საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საწარმოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ზრდა დაფიქსირდა ბიზნესის სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელშიც. გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის ღირებულებამ 21.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეოთხე კვარტალის შედეგებზე 7%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4% მსხვილ ბიზნესზე, 15% – საშუალოზე, ხოლო 20.7% მცირე ბიზნესზე მოდის. პროდუქციის წარმოების მაჩვენებლების განაწილებაც ბრუნვის მოცულობის განაწილების მსგავსია.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 30.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასული წლის მეოთხე კვარტალში 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა. დასაქმების მაჩვენებელში გასულ წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. დასაქმებულთა გენდერული განაწილება კი შემდეგნაირია: 42.6% – ქალი, 57.4% – კაცი.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის ყველაზე დიდი, 41.5%-იანი წილი მსხვილ ბიზნესზე, ყველაზე ცოტა – 21.3%-იანი წილი კი საშუალო ბიზნესზე მოდის. მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2,196 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით ყველაზე მაღალ საშუალო თვიურ ხელფასებს საშუალო ბიზნესები გასცემენ და ის 2,538 ლარს შეადგენს. მცირე ბიზნესში დასაქმებულთათვის ეს რიცხვი – 1,899, მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთათვის კი 2,250 ლარია.
დატოვე კომენტარი