2022 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

2022 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული წელი გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული იყო: გვახსოვს როგორც შესრულებული და ჩაშლილი გარიგებები, ასევე სამსახურიდან ხმაურიანი გათავისუფლებები და მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გარღვევები. ამასთანავე, 2022 წელი მოულოდნელი ცვლილებებითაც იყო გამორჩეული – ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვა რად ღირს?! ცხადია, ამ რუბრიკის ფარგლებში ყველა ამ სიახლეზე წლის განმავლობაშიც ვწერდით, მაგრამ რაკიღა 2022 წელი დასრულდა, გადავწყვიტეთ, ყოველკვირეული ტექნოლოგიური ბლოგებიდან გასული წლის უმთავრესი მოვლენები შეგვეკრიბა და მკითხველისთვის ერთგვარი დაიჯესტის სახით შეგვეთავაზებინა.

Microsoft- Activision Blizzard- $68.7 მილიარდად ყიდულობს, მაგრამ არის კითხვებიც

გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის, Activision Blizzard-ის $68.7 მილიარდად შესყიდვა სურდა – ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში უმსხვილესი იქნებოდა. გარიგების შედეგად, რომელიც სრულად ნაღდი ფულით სრულდება, ვიდეოთამაშებიდან შემოსავლით Microsoft-ი მსოფლიოს მესამე უმსხვილესი კომპანია გახდება.

ფოტო: Hakan Nural / Anadolu Agency / Getty Images

თუკი გარიგება შედგება, რაც, მარეგულირებლების მხრიდან დაწყებული შემოწმებების ფონზე ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, Microsoft-ის საკუთრებაში არსებულ Minecraft-ის, Doom-ისა და Xbox-ის გარშემო არსებული ვიდეოთამაშების ბიზნესს ვიდეოთამაშების ისეთი საკულტო ფრენჩაიზები დაემატება, როგორიცაა Call of Duty, World of Warcraft-ი და Candy Crush-ი. ამგვარად, ვიდეოთამაშების მწარმოებელ კომპანიებს შორის Microsoft-ი შემოსავლით მესამე კომპანია იქნება – ჩინური Tencent Holding-ისა და იაპონური Sony Group-ის შემდეგ.

მანამ, სანამ Microsoft-ი ვიდეოთამაშების დეველოპერის შესყიდვის შესახებ განაცხადებდა, Activision Blizzard-ი რამდენიმე უსიამოვნებაშიც გაეხვა – სამუშაო გარემოში არაშესაფერისი ქცევის ბრალდებით კომპანია არაერთმა აღმასრულებელმა დატოვა. ამ პრობლემების ფონზე, Activision Blizzard-ის აქციათა ფასი 30%-ით იყო შემცირებული, რამაც Microsoft-ის მიერ ვიდეოთამაშების კომპანიის შეფასებაზე თავისი გავლენა მოახდინა.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Microsoft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, სატია ნადელას მიზნები: მას მერე, რაც 2014 წელს ინდოელმა ეს თანამდებობა დაიკავა, კომპანიამ $10 მილიარდზე მეტი დახარჯა ვიდეოთამაშების ათიოდ მწარმოებლის შესასყიდად – ამ გარიგებების შედეგად, Microsoft-მა ხელში ჩაიგდო Minecraft-ი და Doom-ი. როგორც უკვე აღინიშნა, ეს გარიგება Microsoft-ის ისტორიაში – უმსხვილესია. დღემდე ამ წოდებას 2016 წელს განხორციელებული ტრანზაქცია ფლობდა, რომლითაც Microsoft-მა LinkedIn Corp.-ი $26 მილიარდად შეიძინა.

შეუძლებელია, ეს გარიგება კონტექსტის გარეშე მიმოვიხილოთ: პანდემიისა და გლობალური კარჩაკეტილობის ფონზე, ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ ერთგვარი ბუმი განიცადა, რასაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული ორი ტრენდი – „ქლაუდი“ და მეტავერსი ზრდაში კიდევ უფრო დაეხმარა.

საინტერესოა, რომ მანამ, სანამ ამ გარიგების შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდებოდა, Activision Blizzard-ის აქციები ლეგენდარულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა შეიძინა – მისი წილი, იმ დროს, $975 მილიონად იყო შეფასებული. ბაფეტის ამ ინვესტიციამ მალევე გაამართლა: იმ დღეს, როცა გარიგების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, კომპანიის აქციის ფასმა 26%-ით იმატა.

ფოტო: Fox Business
Amazon-მა კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი $8.5 მილიარდად შეიძინა

გასული წლის მარტში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა საკულტო ამერიკული კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი (MGM) $8.5 მილიარდად შეიძინა, რითაც საკუთარი კინემატოგრაფიული პორტფოლიო საგრძნობლად გაზარდა. გარიგების შედეგად, Amazon-მა MGM-ის 4000-ზე მეტი ფილმი და სატელევიზიო სერიალების 17000-ზე მეტი სერია შეიძინა, მათ შორის „ჯეიმს ბონდის“, „როკი ბალბოას“, „კრავთა დუმილის“, „მხევლის წიგნისა“ და „ვარდისფერი პანტერის“ ფრენჩაიზები.

აღსანიშნავია, რომ Amazon-მა შეიძინა მხოლოდ ის ფილმები და სერიალები, რომლებიც Metro Goldwyn Mayer-მა 1986 წლის შემდეგ გამოუშვა – ამგვარად, ჰოლივუდის ოქროს ხანაში გამოსული ფილმები WarnerMedia-ს საკუთრებად რჩება.

როგორც ირკვევა, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში შედგა, მაგრამ ოფიციალურად ის მხოლოდ 2022 წლის მარტში გამოცხადდა – კომპანიები ამერიკული და ევროპული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს ელოდებოდნენ.

ფოტო: Pavlo Gonchar / LightRocket / Getty Images

ცნობისთვის, MGM-თან გაფორმებული ეს ხელშეკრულება Amazon-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია – თანხობრივი მოცულობით მას მხოლოდ Whole Foods-ის $13.7-მილიარდიანი შესყიდვა უსწრებს. თავისთავად ცხადია, რომ Amazon-ის ისტორიაში მოცულობით მეორე გარიგება კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – ზემოთ ხსენებული ფილმებისა და სერიალების შეძენით, ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური კომპანია Netflix-თან და Disney Plus-თან გაჯიბრებას გეგმავს.

ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ამგვარად Amazon-მა ინვესტიცია MGM-ის ორ მნიშვნელოვან აქტივში დააბანდა: ინტელექტუალურ საკუთრებასა და ადამიანურ კაპიტალში დააბანდა. ფრენჩაიზებს რაც შეეხება, პირველ რიგში საუბარია ჯეიმს ბონდზე, რომელიც 1962 წლიდან, მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, ფრენჩაიზების გარდა, MGM-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივს მისი თანამშრომლები, კერძოდ კი კინემატოგრაფიული ჯგუფის თავმჯდომარე მაიკლ დე ლუკა და ამავე ჯგუფის პრეზიდენტი პამელა ებდი წარმოადგენენ, რომელთაც, ბოლო წლებში, არაერთი უზომოდ მოგებიანი პროექტი, მათ შორის პოლ ტომას ანდერსონის „ძირტკბილას პიცა“ და რიდლი სკოტის „გუჩის სახლი“ მოიზიდეს.

შეგახსენებთ, რომ შესყიდვების კუთხით, გასული წელი Amazon-ისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – Metro Goldwyn Mayer-ის გარდა, ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი $3.9 მილიარდად, ხოლო ჭკვიანი საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანია, iRobot-ი $1.7 მილიარდად შეიძინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ მიიღეს

გასული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, სადაც სენატმა, კონგრესმა და ქვეყნის პრეზიდენტმა „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ (ინგლ. CHIPS and Science Act) დაამტკიცეს, რომლითაც მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების შიდა წარმოების გაძლიერებისთვის ათობით მილიარდი დოლარი გამოიყო – როგორც საგადასახადო შეღავათების, ასევე ფინანსური წახალისების მექანიზმების სახით.

ფოტო: Shutterstock

თუმცა უშუალო ფინანსური შედეგების გარდა, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ იმითაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძველი დიდების დაბრუნებას ისახავს მიზნად. აშშ-ის დამოკიდებულება საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნახევარგამტარებისადმი „უბრალოდ სახიფათოა, ხოლო ჩიპების მიწოდებაში არსებული შეფერხება – კატასტროფის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას. „რაც უფრო დიდხანს დაველოდებით, მით უფრო სახიფათო იქნება შეფერხება“.

საინტერესოა, რომ მიკროჩიპების დეფიციტს და მის საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა: „ნახევარგამტარი ამერიკამ გამოიგონა და დროა, ის შინ დავაბრუნოთ“, – განაცხადა ბაიდენმა, რომელიც დეფიციტს მზარდ ინფლაციას უკავშირებს. ჯო ბაიდენის თქმით, „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ ისტორიული საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც შეამცირებს ხარჯებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს მიწოდების ჯაჭვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა, სახელწოდებით „ჩიპების ევროპული აქტი“ ევროკავშირმაც მიიღო.

Intel-ი ევროპაში $88-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, ამერიკული Intel-ი, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ნახევარგამტარების ევროპული წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში, ჯამურად, $88 მილიარდს დააბანდებს – ამგვარი გადაწყვეტილებით, კომპანია მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტთან გამკლავებას გეგმავს. „ამას რატომ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების აუარებელი მოთხოვნაა“, – განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ გელსინგერმა.

დაბალანსებული და უდრეკი ევროპული მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად Intel-ი ევროპაში მის უახლეს ტექნოლოგიას ჩაიტანს და ათობით მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში წარმოება საგრძნობლად გაზარდოს.

ფოტო: Intel

როგორც უკვე ითქვა, გასულ წელს ევროკავშირის ლიდერებმა $47-მილიარდიანი „ჩიპების ევროპული აქტი“ წარმოადგინეს, რომლითაც მიკროჩიპების ევროპული წარმოების გაფართოება და აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირება სურთ. „დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება“, – Intel-ის განცხადების შესახებ თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელსაც სურს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირმა მიკროჩიპების გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგოს.

Intel-ის ახალი საინვესტიციო გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი ევროპული წარმოების გაზრდა იქნება – ამისთვის ამერიკული გიგანტი გერმანიაში ქარხანას ააშენებს, რომლისთვისაც 17 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამასთანავე, Intel-ი ირლანდიური წარმოების გაფართოებასაც გეგმავს – ამისთვის ის ლეიქსლიპში არსებულ ქარხანას გააფართოებს და ამაში 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც კომპანიის მიერ ირლანდიაში განხორციელებულ ინვესტიციას, ჯამურად, 30 მილიარდ ევრომდე აიყვანს.

ის, რომ ბოლო დროს Intel-ი წარმადობის გაზრდას ცდილობს, საიდუმლო არავისთვის არ არის. სწორედ ამაზე მეტყველებს ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც ამერიკულმა გიგანტმა შტატ არიზონაში მდებარე საწარმოს გაფართოებასა და შტატ ოჰაიოში მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს შექმნაში დააბანდა.

Hyundai-ის დიდი ზომის ავტონომიურმა გემმა ოკეანე პირველმა გადალახა

გასული წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა გემთმშენებლობის მიმართულებითაც: კორეული გიგანტის, Hyundai-ის შვილობილმა Avikus-მა განაცხადა, რომ LNG-ტიპის დიდი ზომის თვითმართვადმა გემმა ოკეანე დამოუკიდებლად პირველმა გადალახა. Avikus-ის თვითმართვადი გემის, Prism Courage-ის ვოიაჟი მექსიკის ყურეში მდებარე საპორტო ქალაქ ფრიპორტში დაიწყო და სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ბორიონგის ტერმინალში დამთავრდა. გემის ვოიაჟმა ოცდაცამეტ დღეს გასტანა, რა დროსაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სისტემამ, HiNAS 2.0-მა ოცი ათასამდე კილომეტრი დაფარა.

ფოტო: Hyundai Heavy Industries (HHI) Group

გემის ბრწყინვალედ მართვის გარდა, HiNAS 2.0-ი მოგზაურობის ოპტიმალურ ტრაექტორიას არჩევდა ამინდისა და ტალღების სიდიდის მიხედვით, რითაც საწვავის წვის ეფექტიანობა 7%-ით გაიზარდა, ხოლო გამონაბოლქვი 5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სხვა გემების ადგილმდებარეობის დადგენასა და მათთვის გვერდის ავლაში – საერთო ჯამში, გემმა ასჯერ და მეტად მოახერხა შეჯახების თავიდან აცილება.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაგინდ აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს ეს მიღწევა, ის მხოლოდ პირველი ნაბიჯია თვითმართვადი გემების განვითარებაში. საქმე ისაა, რომ ზემოხსენებული ვოიაჟისას, ადამიანების ჩართულობა მაინც აუცილებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით – პორტებში.

ფოტო: Hyundai Heavy Industries (HHI) Group

საინტერესოა, რომ Avikus-ი HiNAS 2.0-ის კომერციალიზაციას გეგმავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღე-დღეზე თვითმართვადი საზღვაო გადამზიდების ფლოტს ვიხილავთ – თავდაპირველად ამ ტექნოლოგიას ეკიპაჟის წევრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და იმ უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად გამოიყენებენ, რომელსაც საზღვაო გადაზიდვების ბიზნესი პლანეტას აყენებს. საინტერესოა ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას Avikus-ი კერძო მოხმარების იახტებისთვისაც გეგმავს.

როგორც უკვე აღინიშნა, Avikus-ი სამხრეთკორეული გიგანტის, Hyundai Heavy Industries Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად Avikus-ის ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით გამოიცადა, თორმეტადგილიან საკრუიზო გემზე, მოგვიანებით კი საკუთარი ტექნოლოგია კომპანიამ ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიოს უდიდეს კონფერენციაზე, CES 2022-ზე წარადგინა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Allied Market Research-ის კვლევის მიხედვით, 2030 წლისათვის თვითმართვადი გადაზიდვების ინდუსტრია ჯამურად $166 მილიარდს მიაღწევს.

Adobe- UI/UX-დიზაინის ონლაინპლატფორმა, Figma $20 მილიარდად შეიძინა

გასული წლის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური სიახლე მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინის ინდუსტრიაში შემდგარი გარიგება გახდა, რომლითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Adobe-მ UI/UX-დიზაინის ონლაინპლატფორმა, Figma $20 მილიარდად შეიძინა.

Figma დიზაინის საკოლაბორაციო პლატფორმაა, რომელიც ათი წლის წინ ანტრეპრენიორებმა დილან ფილდმა დაივან ვოლესმა შექმნეს – ამ წლების განმავლობაში Figma დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. საინტერესოა, რომ Figma-ს იყენებენ როგორც ინდივიდუალური დიზაინერები, ასევე კორპორაციული კლიენტები – მათ შორისაა Microsoft-იც, რომლის პროდუქტების დიზაინი უმეტესწილად სწორედ Figma-ში არის აწყობილი.

ფოტო: Adobe

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე Adobe Figma-ს ფუნქციონირების შეზღუდვას არ გეგმავს: „Figma-ს ისევე ვმართავთ, როგორც ყოველთვის და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გვჯერა, რომ ჩვენს კომუნას, კულტურასა და ბიზნესს სჭირდება“, – განაცხადა Figma-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დილან ფილდმა. მსგავსი პათოსის განცხადებას ავრცელებს Adobe-იც, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელად დილან ფილდი დატოვა.

აღნიშნული გარიგებით, Figma Adobe-ის კრეატიული აპლიკაციების პორტფოლიოში შემავალი მორიგი კომპანია იქნება. თუმცა არსებობს რისკიც, რადგან ამ გარიგებით Adobe-მ ბაზრიდან კიდევ ერთი კონკურენტი გააქრო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Adobe-მ საკუთარი პირდაპირი კონკურენტი შეიძინა – ასე იყო ვიდეოკონტენტის შესაქმნელად საჭირო აპლიკაციის, Frame.io-ს და ონლაინპორტფოლიოს პლატფორმის, Behance-ის შემთხვევაშიც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თავის დროზე Adobe-ის ერთ-ერთი საკულტო პროდუქტი – Photoshop-იც, შენაძენი იყო.

ამიერიდან ევროპაში გაყიდულ iPhone-ებს USB-C-ტიპის პორტი ექნებათ

გასული წლის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს და მის ევროპულ ოპერაციებს უკავშირდება – როგორც იქნა, დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, Apple-მა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ამიერიდან ევროპაში გაყიდულ iPhone-ებს, Lightning-პორტის ნაცვლად, USB-C-ტიპის პორტი ექნებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ის გლობალური მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ჯოზვიაკმა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააჟღერა. „ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – განაცხადა ჯოზვიაკმა, რომელმაც დასძინა, რომ USB-C-ტიპის პორტის გამოჩენის თარიღი ევროპელ კანონმდებლებზე არის დამოკიდებული.

