნებს 2030 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილების მიერ გამონაბოლქვის 55%-ით, ხოლო ფურგონების გამონაბოლქვის 50%-ით შემცირება წარმოადგენს. 2035 წლიდან კი ავტომობილებმაც და ფურგონებმაც გამონაბოლქვი 100%-ით უნდა შეამცირონ.
Ferrari-მ პირველი SUV-ი, $400 000-ის ღირებულების Purosangue წარადგინა

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა ბრენდმა Ferrari-მ საკუთარი პირველი SUV-ი, 400 000 აშშ დოლარის ღირებულების Purosangue წარადგინა. 12-ცილინდრიანი იტალიური სულის მქონე ავტომობილი სწორედ იმ ფენაზეა გათვლილი, ვისაც ელექტრომობილზე გადაჯდომის სურვილი ჯერჯერობით არა აქვს.

Car and Driver

მიუხედავად მისი ზომისა და გაბარიტებისა, Ferrari-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბენედეტო ვინიას ავტომობილი სხვა კატეგორიაში გაჰყავს. ახალ Ferrari Purosangue-ს 310 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

Volkswagen-მა ჰიპი ავტობუსი თანამედროვე სახით, ელექტრო ID.Buzz-ად გააცოცხლა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ავტომობილის, ჰიპების მოძრაობის სიმბოლოს, Type 2 ფურგონის გაცოცხლება დააანონსა. 60-იანი წლების ლეგენდარული ფურგონი სრულიად სახეცვლილი დაბრუნდება და ელიან, რომ მომხმარებელთა გულებს ის თავიდან მოიგებს. Volkswagen-ი ახალ ფურგონს ID.Buzz-ს დაარქმევს და ის სრულად ელექტრო იქნება.

Auto Express

ამერიკელი მომხმარებლებისათვის ფურგონი ხელმისაწვდომი 2024 წლიდან იქნება. თუმცა, კომპანიის ამერიკული რეგიონის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ლოდინი ამად ეღირება. ამერიკული ბაზრისათვის განკუთვნილი ID.Buzz-ი რადიკალურად განსხვავებული იქნება.

GM-ი ელექტრო Chevrolet Corvette-ის წარმოებას იწყებს

GM-ის პრეზიდენტის, მარკ როისის განცხადებით, მომავალი წლიდან ავტომწარმოებელი ელექტრიფიცირებული Chevrolet Corvette-ის წარმოებას დაიწყებს. მომდევნო წლიდან კი უკვე სპორტული ავტომობილის სრულად ელექტროვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება. ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ელექტროკორვეტის წარმოებასთან ერთად, ის კვლავ განაგრძობს ავტომობილის შიდაწვის ძრავით გამოშვებას.

Electrek

ავტომწარმოებელი ახალ ელექტრიფიცირებულ Corvette-ზე დიდ იმედებს ამყარებს. მათი ინფორმაციის თანახმად, საკულტო შიდაწვისძრავიანი Corvette-ი ახალი სახით კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მას მეტი შესაძლებლობებიც ექნება.

1955 წლის Mercedes 300 SLR-ი აუქციონზე $143 მილიონად  გაიყიდა

უიშვიათესი სარბოლო Mercedes-Benz-ი საავტომობილო აუქციონზე 143 მილიონ დოლარად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის სტატუსიც მიიღო. 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR Uhnelhaut Coupe უიშვიათესი მოდელი გახლავთ, რომელიც Sotheby-ის სააუქციონო სახლმა რეკორდულ ფასად გაყიდა.

Carscoops

300 SLR Uhnelhaut Coupe მოდელი Mercedes-Benz-ის მიერ 1955 წელს შექმნილი ორი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი სარბოლო ჯილდოს მქონე ავტომობილად მიიჩნევა. ავტომობილი კომპანიის სარბოლო დეპარტამენტმა შექმნა და ის დიზაინერისა და ინჟინრის, რუდოლფ ულენჰაუტის სახელს ატარებს.

ავტომობილის ორივე ეგზემპლარს Mercedes-ი ფლობს. შესაბამისად, მისი გაყიდვის გადაწყვეტილებამ ავტომოყვარულების გაოცება გამოიწვია. აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ავტომობილს 1962 წლის Ferrari 250 GTO წარმოადგენდა. ის  Sotheby’s–ის აუქციონზე 2018 წელს $48.5 მილიონად, შემდეგ კი კერძოდ 70 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ევროპაში 1996 წლის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ევროპის საავტომობილო ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ევროპაში ივნისში 1996 წლის შემდეგ ახალი ავტომობილების გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ივნისში ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების მაჩვენებელმა მხოლოდ 1.06 მილიონი ერთეული შეადგინა. ზოგი ავტომწარმოებლის განცხადებით, ევროპაში გაყიდვების მაჩვენებელი 50%-ითაა შემცირებული.

Daily Sabah

მსხვილ ავტომწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული Volkswagen-ი გამოდგა. გასულ ივნისთან შედარებით, მისი გაყიდვები დაახლოებით 25%-ით შემცირდა. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი ყველაზე დიდი ვარდნა Stellantis-ის მიერ გაყიდული ახალი ავტომობილების მაჩვენებელშია. წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამ უკანასკნელმა 21%-ით ნაკლები ახალი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

Porsche Taycan-მა Nurburgring-ის ავტოდრომზე Tesla-ს რეკორდი მოხსნა

ყველაზე სწრაფი ელექტრომობილის ტიტული გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრომოდელმა, Porsche Taycan-მა მოიპოვა. Porsche-მ ლეგენდარულ Nurburgring-ის ავტოდრომზე ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს რეკორდი მოხსნა და გააუმჯობესა. ამ ორ ბრენდს შორის თითქმის სამწლიან რბოლას კი ეს სიახლე კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

Top Gear

Porsche Taycan-მა და Tesla-მ ქიშპობა 2019 წელს დაიწყეს. ლეგენდარულ ავტოდრომზე ერთი წრის გავლის რეკორდი პირველად სწორედ Porsche-მ მოხსნა. ამან კი Tesla-ს მოტივაცია მისცა, უფრო სწრაფი ელექტრომობილი შეექმნა. Tesla Model S Plaid-ის პროტოტიპი შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა მისი წარმოების დაწყება გაჭიანურდა. საბოლოოდ, 2021 წელს Tesla-მ Porsche Taycan-ის შთამბეჭდავი რეკორდი მოხსნა და 7:35.579 წუთი დააფიქსირა.

თუმცა, როგორც ჩანს, Porsche-სთვის ეს გამოწვევა აღმოჩნდა. შედეგად, 2022 წლის უახლესი მოდელის დახმარებით Porsche Taycan-მა Tesla-ზე ორი წამით უკეთესი შედეგი, 7:33.350 წუთი დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *