საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის 2023 წელი გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა, დაწყებული რეგულირების ახალი სექტორით, დასრულებული რეგიონში ენერგიაზე გაზრდილი ფასებით. პარალელურად, ეს იყო გამორჩეული პერიოდი განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით და ელექტროენერგიის ექსპორტის მიმართულებით. FORBES GEORGIA-სთან 2023 წელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეაჯამა.
როგორ შეაფასებთ 2023 წელს სემეკის თავმჯდომარის პოზიციიდან?
2023 წელი, ისევე როგორც წინა წლები, სემეკისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. მიმდინარე წელს კომისიამ დაასრულა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მეორადი კანონმდებლობის შემუშავება და დამტკიცება. მათ შორის, ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული ყველა მარეგულირებელი აქტი თუ ნორმა, რაც ევროდირექტივებიდან გამომდინარეობდა, კომისიამ უკვე შეასრულა. მივიღეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი დოკუმენტი.
მიმდინარე წელი სხვა წლებისგან განსხვავებულია იმითაც, რომ კომისიას რეგულირების ახალი სფერო დაემატა, ეს არის მელიორაციის სექტორი. ჩვენ მიერ მომზადდა საირიგაციო წყლის მიწოდება-მოხმარების წესები და დამტკიცდა საკმაოდ დეტალური დოკუმენტი. ამასთანავე, კომისიამ შეიმუშავა მელიორაციის სექტორში ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია და სპეციალური წესი. ამ პროცესში მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს მელიორაციის კომპანიასთან, ისევე როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
რა იყო 2023 წელს კომისიის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები? როგორ შეძლო მან ამ გამოწვევებთან გამკლავება?
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყოველთვის არის ენერგიის შესყიდვის ფასები და მათი გავ – ლენა და ზეწოლა ტარიფებზე. აქედან გამომდი – ნარე, კომისია ყოველთვის ცდილობს ამ გავ – ლენის შემცირებას, რისთვისაც იაფ რესურსებს ეძებს. ამდენად, 2023 წელს სემეკი არ დამდგარა ტარიფების გაზრდის აუცილებლობის წინაშე. ეს განაპირობა სავალუტო კურსის სტაბილურობამ, გარდა ამისა, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ რადგან ჩვენს რეგიონში ელექტრო ენერგია ძვირი ღირდა, მთავრობამ გადაწყვიტა, შემოეტანა გაზი აზერბაიჯანიდან და თბოსადგურების მეშვეობით, უფრო იაფი დანახარჯებით გამო ემუშავებინა იგი. ამიტომაც, 2023 წელს იმპორტზე დამოკიდებულება ელექტროენერგიის ნაწილში პრაქტიკულად შემცირდა.
მეორე გამოწვევა, ეს იყო ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ამ შემთხვევაშიც კომისიამ მარეგულირებელი წესები, ნორმები, ბაზრის მონიტორინგის ინსტრუმენტები ზედმიწევნით შეიმუშავა და დაამტკიცა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს ერთერთი მთავარი გამოწვევა რეგიონში ელექტროენერგიაზე მაღალი ფასები იყო, რაც რუსეთუკრაინის ომმა განაპირობა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრის გახსნა გადაედო.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის შესახებ ზემოთაც ვისაუბრეთ, ეს არის ახალი სექტორის რეგულირება, ვგულისხმობ მელიორაციის სექტორს. ამ შემთხვევაში კომისია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას სწავლობს, გარდა ამისა, მსოფლიო ბანკთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, ისევე როგორც საქართველოს მელიორაციის კომპანიასთან. შედეგად, ჩვენ მიერ მომზადდა ამ გამოწვევის ადეკვატური, დეტალური და გამჭვირვალე მარეგულირებელი წესები და ნორმები, რომლებიც კომისიის მიერ დამტკიცდა.
გვიამბეთ ძალისხმევის შესახებ, რომელიც სემეკმა განახლებადი ენერგიისა და მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით წლის განმავლობაში განახორციელა. რა ღონისძიებები გატარდა განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების წასახალისებლად?
განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით 2023 წელი განსხვავებული და გამორჩეული წელია. სემეკმა თავის დროზე მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც ნეტო აღრიცხვის სისტემის კიდევ უფრო განვითარება გამოიწვია. ამაზე მეტყველებს ის, რომ წელს დამონტაჟებული მზის პანელები და, შესაბამისად, ქსელში დამატებით ჩართული სიმძლავრეები ყველა სხვა წლების მაჩვენებელს აღემატება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პროცედურებია ძალიან მარტივი, მეორე მხრივ, ბაზარზე შემცირდა მზის პანელების საშუალო ფასი, აქედან გამომდინარე, მის მიმართ ინტერესი და მიმზიდველობა უფრო გაიზარდა.
დამატებითი სიმძლავრეების თვალსაზრისით 2023 წელი, ყველა სხვა წელთან შედარებით, გამორჩეული იყო ჰიდროენერგეტიკაშიც. იმავეს თქმა შეიძლება ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებთან მიმართებითაც.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ, საკუთრივ მთავრობა მუშაობდა აქტიურად განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის მიმართულებით. გასული წლის დეკემბერში მან 300 მეგავატ ენერგიაზე გამოაცხადა აუქციონები. აქედან 150 მეგავატი – ჰიდროენერგიის, 70 – ქარის, 70 – მზის და 10 მეგავატი სხვა დანარჩენი წყაროების განვითარებისთვის. გაფორმდა მემორანდუმები და კონტრაქტები გამარჯვებულ კომპანიებთან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დამტკიცდა ე.წ. ფასთაშორის სხვაობის მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორი ყოველთვის დაზღვეულია. ის დარწმუნებულია, რომ თანხას, რომლითაც მან აუქციონი მოიგო, ყოველ გამომუშავებულ კილოვატ- -საათ ენერგიაზე მიიღებს. თუ ბაზრის ფასი უფრო ნაკლები იქნება, ამ სხვაობას მთავრობა შეუვსებს. განახლებადი ენერგიის ახალი ობიექტების აშენებისა და პროექტების ფისკალური მდგრადობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.
რა ღონისძიებები გატარდა მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ენერგიისა და წყლის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად?
კომისია მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რომ ენერგიის მიწოდება იყოს საიმედო, უსაფრთხო და უწყვეტი. შესაბამისად, ენერგოკომპანიებს, როგორიც არის „თელასი“ და „ენერგოპრო“, მოვთხოვეთ ქსელში უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება. მათ შორის, მოძველებული ქსელის გამოცვლა, ტრანსფორმატორების მოდერნიზაცია და ა.შ., რამაც, წლის ბოლოსთვის, ქსელში ავარიების შემთხვევების შემცირება უნდა უზრუნველყოს. ეს ინვესტიციები კომისიის მიერ წლის ბოლოსთვის იქნება შეთანხმებული, მომდევნო წლიდან კი დაიწყება პროექტების განხორციელება, რომლებმაც ქსელის საიმედოობა და უსაფრთხოება უნდა გაზარდოს.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გამანაწილებელი კომპანიები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ საცხოვრებელი სახლები უფრო მეტად უსაფრთხო იყოს. მათ შორის, ენერგოომბუდსმენი ყოველთვის მოუწოდებს მოსახლეობას, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ავტორიზებულ პირებს ან გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შეამოწმებინონ მოწყობილობები და შიდა ქსელი, რომ გაჟონვა არ მოხდეს.
რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, აქ ასევე უფრო მეტი და უსაფრთხო მიწოდების კუთხით, კომისია ამჟამად იხილავს წარმოდგენილ ახალ საინვესტიციო გეგმას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერისთვის“ და „რუსთავის წყლისთვის“. ჯერ კიდევ გასული წლის მეორე ნახევარში დავავალეთ „რუსთავის წყალს“, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედო ქსელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ვინაიდან ხშირი იყო ავარიები. ეს სამუშაოები წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მონიტორინგის მიზნით რამდენჯერმე ადგილზეც ვიმყოფებოდით.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისს წყალმომარაგების სექტორის გაზრდილი საინვესტიციო გეგმა მომდევნო წლიდან ექნება. მიზანი – ავარიების გამომწვევი მიზეზების მინიმუმამდე დაყვანაა.
რა გაკეთდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად?
წლის განმავლობაში კომისია აქტიურად მუშაობდა ელექტრონული სერვისების განვითარებასა და მათი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამისთვის იუსტიციის სახლთან და კომუნიკაციების კომპანიებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. შესაბამისად, ამ თანამშრომლობის ფარგლებში დამატებითი ელექტრონული მომსახურებები დაემატა როგორც იუსტიციის სახლს, ასევე იმ ელექტრონულ სერვისს, რომელიც ჩვენ *303#-ის სახით დავნერგეთ.
კომისია ასევე ძალიან აქტიურად მუშაობდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. საკმაოდ ბევრი განცხადება, რომლებიც ჩვენთან შემოვიდა კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კომისიამ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ნაწილი შემოსული საჩივრებისა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გვარდება, ასე ვთქვათ, უფრო რთული ქეისების შემთხვევაში კომისია მათ საჯარო სხდომაზე განიხილავს, უსმენს მხარეებს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს. უნდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა განცხადება, რომლებიც კომისიაში წელს შემოვიდა, რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.
რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით? რა ღონისძიებები გატარდა 2023 წელს მის გასაზრდელად და რა გეგმები გაქვთ აღნიშნული მიმართულებით მომავალი წლისთვის?
ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია ის ახალი ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდება, ასევე ხელშემწყობი მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც გენერაციის უფრო მეტი ობიექტი შეიქმნება ქვეყანაში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს უფრო მეტი ექსპორტი განხორციელდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის თურქეთში და ნაწილობრივ სომხეთში. შედეგად, ენერგოკომპანიებმა მიიღეს მეტი შემოსავალი და მათ საშუალება მიეცათ, ამ შემოსავლით დამატებით სხვა პროექტები განახორციელონ, იმავე ჰიდრონაგებობების თუ სხვა ობიექტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს, საბოლოო ჯაში, რა თქმა უნდა, გამომუშავებაზე აისახება.
რა ტენდენციები გამოიკვეთა 2023 წელს ენერგეტიკის სექტორში გენერაციისა და მოხმარების კუთხით? რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული მიმართულებით 2024 წლისთვის?
ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაზრდილია ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი გენერაციის მეტი ობიექტი შეიქმნას, რათა მოთხოვნა ადგილზევე დაკმაყოფილდეს. როდესაც 2023 წელს შევაჯამებთ, ამ კუთხით ზრდა გენერაციის ნაწილშიც აუცილებლად გვექნება. წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ადგილობრივი რესურსებით დაკმაყოფილების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზრდება.
აღნიშნულის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ჰესი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში, წლის ბოლომდე კიდევ ახალი სიმძლავრეების დამატებაა დაგეგმილი. ამასთანავე, ნეტო აღრიცხვის კუთხით, მხოლოდ წელს 15 მეგავატზე მეტი დამატებითი მწვანე ენერგია მივიღეთ. აქედან გამომდინარე, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით წელს აუცილებლად გაუმჯობესდება.
როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ენერგოტარიფები ყოველთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა – წინასწარი შეფასებით, უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ წელს მათ მნიშვნელოვან ცვლილებას?
ჩვენ ბუნებრივ გაზზე გასული წლის ბოლოს ხუთწლიანი ტარიფი დავადგინეთ, ისევე როგორც 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ამ დადგენილებას მივყვებით და 2024 წელს არც ელექტროენერგიასა და არც ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა არ იგეგმება.
დაბოლოს, რა არის სემეკის მთავარი პრიორიტეტები 2024 წლისთვის?
2024 წლისთვის კომისიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები იქნება ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის ეტაპობრივი იმპლემენტაცია საქართველოში, ისევე როგორც მელიორაციის სექტორის რეგულირების დამატებითი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემუშავება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამ კუთხით კომისიის მხრიდან მონიტორინგი გაძლიერდება. გარდა ამისა, იგეგმება ელექტრონული სერვისების კიდევ უფრო დახვეწა და ახალი მომსახურებების შეთავაზება.
ამასთანავე, 2022 წელს დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის აქტივობები უფრო გაიზრდება და მეტი მსმენელი გადამზადდება. გარდა ამისა, ცენტრი ანალიტიკური ფუნქციითაც მეტად დაიტვირთება. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სასწავლო კურსში ჩართვით დაინტერესება ძალიან მაღალია, რასაც კომისია ადეკვატურად უპასუხებს. შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორში განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც მომავალ წელს კომისია საკმაოდ აქტიური იქნება.
S
დატოვე კომენტარი