ფოტო: Sky News

ამ ლოგიკით, USB-C-ტიპის პორტის მქონე პირველ iPhone-ებს 2023 წლის ოქტომბერში უნდა ველოდოთ, რადგან სხვა შემთხვევაში, Apple-ი ვერ შეასრულებს რეგულაციას, რომელიც ძალაში 2024 წლის შემოდგომაზე შედის. ცნობისთვის გეტყვით, რომ Apple-ის ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითი არ არის – ის ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციას უკავშირდება, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის მიერ ევროკავშირის ბაზარზე USB-C-ტიპის პორტზე გადასვლის გადაწყვეტილების არანებაყოფლობითობაზე თავად გრეგ ჯოზვიაკი საუბრობს – მანამ, სანამ მენეჯერი აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა, მან რამდენიმე წუთი დაყო იმის ასახსნელად, რომ Apple-ი ინოვაციის წინა ხაზზე არსებული კომპანიაა, რომელიც პროგრესის განსაზღვრისთვის საკუთარ ინჟინრებს ენდობა და არა ინდუსტრიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ჯოზვიაკმა განაცხადა ისიც, რომ დამტენების სტანდარტიზების საკითხი ჯერ კიდევ მაშინ მოგვარდა, როცა კომპანიებმა რამდენიმენაწილიანი დამტენები შემოიღეს, რითაც მომხმარებლებს არჩევანის თავისუფლება მისცეს.

თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეიძლება, Apple-მა USB-C-ტიპის დასამუხტ პორტზე გადასვლაზე თავიდან ბოლომდე უარი თქვას და მომავალი თაობის სმარტფონები საერთოდ პორტის გარეშე გამოუშვას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უახლესი თაობის iPhone-ების დამუხტვა Bluetooth-ის საშუალებითაც შეიძლება, ზემოხსენებული ვარაუდი არცთუ ისე უსაფუძვლოა.

ლეგენდარული ჯონი აივი Apple-ის პროდუქტების დიზაინზე აღარ იმუშავებს

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი, ჯონი აივი Apple-ის პროდუქტების დიზაინზე აღარ იმუშავებს, რითაც ტექნოლოგიური გიგანტის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას მერე, რაც აივიმ Apple-ი დატოვა, ბრიტანელმა საკუთარი დიზაინ-კომპანია, LoveFrom-ი დააფუძნა, რომლის მთავარ კლიენტად, წლების განმავლობაში, სწორედ Apple-ი მოიაზრებოდა. დიზაინერის კომპანიიდან წასვლის შემდეგ  ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა LoveFrom-თან მრავალწლიანი მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯონი აივი Apple-ისთვის გამორჩეული თანამშრომელი იყო, რომელიც, თავის დროზე, ჯერ კიდევ სტივ ჯობსთან ერთად მუშაობდა – სწორედ მას უკავშირდება Apple-ის 2000-2010 წლების „ოქროს ხანა“. თუმცა აივის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი პროდუქტებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კომპანიის მიერ ბოლო დროს გამოშვებული ერთ-ერთი უნიკალური პროდუქტის, Apple Watch-ის დიზაინი სწორედ აივიმ შექმნა.

ფოტო: Michelle Groskopf

ლონდონის გარეუბანში დაბადებული აივი Apple-ს 1992 წელს შეუერთდა და წლების შემდეგ კომპანიის მთავარი დიზაინერის თანამდებობა დაიკავა. სწორედ აივის უკავშირდება კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის წარმატებით გადალახვა: 1997 წელს, როცა Apple-ი გაბანკროტების პირას იდგა, სტივ ჯობსის დავალებით, აივის გუნდმა iMac-ის დიზაინი შექმნა, რომელიც, თავის დროზე, ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად პერსონალურ კომპიუტერად ითვლებოდა. ამგვარად, iMac-მა კომპანია გადაარჩინა, ხოლო მისი დიზაინერი – სტივ ჯობსის უახლოეს თანამშრომლად აქცია.

ჯონი აივის ნიჭისა და შესაძლებლობების დასტურად ისიც გამოდგება, თუ რას ამბობდა მასზე სტივ ჯობსი: „ის უბრალოდ დიზაინერი არ არის, – უთხრა სტივ ჯობსმა მის ბიოგრაფს, უოლტერ აიზეკსონს. – ოპერაციულად, ის Apple-ის ყველაზე ძლიერი თანამშრომელია – ცხადია, ჩემ შემდეგ“. უოლტერ აიზეკსონი იმასაც წერს, რომ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სტივ ჯობსი ჯონ აივის სტუდიაში სტუმრობდა, სადაც მის სკეტჩებს ათვალიერებდა – ამასთანავე, ჯობსი და აივი ხშირად ლანჩსაც ერთად მიირთმევდნენ. „გარდატეხა, რომელიც ჯონიმ Apple-სა და მთელ მსოფლიოში მოახდინა – უზარმაზარია, – უთხრა ჯობსმა აიზეკსონს. – ის ყველაზე კარგად ხვდება ჩვენი ბიზნესის არსს“.

მოგვიანებით, ჯონი აივი iPod-ის თეთრი ყურსასმენის დიზაინზე მუშაობდა, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა Apple-ის ლეგენდარულ რეკლამაში, რომელმაც iPod-ი უსაზღვროდ პოპულარულ პროდუქტად აქცია. აივის უკავშირდება თავად iPod-ის, iPhone-ისა და iPad-ის დიზაინის შექმნაც – ამ პროდუქტებმა პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობების ბაზარი თავდაყირა დააყენეს, რამაც Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ და მოგებიან კომპანიად აქცია.

ფოტო: Alasdair McLellan / WSJ Magazine

სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ ჯონი აივი ტექნოლოგიური გიგანტის უახლესი პროდუქტის, Apple Watch-ის დიზაინზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად Apple Watch-მა მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ საბოლოო ჯამში,  დამატებით ბიზნესად იქცა, რომელმაც გასულ წელს Apple-ს $38 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. თუმცა სწორედ ჭკვიანი სათვალე გახდა ის პროდუქტი, რომელმაც ჯონი აივი Apple-ს დააშორა. როგორც ირკვევა, კომპანიის დატოვება აივის ჯერ კიდევ 2015 წელს სურდა, რაზეც ის Apple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ტიმ კუკსაც ესაუბრა – დიზაინერს არ მოსწონდა, რომ Apple Watch-ის დიზაინის შესაქმნელად პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთგვარი კონსენსუსის მიღწევა სჭირდებოდა. იმ დროს კუკი და აივი შეთანხმდნენ, რომ უკანასკნელი კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე გააგრძელებდა მუშაობას.

მას მერე, რაც აივი Apple-ის ყოველდღიურ საქმიანობას ნაწილობრივ ჩამოშორდა, მას გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩა ფრილანსერობისთვის – ლონდონში მდებარე ისტორიული სასტუმროსთვის, Clardidge’s-ის საახალწლო ნაძვის ხის დიზაინის შექმნა აივის კარიერის სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება. სწორედ ამ დროს დაემთხვა კუპერტინოში მდებარე სათავო ოფისის გახსნა, რომლის დიზაინზე ასევე ჯონი აივიმ იმუშავა.

მას მერე ჯონი აივი Apple-ს თანდათანობით ჩამოშორდა, ხოლო მოგვიანებით საკუთარი კომპანია, LoveFrom-ი დააფუძნა. აივის Apple-დან წასვლის შემდეგ LoveFrom-ი ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქტებზე იყო კონცენტრირებული, რაც, Apple-თან დადებული მრავალმილიონიანი კონტრაქტის მიუხედავად, აივისა და მის თანამშრომლებს შემოქმედებითობას და ბიზნესს უზღუდავდა. საქმე ისაა, რომ Apple-თან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, LoveFrom-ს Apple-ის კონკურენტებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებოდა.

თუმცა, როცა მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, აივიმ და Apple-მა გადაწყვიტეს, რომ მისი გაგრძელება აღარ სურდათ. აივის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო უშუალოდ Apple-შიც – ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელების ნაწილი ფიქრობდა, რომ კომპანია აივის ზედმეტად დიდ თანხას უხდიდა. ამ უთანხმოებას დაემატა ისიც, რომ ბოლო წლებში ჯონი აივიმ Apple-ის არაერთი წამყვანი დიზაინერი გადაიბირა.

თუმცა, როგორც ჩანს, Apple-თან დადებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმა ნაწილობრივ აივის მოწოდებაც იყო, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სურს, რომ საკუთარი კლიენტები ისე შეარჩიოს, რომ Apple-ს არ დაეკითხოს.

ჯონი აივის Apple-დან წასვლით, სტივ ჯობსის მიერ დაწყებული ხაზი ნაწილობრივ დასრულდა.

ილონ მასკმა Twitter- $44 მილიარდად შეიძინა – საგა დასრულდა

გასული წლის უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური მოვლენების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვდეს ილონ მასკის მიერ Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენა. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ ამ შესყიდვის არაერთგვაროვანი ისტორია.

ფოტო: 9to5mac

შეგახსენებთ, რომ Twitter-ის სრულად შესყიდვის სურვილი ილონ მასკმა ჯერ კიდევ აპრილში გამოთქვა – იმ დროს მილიარდერს კომპანიის ყიდვა $44 მილიარდად სურდა, რაც თითოეული აქციის შემთხვევაში $54.20-ს უდრის. მოგვიანებით მასკმა კომპანიის შესყიდვა გადაიფიქრა, რის გამოც საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. თუმცა ილონ მასკს გული მოუბრუნდა – მან კომპანია იყიდა, მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი გახდა და უამრავი თანამშრომელი გაათავისუფლა. ისე კი, 2023 წელს, როგორც ჩანს, კომპანიის მართვის სადავეებს მასკი სხვას გადააბარებს.

TSMC არიზონაში მიკროჩიპების მეორე ქარხანას ააშენებს – Apple- მისი მთავარი კლიენტი იქნება 

გასული წლის ერთ-ერთი უმთავრესი ტექნოლოგიური მოვლენა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას, ამერიკულ Apple-ს უკავშირდება, რომელიც ამიერიდან საკუთარ მოწყობილობებში ამერიკული წარმოების მიკროჩიპებს გამოიყენებს, – ამის შესახებ Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადეს, რომელიც შტატ არიზონის ქალაქ ფინიქსში, TSMC-ის უახლესი ქარხნის გახსნაზე გაიმართა.

„ტიმ კუკი დაგიდასტურებთ, რომ ეს მიკროჩიპები iPhone-ებსა და MacBook-ებში იქნება გამოყენებული, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. – თავის დროზე, მძლავრი მიკროჩიპების შესყიდვა Apple-ს საზღვარგარეთ უწევდა, მაგრამ ახლა კომპანიის მიწოდების ჯაჭვის დიდი ნაწილი სახლში იქნება“.

ჯო ბაიდენის განცხადების პათოსს გამოეხმაურა ტიმ კუკიც: „პროგრესმა, რომელსაც Apple Silicon-ის შექმნით მივაღწიეთ, ჩვენი მოწყობილობები შეცვალა. დაფიქრდით, რა შეუძლია მიკროჩიპების ტექნოლოგიას – ეს შესანიშნავია. ახლა კი, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, ამ მიკროჩიპებს ამაყად დაეწერება, რომ ისინი ამერიკაში არის წარმოებული“.

ფოტო: Reuters

თავისთავად ცხადია, რომ TSMC-ის უახლესი ქარხნის უმსხვილეს კლიენტებს შორის სხვა ამერიკული გიგანტებიც არიან, მათ შორის AMD-ი და Nvidia – მათთვის, ისევე როგორც Apple-ისთვის, ამერიკაში TSMC-ის ქარხნის გახსნა მიწოდების ჯაჭვის გამართულობას ნიშნავს. როგორც ჩანს, მიკროჩიპების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, ტაივანური TSMC-ი ერთ ქარხანაზე შეჩერებას არ აპირებს – მომავალი წლისთვის კომპანიამ შტატ არიზონაში მიკროჩიპების მეორე ქარხნის მშენებლობის დაწყება დააანონსა.

TSMC-ის მეორე ქარხნის მიმართ ინტერესი ზემოხსენებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა უკვე დაადასტურეს. „TSMC-ი გლობალური პლატფორმაა, რომელზეც მსოფლიოს ტექნოლოგიური ინდუსტრია დგას, – განაცხადა Nvidia-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯენსენ ჰუანგმა. – ამერიკის შეერთებულ შტატებში TSMC-ის ინვესტიციის მოზიდვა ბრწყინვალე ნაბიჯია, რომელიც ინდუსტრიას სამუდამოდ შეცვლის“.

ფინიქსში მდებარე უახლეს ქარხანაში მიკროჩიპების წარმოება 2024 წლიდან დაიწყება – ტაივანური გიგანტის პირველი საწარმოო ხაზი უმეტესწილად 4-ნანომეტრიანი პროცესორების წარმოებით დაიტვირთება, ხოლო მეორე ქარხანა, რომელიც 2026 წლიდან ამუშავდება, 3-ნანომეტრიან პროცესორებზე იქნება ფოკუსირებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ დღეს წარმოებულ მიკროჩიპებს შორის 3-ნანომეტრიანი პროცესორი ზომით ყველაზე მცირე და აგებულებით ყველაზე კომპლექსური მოწყობილობაა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 3-ნანომეტრიანი და 4-ნანომეტრიანი მიკროჩიპები, რომელთა წარმოება TSMC-ის ამერიკულ ქარხნებში იგეგმება, გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე ისინი, რომელთაც ტექნოლოგიური კომპანიები დღეს იყენებენ. A16-ტიპის და M2-ტიპის პროცესორები, რომლებიც iPhone 14-ის Pro-მოდელებში და MacBook-ებში გამოიყენება 5-ნანომეტრიან არქიტექტურას ეფუძნება, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ მანამ, სანამ აშშ-ში მძლავრი მიკროჩიპების წარმოება დაიწყება, TSMC-ის ტაივანური ქარხანა 2-ნანომეტრიანი არქიტექტურის მქონე მიკროჩიპების წარმოებაზე გადაერთვება – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ Nikkei Asia-ს ანალიტიკოსები.

აღსანიშნავია, რომ მიკროჩიპების ტაივანური მწარმოებლის მიერ არიზონაში ქარხნის გახსნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიწოდების ჯაჭვის კუთხით, არამედ ფინანსურადაც – ფინიქსში ორი ქარხნის ასაშენებლად TSMC-ი $40 მილიარდს გამოყოფს, რაც ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა აშშ-ის ისტორიაში, რომელიც წარმოების მიმართულებით განხორციელდა. საერთო ჯამში, 2026 წლისთვის, არიზონის ორ ქარხანაში ექვსასი ათასი ფუძეშრის წარმოება იგეგმება – ოფიციალურ თეთრ სახლს თუ დავუჯერებთ, აღნიშნული რიცხვი საკმარისი იქნება მძლავრ მიკროჩიპებზე ამერიკაში არსებული მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

TSMC-ის მიკროჩიპების ქარხნის ამერიკის შეერთებულ შტატებში აშენება შემთხვევითი არ არის – ეს პანდემიის დროს მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში დაწყებული შეფერხებებით გამოწვეული ტენდენციის ერთი მაგალითია. დღეს მიკროჩიპების გლობალური მიწოდების 90% აზიაზე მოდის, დარჩენილი ნაწილი კი – ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში, რომელიც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოა, კოვიდის მიმართ დღესაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებს, ამერიკულმა კომპანიებმა მიკროჩიპების წარმოება, ნაწილობრივ, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გადაიტანეს.

ფოტო: Christina Estes/KJZZ

ამ ტენდენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი – მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. პოტენციური შეფერხებების თავიდან ასარიდებლად, ბოლო წლებში Apple-მა iPhone-ების წარმოება ნაწილობრივ ინდოეთში, ხოლო MacBook-ებისა და Apple Watch-ების წარმოება ვიეტნამში გადაიტანა. ცნობისთვის გეტყვით, რომ მიკროჩიპების დეფიციტის გამო, Apple-მა $6 მილიარდით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში TSMC-ის ქარხნის გახსნა არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკული გიგანტის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის, iPhone-ის წარმოება სრულად აშშ-ში გადმოვა, მაგრამ არიზონაში მდებარე ქარხანა (და რამდენიმე წელიწადში – ქარხნები) კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მიკროჩიპების წარმოების ქვეყანაში გადმოტანით ამერიკელი პოლიტიკოსებიც განსაკუთრებით არიან დაინტერესებულნი, რაც ბუნებრივიცაა, თუ ამ გადაწყვეტილების ფინანსურ და პოლიტიკურ გავლენებს გავითვალისწინებთ. ამერიკელი კანონმდებლების ეს სურვილი „ჩიპებისა და მეცნიერების აქტში“ გადაითარგმნა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა გასული წლის აგვისტოში მოაწერა. აღნიშნული აქტი, რომელზეც ამ რუბრიკის ფარგლებში არაერთხელ დაგვიწერია, კომპანიებისთვის $52 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს – პროგრამა „ჩიპები ამერიკისთვის“, რომელიც ამ თანხების გაცემაზე არის პასუხისმგებელი, მომავალ წელს ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *